სეიდ აზიმ შირვანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ივლისი, 1835 |
დაბადების ადგილი | შამახი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების თარიღი | 1 ივნისი, 1888 (52 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | შამახი, აზერბაიჯანი |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა და სპარსული ენა |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ჟანრი | ლირიკა და სატირა |
სეიდ აზიმ შირვანი (აზერ. Seyid Əzim Şirvani; დ. 9 ივლისი, 1835 წელი, შამახი, აზერბაიჯანი — გ. 1 ივნისი, 1888 წელი, შამახი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოეტი და განმანათლებელი. მან პირველადი რელიგიური განათლება ერაყში მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან უარი თქვა სასულიერო ცხოვრებაზე და გახსნა კერძო სკოლა.
სეიდ აზიმ შირვანი აგრძელებდა ფუზულის ტრადიციებს თავის სასიყვარულო-ლირიკულ ლექსებში. თავის სატირულ ლექსებსა და იგავ-არაკებში სეიდ აზიმ შირვანი დასცინოდა მღვდელმსახურებას, ეწინააღმდეგებოდა ჩამორჩენილობასა და უმეცრებას, მოუწოდებდა განმანათლებლობისა და კულტურისკენ. თანამედროვე პოეტები მას თავის მასწავლებლად მიიჩნევენ.[1]
სეიდ აზიმ შირვანი დაიბადა შამახში, სასულიერო პირის ოჯახში. მან მამა ადრე დაკარგა და მასზე ზრუნვა ბაბუამ დაიწყო. სწავლის დასასრულებლად გაგზავნეს ბაღდადსა და ეგვიპტეში, სადაც მიიღო ახუნდის სულიერი წოდება.
შამახიში დაბრუნების შემდეგ სეიდ აზიმ შირვანი დაინტერესდა საერო მეცნიერებებით, განათლების პრობლემებით და ისწავლა რუსული ენა. ის დაინტერესებული იყო ევროპული და რუსული ლიტერატურით, გაეცნო პუშკინის, ნეკრასოვის და სხვა ცნობილი პოეტების შემოქმედებას.[1]
ერის წინსვლაზე, მის სულიერ ემანსიპაციაზე ზრუნვით, სეიდ აზიმმა გახსნა რუსულ-აზერბაიჯანული სკოლა, სადაც ყურადღება დაეთმო საერო მეცნიერებათა შესწავლას, ასევე აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს. ის თავის მოსწავლეებს ყურანისა და შარიათის წესების ნაცვლად უკითხავდა აზერბაიჯანელი პოეტების ლექსებს და ისეთი პოეტების ნაწარმოებების თარგმანს, როგორებიცაა საადი, ჰაფიზი და ხაიამი. დროთა განმავლობაში მისმა ინტერესმა სოციალური პრობლემებისა და სამეცნიერო ცოდნისადმი შეცვალა მისი დამოკიდებულება რელიგიის მსახურების მიმართ. ის სიზმარმა შთააგონა იგი მიეძღვნა თავი ერის შემოქმედების. განმანათლებლობის, მეცნიერებისა და ცოდნის პროპაგანდისთვის. შირვანი პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნებად მოიხსენიებოდა და მალევე გაათავისუფლეს მასწავლებლობიდან.
შირვანი ხელმძღვანელობდა შამახის ლიტერატურულ საზოგადოებას „ბეიტ-უს-საფა“. პოეტის მდიდარ მემკვიდრეობაში ფართოდ იყო წარმოდგენილი ლექსები ღაზალის, რუბაის, გასიდის, მარსიეს ჟანრებში, აგრეთვე პოეტური მოთხრობები, იგავ-არაკები, ეპისტოლეები, ლიტერატურული ნაწარმოებები. მან ასევე დაწერა ლიტერატურის სახელმძღვანელო.
უანგარო სიყვარული, შეხვედრაზე ოცნება, შეყვარებულის მწველი მოწყენილობა, ბედზე ჩივილი შირვანის ღაზალების თემაა. მაგრამ თავისი დიდი წინაპრების, განსაკუთრებით ფუზილის ტრადიციების გათვალისწინებით, პოეტმა განადიდა არა ღვთაებრივი, არამედ ნამდვილი სიყვარული.
შირვანმა მოუწოდა კავკასიელ მუსლიმებს მიეღოთ ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესახებ, უარი ეთქვათ ცრურწმენასა და ფანატიზმზე, გაჰყოლოდნენ პროგრესისა და კულტურული აღორძინების გზას (პოემა „მიმართვა კავკასიელ მუსლიმებს“). მან 1880 წელს მოსკოვში პუშკინის ძეგლის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით, დაწერა ლექსი, სადაც მან ისაუბრა რუსი პოეტის პოეტური მემკვიდრეობის დიდ მნიშვნელობაზე აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის.
სატირა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შირვანის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში, რომელიც პოეტის შემოქმედებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აზერბაიჯანულ ლიტერატურაში წამყვან სფეროდ იქცა. სეიდ აზიმმა გააერთიანა ახუნდოვის დემოკრატიული ხელისუფლების საუკეთესო თვისებები, ფუზულისა და ვაგიფის ლირიკა, ზაქირის სატირა და მიჰყვა მათ ტრადიციებს.[2]
სეიდ აზიმის პოეზია გამოირჩევა თემებისა და ჟანრების მრავალფეროვნებით. შირვანის სატირულმა პოეზიამ გზა გაუხსნა ამ ჟანრის მომავალ განვითარებას, რამაც დანერგვა პოვა მ.ა.საბირის შემოქმედებაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.[3]