ინდოეთი და მალდივის კუნძულები საზღვაო მეზობლები არიან.[1][2] ინდოეთი აგრძელებს კუნძულის უსაფრთხოების ხელშეწყობას და ფინანსურ მხარდაჭერას.[2][3][4]
ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა მალდივის კუნძულების პრეზიდენტის, მუჰამედ მუიზუს მიერ „India-Out“ (ინდოეთის გარეშე) კამპანიის დაწყების შემდეგ. მალდივის კუნძულები კავშირებს აღრმავებს ჩინეთთან. უახლეს შემთხვევებს შორისაა მალდივის მინისტრების მიერ ლაქშადვიპის კუნძულებზე შენიშვნები და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიერ დაძაბულობებზე ხაზგასმა.
ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის წევრია. ინდოეთის უმაღლესი კომისარი მალეშია, ხოლო მალდივის კუნძულების ― ნიუ-დელიში.
მალდივის კუნძულები ლაქშადვიპის კუნძულების სამხრეთ ნაწილში, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ბრიტანეთის იმპერიისგან მალდივის კუნძულების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1966 წელს დამყარდა.[1] ინდოეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც მალდივის კუნძულების დამოუკიდებლობა ცნო.[5] მას შემდეგ ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირებია. ინდოეთი მხარს უჭერს მალდივის კუნძულების პოლიტიკას რეგიონულ საკითხებში, ხოლო კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთთან მეგობრობას დახმარების წყაროდ და შრი-ლანკასთან საპირწონედ აღიქვამს, რომელიც კუნძულთან და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ახლოს მდებარეობს.[2]
1976 წელს სამხედრო საზღვრებთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ინდოეთმა და მალდივის კუნძულებმა საზღვაო სასაზღვრო ხელშეკრულება დადეს.[6] ხელშეკრულების თანახმად, კუნძული მინისოი ინდოეთის ფარგლებშია მოქცეული.[6] ორმა სახელმწიფოს საზღვაო საზღვარი 1976 წელს ოფიციალურად და მეგობრულად გადაწყვიტა.[2] მცირე დიპლომატიური ინციდენტი მოხდა 1982 წელს, როდესაც პრეზიდენტ მომუნ აბდულ გაიუმის ძმამ, აბდულა ჰამიდმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიმდებარე კუნძული მინისოი, რომელიც ინდეთის დაქვემდებარებაში იყო, მალდივის კუნძულების ნაწილს შეადგენდა. მალდივის კუნძულებმა სასწრაფოდ ოფიციალურად უარყო განცხადება, რომ ამ კუნძულზე უფლებებს ითხოვდა და განმარტა, რომ პრეზიდენტის ძმა მალდივის კუნძულებსა და მინისოის შორის კულტურულ კავშირებზე საუბრობდა.[2]
1981 წელს ინდოეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება დაიდო.[7] ორივე სახელმწიფო სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სამხრეთ აზიური ეკონომიკური კავშირის დამფუძნებელია. ინდოეთსაც და მალდივის კუნძულებსაც ხელი აქვთ მოწერილი სამხრეთ აზიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ინდოეთისა და მალდივის კუნძულების ლიდერებს შორის უმაღლესი დონის ვიზიტები ხორციელდება.[1]
ოპერაცია კაქტუსის წარმატებით დასრულების შემდეგ ინდოეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.[2][3] ინდოეთმა მალდივის კუნძულებს დიდი ეკონომიკური დახმარება გაუწია და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტელეკომუნიკაციისა და შრომითი რესურსების განვითარების ორმხრივ პროგრამებში მონაწილეობდა.[2][3] ინდოეთმა მალეში ინდირა განდის მემორიალური საავადმყოფო დააარსა, გააფართოვა სატელეკომუნიკაციო და საჰაერო კავშირები და მალდიველი სტუდენტებისთვის დაფინანსების პროგრამების რაოდენობა გაზარდა.[2] 2006 წელს ინდოეთიდან მალდივის კუნძულებში ექსპორტმა 384 კრორი რუპია შეადგინა, ხოლო იმპორტმა 6 კრორ რუპიაზე ცოტა.[7] ინდოეთის სახელმწიფო ბანკმა მალდივის კუნძულების ეკონომიკური განვითარებისთვის დახმარების სახით 500 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. ინდოეთი და მალდივის კუნძულები სათევზაო ადგილებისა და ტუნის წარმოების გასაფართოებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ.[7]
წელი | ინდოეთის ექსპორტი | ინდოეთის იმპორტი | საერთო მოცულობა | ინდოეთის სავაჭრო ბალანსი |
---|---|---|---|---|
2015 | 225.82 | 3.00 | 228.82 | 222.81 |
2016 | 274.55 | 1.55 | 276.10 | 273.00 |
2017 | 282.04 | 4.12 | 286.16 | 277.93 |
2018 | 286.13 | 3.01 | 289.14 | 283.12 |
2019 | 290.27 | 3.42 | 293.69 | 286.85 |
2020 | 242.82 | 3.33 | 246.15 | 239.49 |
2021 | 317.35 | 5.94 | 323.29 | 311.41 |
2022 (იან - აპრ) | 131.33 | 2.78 | 134.11 | 128.55 |
2006 წლის აპრილში ინდოეთის საზღვაო სამხედრო ძალებმა მალდივის კუნძულების ეროვნული თავდაცვის ძალების სანაპირო დაცვას 46 მეტრის სიგრძის ტრინკატის კლასის სწრაფმავალი შემტევი კრატერი აჩუქა.
ინდოეთი ცდილობს, მალდივის კუნძულები საკუთარი უშიშროების საზღვრებში მოაქციოს. ინდოეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც სხვა პირობებთან ერთად შემდეგ მუხლებსაც მოიცავს: ინდოეთის ორი ვერტმფრენის ყოფნა მალდივის კუნძულებზე, მონიტორინგისა და საფრთხეზე სწრაფი რეაგირების მიზნით; მალდივის კუნძულებს 26 ატოლიდან მხოლოდ ორზე აქვს სანაპირო რადარი. ინდოეთი კუნძულოვან სახელმწიფოს დაეხმარება ყველა ატოლზე რადარის მოწყობაში, რათ მიახლოებული გემებისა და თვითმფრინავებისთვის დაფარვის უწყვეტი ზონა უზრუნველყოს; მალდივის სანაპირო სარადარო სისტემა ინდოეთის სანაპირო რადარების სისტემასთან იქნება დაკავშირებული. ინდოეთმა უკვე დაიწყო პროექტი, რომელიც მის მთელ სანაპიროზე რადარების განთავსებას მოიცავს. ორი ქვეყნის რადარების ქსელი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული, ხოლო ინდოეთის სანაპირო ხელმძღვანელობის ცენტრალური საკონტროლო ოთახი რადარის უწყვეტ გამოსახულებას მიიღებს.[10]