იემენის დემოგრაფია მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.
2021 წლის მონაცემებით, იემენის მოსახლეობა 33 მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის 46% 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 2.7% ― 65 წელზე გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფს. 1950 წელს იემენის მოსახლეობა 4.3 მილიონ ადამიანს უტოლდებოდა,[1][2] ხოლო პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის მოსახლეობა 60 მილიონს მიაღწევს.[3]
იემენელთა უმრავლესობას არაბები შეადგენენ.[4] დიდი ნაწილი ტომებად ცხობრობს.[5] ჩრდილოეთში, ქვეყნის მთიან ნაწილში, ზაიდიტების დაახლოებით 400-მდე ტომია.[6] ურბანულ ტერიტორიებზე, მაგალითა, ალ-ახდამში, დღემდე შემორჩენილია მემკვიდრეობითი კასტური ჯგუფებიც.[7]
იემენის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არაბები ჭარბობენ. სომალის ნახევარკუნძულიდან, სამხრეთ აზიიდან და ევროპიდან ჩამოსული ადამიანები უმცირესობას შეადგენენ. წარსულში იემენი ებრაული დიასპორის სამკვიდროსაც წარმოადგენდა.[8]
ემენის ოფიციალური ენაა არაბული ენა. ოფიციალურ და ბიზნეს წრეებში აქტიურად გამოიყენება ინგლისური ენა.[9] მაჰრის ტერიტორიაზე (უკიდურესი აღმოსავლეთი) რამდენიმე არაარაბულ ენაზე (მათ შორის, მეჰრიზე) საუბრობენ.[10] ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას უმცირესობის წარმომადგენელთა ნაწილი სხვაგან გადასახლდა.[10]
იემენის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისლამის ორ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. მოსახლეობის 55% სუნიტია, ხოლო 44.5% ― შიიტი. ზოგიერთი წყაროს თანახმად, შიიტების წილი 40%-ს უტოლდება.[9][12][13] სუნიტები მეტწილად შაფის სკოლის მიმდევრები არიან. საკმაოდ დიდი რაოდენობით მიმდევარი ჰყავს ალიქისა და ჰანბალის სკოლებსაც. შიიტები მეტწილად ზაიდიტები არიან. მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენენ თორმეტი იმამისა[14][15] და ისმაილიზმის მიმდევრები.[14]
ზაიდიტები ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლობენ, ხოლო შაფის სკოლის მიმდევრები იემენის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.[10] იემენში მცირე რაოდენობით ქრისტიანები და ებრაელები ცხოვრობენ.[9]
იემენის კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას. კონსტიტუციის თანახმად, იემენის სახელმწიფო რელიგია ისლამია და კანონმდებლობის წყარო შარიათია. მუსლიმებსაც და სხვა რელიგიების მიმდევრებსაც საკუთარი რწმენის შესაბამისად ღვთისმსახურების უფლება აქვთ, მაგრამ მთავრობა კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე გადასვლას ან რელიგიის შეცვლაზე სხვა ადამიანების დაყოლიებას (პროსელიტიზმი).
მსოფლიო ბანკის 2005 წლის მონაცემების მიხედვით, მამრობითი სქესის ზრდასრული მოსახლეობის 73%-მა იცის წერა-კითხვა, ხოლო მდედრობითი სქესის მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს. 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის საშუალო მაჩვენებელი 54%-ს უტოლდება. შედარებისთვის, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, ზრდასრულ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის დონე 62%-ს უტოლდება.[9]
2006 წელს სასკოლო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 75% ირიცხებოდა დაწყებით სკოლებში. მდედრობითი სქესის მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო და 65%-ს შეადგენდა. ამავე წლის მონაცემებით, საშუალო სკოლის ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 37% ირიცხებოდა შესაბამის საფეხურზე, ხოლო ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 26%-ს უდრიდა.[9]
2006 წელს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, იემენი 150-ე ადგილზე იყო 177 სახელმწიფოს შორის, ხოლო გენდერული განვითარების ინდექსის მიხედვით, 121-ე ადგილზე 140 ქვეყანას შორის.[16]
იემენის დიასპორა მეტწილად გაერთიანებულ სამეფოშია კონცენტრირებული, სადაც 70 000-80 000 იემენელი ცხოვრობს. 20 000-ზე მეტი იემენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ხოლო 2 812 იემენელი ― იტალიაში. იემენელები ასევე ცხოვრობენ საუდის არაბეთში, ყატარში, ბაჰრეინში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, ბრუნეისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იემენური წარმოშობის მქონე ადამიანების მცირე ნაწილი დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობს. 350 000 იემენელი ებრაელი ისრაელში ცხოვრობს.