მუცელგაყოფილი[1] (ლათ.Schizothorax) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული ლილვაკისებრია, სიგრძით ჩვეულებრივ 50–80 სმ, მასა 8 კგ-მდე. შეფერილობა სხვადასხვაა; ჭარბობს მორუხო-ყვითელი და ზეთისხილისფერ-მწვანე ტონები. მუცელგაყოფილთა უმრავლესობას ზურგის ფარფლის ბოლო დაუტოტაცი სხივი სუსტი ეკლის სახისაა და ოდნავ შესამჩნევი კბილაკები აქვს. ქერცლი წვრილია; დიდი ქერცლების რიგი (ნაპობი) გარს არტყავს კუდქვეშა ფარფლს და ანალურ ხვრელს. ხახის კბილები სამრიგოვანია. აქვთ ულვაშების ორი წყვილი. გვერდითი ხაზი სრულია. ყველაზე მეტად ცნობილია ჩვეულებრივი მუცელგაყოფილი (S. intermedius, ზოგიერთი წყაროთი S. curvifrons-ის სინონიმია[2]), შლამის მუცელგაყოფილი (S. pseudaksaiensis) და ბალხაშის მუცელგაყოფილი (S. argentatus). გავრცელებული არიან აზიის მტკნარ წყალსატევებში. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. სახეობების უმრავლესობა ყოვლისმჭამელია. მუცლის აპკი და ქვირითი დამარილებული სახით მომწამვლელია. ადგილობრივი რეწვის ობიექტებია.[3]
↑Arunkumar, L.; Alphonsa Moyon, W. (2016). „Schizothorax chivae, a new schizothoracid fish from Chindwin basin, Manipur, India (Teleostei: Cyprinidae)“. International Journal of Fauna and Biological Studies. 3 (2): 65–70.