პავონი (როგორც ადგილობრივები უწოდებენ კანდი პავონი) — ბუდისტური ტაძარი ინდონეზიაში, კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს ორ სხვა ბუდისტურ ტაძარს — ბორობუდურსა (1,75 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით) და მენდუტს (1,15 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით) შორის და მიიჩნევა, რომ მათთან ერთად VIII-IX საუკუნეებში საილენდრას დინასტიის დროს აშენდა.[1] როგორც მისი დეტალებიდან და ბარელიეფებიდან ჩანს, პავონი ბორობუდურზე ოდნავ ძველი უნდა იყოს.
სამივე ტაძარი ერთ სწორ ხაზზეა განლაგებული, რაც მათს ერთმანეთთან სიმბლოურ კავშირზე მიუთითებს.
„მენდუტსა და ბორობუდრუს შორის აღმართულია პავონის ტაძარი, იავური სატაძრო არქიტექტურის საგანძური. მეტად სავარაუდოა, რომ იგი გონების განწმენდას ემსახურებოდა მანამ, სანამ ძალაუფლებას ბორობუდური აიღებდა.“[2]
ამ ბუდისტური ტაძრის თავდაპირველი სახელწოდება უცნობია. იავურ ენაზე, პავონი „სამზარეულოს“ ნიშნავს, რაც სიტყვა ავუს (awu - მტვერი) ძირიდან მომდინარეობს. ეს სიტყვა ასევე იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ეს ტაძარი მეფეთა სამარხად ააგეს.[3] პავონი, სიტყვისგან პერ-ავუ-ან (Per-awu-an − ადგილი, სადაც მტვერია) — ტაძარი, სადაც ინახება მეფეთა კრემაციის შედეგად დარჩენილი მტვერი.
ჩვენს დროში, სავსემთვარეობისას მაისსა ან ივნისში, ინდონეზიელი ბუდისტები ასრულებენ ვესაკის ყოველწლიურ რიტუალს, რა დროსაც ისინი მენდუტიდან პავონის გავლით, ფეხით მიემართებიან ბორობუდურისკენ.[4]
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 592 ინგლ. • რუს. • ფრ. |
|