ვირჯილიო კორბო (იტალ. Virgilio Canio Corbo; დ. 8 ივლისი[1], 1918, ავილიანო, იტალია — გ. 6 დეკემბერი, 1991, კაპერნაუმი, ისრაელი) — იტალიელი ფრანცისკანელი ღვთისმსახური და არქეოლოგიის პროფესორი იერუსალიმის Studium Biblicum Franciscanum-ში.
ვირჯილიო კორბო დაიბადა 1918 წლის 8 ივლისს იტალიის პოტენცის პროვინციის ქალაქ ავილიანოში. პალესტინაში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩამოვიდა. 1988 წელს მას წმინდა მიწაზე ყოფნის 50 წელი შეუსრულდა. რომში უმაღლესი განათლება მიიღო სპეციალობით ქრისტიანული აღმოსავლეთმცოდნეობა, რის შემდეგადაც მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფრანცისკანულ სემინარიაში და იერუსალიმის ფრანცისკალურ ბიბლიურ სკოლაში. კორბოს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წმინდა მიწაზე მრავალი ადგილის არქეოლოგიური გათხრები: მეცხვარეთა სადგომი ბეთლემთან (1946-1954), ამაღლების ადგილი ზეთისხილის მთაზე (1959), „იროდიუმი“, იროდი დიდის სასახლე და მავზოლეუმი (1962-1967), იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ადგილი, მკვდარი ზღვის პირას მდებარე იროდი მეფის სასახლე (1967-1981), ბიზანტიური ბაზილიკა და მონასტერი ნებოს მთაზე იორდანიაში. ბირ ელ-ყუტის ქართული მონასტრის ფრაგმენტები და წარწერები, ბიზანტიური ბაზილიკა და მონასტერი ნებოს მთაზე იორდანიაში, ქრისტეს საფლავის ეკლესია, ძველი ქალაქი მაგდალინა.
ვირჯილიო კორბოს სახელი განსაკუთრებით დაუკავშირდა ორ წმინდა ადგილს წმინდა მიწაზე: უფლის საფლავი და იესოს ქალაქი. კაპერნაუმში კორბომ დაჰყო უკანასკნელი 23 წელი თავის განუყრელ ფრანცისკანელ მეგობართან სტანისლაო ლოფრედთან ერთად. მათ ერთად გათხარეს სოფელი და სინაგოგა. ქრისტეს პერიოდის სინაგოგის კვალი მიკვლეული იქნა დიდი სინაგოგის საძირკველში. ასევე რაც ყველაზე მთავარია აღმოჩენილ იქნა წმინდა პეტრეს სახლი, სადაც ცხოვრობდა ქრისტე როგორც ოჯახის წევრი. აღნიშნული სახლი იყო პირველი და ყველაზე დიდი თაყვანისცემის ადგილი ადგილობრივი ებრაელი ქრისტიანებისათვის.
ვირჯილიო კორბო გარდაიცვალა 1991 წლის 6 დეკემბერს, მძმე ავადმყოფობის დადგენიდან ხუთი თვის თავზე.