პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკას მსოფლიოში დიპლომატიური მისიების ფართო ქსელი აქვს. მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობით პაკისტანი მეორე ადგილზეა (ინდონეზიის შემდეგ) მსოფლიოში და ერთადერთი მუსლიმური სახელმწიფოა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.
პაკისტანს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. იგი მთავარ საზღვაო და სახმელეთო სატრანზიტო მარშრუტების გადაკვეთის დერეფანში მდებარეობს, რომლითაც ენერგორესურსებით მდიდარი ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიას უკავშირდება. პაკისტანს გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს, რამდენადაც ავღანეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ირანი მისი მეზობელი არიან. ქაშმირის კონფლიქტის გამო პაკისტანს დაძაბული ურთიერთობა აქვს ინდოეთთან. ახლო ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის სახელმიწფოებთან. აშშ-თან ურთიერთობები მერყეობს განსხვავებული ინტერესების ქონის გამო. პაკისტანი ისლამური თანამშროლობის ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.
პაკისტანსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთოებია 1960-იანი წლებიდან მოყოლებული სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში. ბრიტანელი მკვლევარი ნასერ ამინი მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და პაკისტანის კავშირი სპეციალური სახის ურთიერთობაა გლობალურ სისტემაში, რამდენადაც ისლამაბადსა და პეკინს შორის კულტურული, რელიგიური ან იდეოლოგიური ბუნებრივი კავშირები არ არსებობს. ანტანტის შექმნის შემდეგ პაკისტანი ჩინეთის უახლოესი მოკავშირეა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ნეორეალისტური სკოლის ერთ-ერთი მოსაზრების აშკარა გამოხატულებაა: სახელმწიფოებს შორის კავშირის გაღრმავებას საერთო ქვეყნისადმი, ინდოეთისადმი მტრული და კონკურენტული დამოკიდებულებაა.
ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი ინფრასტრუქტურული პროექტების კოლექციაა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პაკისტანში.[1][2] დერეფნის შექმნის მიზანია პაკისტანის ინფრასტრუქტურის სწრაფი მოდერნიზება და მისი ეკონომიკის გაძლიერება თანამედროვე სატრანსპორტო ქსელების მშენებლობით, სხვადასხვა ენერგოპროექტის განხორციელებითა და სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნით.[2][3][4]ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი პაკისტანს, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს მაგისტრალით აკავშირებს, რომელიც ქაშგარს ხუნჯერაბთან და გვადართან აერთიანებს.[5] ჩინეთს პაკისტანთან არაერთი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული, ისევე, როგორც ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები, როგორებიცაა ადრეული მოსავლის შეთანხმება. სახელმწიფოები გილგიტ-ბალტისტანში გადასახადებისგან თავისუფალი საექსპორტო ზონის დაარსებაზეც შეთანხმდნენ. ჩინეთი პაკისტანში დიდი ინვესტიციების ჩადებას განაგრძობს და ეხმარება გვადარის პორტის განვითარებაში, რომელიც ქვეყნის მესამე მთავარი პორტია.[6]
ისტორიული, კულტურული და ეთნიკური კავშირების მიუხედავად პაკისტანსა და ინდოეთს კომპლექსური და ძალიან მტრული ურთიერთობები აქვთ, რაც მრავალი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენიდან იღებს სათავეს, მათ შორის ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფიდან. უთანხმოების მთავარი წყარო ინდოეთსა და მის დასავლეთ მეზობელს შორის ქაშმირის კონფლიქტია. ინდოეთ-პაკისტანის საზღვარი ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული საზღვარია მსოფლიოში.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მაგრამ მალევე გაფუჭდა გაყოფის შედეგად წარმოშობილი ორმხრივი ეფექტის და ტერიტორიული დავების გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯამუ და ქაშმირი იყო. 1947 წლის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამი ომი და ერთი გამოუცხადებელი ომი იყო. სახელმწიფოებს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკებაც მოხდა. ქაშმირის კონფლიქტი ყოველი ომის დროს სახელმწიფოებისთვის კატალიზატორის როლს ასრულებდა, გარდა ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომისა, რომელიც ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომის პარალელურად მოხდა.
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება არაერთხელ სცადეს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია: შიმლის შეთანხმება, აგრის სამიტი და ლაჰორის დეკლარაცია, ისევე, როგორც მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა ინიციატივა. მიუხედავად ამ მცდელობებისა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაძაბულია და საზღვარზე ურთიერთშორისი ტეროტირზმის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. 2017 წელს BBC World Service-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ინდოელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს პაკისტანის გავლენას დადებითად, ხოლო 85%-ს უარყოფითი პოზიცია აქვს. პაკისტანელთა 11% მიიჩნევს ინდოეთის გავლენას დადებითად, ხოლო 62% ― უარყოფითად.[7]
პაკისტანსა და თურქმენეთს შორის ფორმალური ურთიერთობები 1992 წლის 10 მაისს დაიწყო. პაკისტანის საელჩო აშხაბადში მდებარეობს, ხოლო თურქმენეთის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული. 2001 წელს, თურქმენეთის დამოუკიდებლობსი 10 წლისთავის აღსანიშნავად პაკისტანმა თურქმენეთის დროშიანი საფოსტო მარკები გამოუშვა.[8]
პაკისტანსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლისა და უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დამყარდა. ორივე სახელმწიფო ავღანეთს ესაზღვრება და რადგანაც სხვადასხვა ფრაქციას უჭერდნენ მხარს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა თავდაპირველად დაძაბული იყო.[9] თალიბანის დამხობის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. პაკისტანიც და უზბეკეთიც ვაჭრობის გაუმჯობესებას ისახავენ მიზნად. პაკისტანს ცენტრალური აზიის ბაზარზე შეღწევა სურს, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე უზბეკეთს ინდოეთის ოკეანის პორტებზე წვდომის მიღება სურს.[9] პაკისტანის საელჩო ტაშკენტში მდებარეობს,[10] ხოლო უზბეკეთის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული.
1991 წელს პაკისტანი კოალიციასთან ერთად ქუვეითის განთავისუფლებაში მონაწილეობდა. ომის დასრულების შემდეგ პაკისტანელი სამხედრო ინჟინრები ქუვეითის განაღმვის პროგრამაში მონაწილეობდნენ. პაკისტანის საელჩო ელ-ქუვეითში მდებარეობს. ქუვეითის საელჩო ისლამაბადში, ხოლო საკონსულო კარაჩიშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.
პაკისტანის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2005-2006 წლებში პაკისტანსა და ლიბანს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 35.4 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
ლაოსი პაკისტანში პეკინში მდებარე საელჩოთია წამოდგენილი, ხოლო პაკისტანი ბანგკოკში მდებარე საელჩოთი. ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობები აქვსთ და პოლიტიკის, ეკონომიკისა და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობენ.