აპრაკოსი

აპრაკოსილიტურგიკული წიგნი, რომელშიც შედის გამოკრებილი მუხლები ახალი აღთქმიდან. იკითხება მთელი წლის განმავლობაში. აპრაკოსში მუხლებისა და პასაჟების მიმდევრობა არ მისდევს ბიბლიის კანონიკურ რიგს და ეკლექტურად არის შერჩეული თითოეული დღის საკითხავს.

ბერძნ. πράξ - „საქმე“, απόστολος - „მოციქული“; πραξαπόστολος იგივეა, რაც „საქმე მოციქულთა“.

„საქმე მოციქულთას“ შემოკლებულ — πράξ-ის გენეტივის ფორმას — წინ დაერთვის უარყოფითი ენკლიტიკური ნიშანი, რაც იმას მიუთითებს, რომ წინამდებარე საკითხავი „საქმენი“ არ არის, არამედ რაღაც სხვაა, „მოციქულთას “ გარდა“[1].

ბერძნული წარმოშობის მიუხედავად ტერმინი სლავურ სივრცეშია შექმნილი. შუასაუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ სივრცეში ტერმინი „აპრაკოსი“ არ გვხვდება. ქართულში ამ საკითხავების სახელდება როგორც შინაარსმა, ისე ფუნქციამ განსაზღვრა და მოიხსენიება, როგორც „სამოციქულო გამოკრებული “ და „სახარება საწელიწდო გამოკრებული.[2]“ არსებობს მეორე, განსხვავებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც აპრაკოსი მომდინარეობს სიტყვიდან άπρακτος (άπρακτος εβδομάς - ძვ. დიდმარხვის ბოლო კვირა, როცა არ არის მიზანშეწონილი საქმის კეთება. შესაბამისად აქედან: πράξ — საქმე და უარყოფის ენკლიტ. ნიშანი α-). სემანტიკურად მიანიშნებს „კვირაზე“ (ვნების კვირას[3]). ერთმანეთისგან სხვაობს აპრაკოსი სახარებები და სრული აპრაკოსები. აპრაკოსი სახარება მხოლოდ ოთხთავის ტექსტს შეიცავს, ხოლო სრული აპრაკოსი როგორც ოთხთავის, ისე ახალი აღთქმის სხვა წიგნებსაც („საქმე მოციქულთასა“ და „აპოკალიპსისის“ გამოკლებით).

„შინაარსის გარდა, აპრაკოსები ერთმანეთისგან სხვაობს მოცულობითაც. მოკლე აპრაკოსები შეიცავს საკითხავებს მხოლოდ შაბათ-კვირისთვის, ხოლო სრული აპრაკოსები - კვირის მთელ პერიოდს წლიურ ციკლს უზრუნველყოფს. ამათ გარდა, გამოიყოფა სადღესასწაულო, რომელიც დამატებითი საკითხავის ფუნქციას ასრულებს პერიოდულად“[4].

X საუკუნიდან ლექციონარული საკითხავები ორად იყოფა: ერთ ნაწილში შედის ახალი აღთქმის გამოკრებილი ტექსტები: უმეტესად სახარებიდან და ნაკლებად — სამოციქულოდან. ასეთ საკითხავებს ბიზანტიურ სივრცეში „აპრაკოსები“ ეწოდა, ძველი აღთქმის საკითხავებს – „პროფიტოლოგიონები“, (იგივეა რაც „საწინასწარმეტყველონი“) და „პარიმიონები“.

  1. გაბიძაშვილი ე., ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, (ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია), თბილისი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გამომცემლობა, 2011, ტომი V, გვ. 215.
  2. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება,“ 1980, ტომი I, გვ. 578.
  3. Алексеев А., Текстология славянской библии, С.-Петербург, 1999,  с. 13.
  4. ცხვედაძე ს., ლახუშტის აპრაკოსი და მისი ადგილი ლიტურგიკულ პრაქტიკაში, თბილისი, 2017 წ., გვ. 10.