დემო თამაში, სადემონტრაციო ვიდეო თამაში (ინგლ. Game demo) — ვიდეო თამაშის ვერსია, რომელიც ემსახურება მის დემონსტრაციასა და რეკლამას და ვრცელდება უფასოდ. გამოიცემა თამაშის გამოშვებამდე ან გამოშვების შემდეგ, რათა მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნას მის გეიმპლეისა და შიგთავსზე, ხოლო შემდეგ თავად გადაწყვიტოს შეიძინოს თუ არა პროდუქტი. დემო თამაშს ორიგინალისგან განასხვავებს ის გარემოება, რომ მოიცავს არა სრულ თამაშს, არამედ გარკვეულ მონაკვეთს. თუმცა ზოგიერთი დეველოპერი თავს იკავებს მის შექმნაზე, დამატებითი რესურსებისა და დროის უქონლობის გამო.
სადემონსტრაციო ვერსიების გამოშვებას საფუძველი ჩაეყარა 1990-იანი წლებში და ვრცელდებოდა სხვადასხვა გზებით, მათ შორის ინტერნეტითა და სათამაშო ჟურნალების მეშვეობით (ჟურნალს თან ახლდა დემო თამაში, რომელიც განთავსებული იყო CD დისკზე). ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა დემო ვერსიის გავრცელება ციფრული დისტრიბუციის პლატფორმების მეშვეობით — Xbox Live, PlayStation Network, Steam და სხვა მრავალი. ასევე შესაძლებელია, რომ დემო ბონუსის სახით თან მოჰყვებოდეს სხვადასხვა კომპიუტერულ აპარატურას ან აქსესუარს, მაგალითად, სათამაშო კონსოლს, ვიდეო ბარათს და ა.შ.
დემო ვერსია არის სრულფასოვანი ვიდეო თამაში, რომელიც მოიცავს იმავე საბაზო მახასიათებლებს, (თამაშის ძრავა, გეიმპლეი), რასაც ორიგინალი კომერციული თამაში. ერთადერთი განსხვავება არის, ის რომ დემო მოიცავს თამაშის გარკვეულ მცირე მონაკვეთს. ის შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ერთმოთამაშიან ან მრავალმოთამაშიან რეჟიმს, ან კიდევ ორივეს ერთად.
არსებობს დემო ვერსიის ორი ტიპი: სათამაშო და არასათამაშო. პირველი არის სრულფასოვანი თამაში, სადაც მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს და მართოს პერსონაჟი, ხოლო მეორე მოიცავს ინტერაქტიულ მედიას, გარკვეული ტიპის ტრეილერებს, ვიდეორგოლებს და ა.შ. სადაც მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ თვალყური ადევნოს განთავსებულ კონტეტნტს, თუმცა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მასზე. ამგვარი ტიპის ვერსიებს ძირითად დეველოპერები წარადგენენ სხვადასხვა სათამაშო გამოფენებზე, მათ შორის E3-სა და Gamescom-ზე.
ზოგიერთი დეველოპერი უარს ამბობს თავისი პროდუქტის სადემონსტრაციო ვერსიის შექმნაზე, რაც განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. მაგალითად, კომპანია Vigil Games-მა უარი განაცხადა „Darksiders-ის გამოშვებაზე საკმარისი რესურსების უკმარისობის გამო.[1] ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „Gears Of War 2“-ის დეველოპერებმა.[2]
2010 წელს კომპანია Cryteck-ის თავკაცმა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა თავისი აზრი სადემონსტრაციო ვერსიაზე: „დემო თამაშის შემუშავება და გამოცემა არის ფუფუნება სათამაშო ინდუსტრიაში, თუმცა უახლოეს მომავალში მისი რაოდენობა დაიკლებს და საერთოდ ვეღარ ვიხილავთ, რადგანაც შექმნას სჭირდება უამრავი ფული და დრო“.[3]