სტალინის ნოტები (გერმ. Stalin-Noten, რუს. Ноты Сталина), ასევე ცნობილი როგორც მარტის ნოტები ან ეშმაკთან [გარიგების] ნოტები — რამდენიმე დიპლომატიური დოკუმენტი (ნოტა), რომელიც მოკავშირეებთან (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი) და ორივე (აღმოსავლეთი და დასავლეთი) გერმანიის სახელმწიფოებთან გააგზავნა სსრკ-ის დიქტატორმა იოსებ სტალინმა. პირველი ნოტა 1952 წლის 10 მარტს გაიგზავნა. საბჭოთა კავშირმა სულ 4 ნოტა გააგზავნა. დოკუმენტმა, რომელიც შეიცავდა გერმანიის სავალდებულო ნეიტრალიტეტისა და დასავლურ სამხედრო ალიანსებში არგაწევრიანების ვალდებულებას, თავიდანვე მიიღო გერმანიის კანცლერის კონრად ადენაუერის მკვეთრად უარყოფითი შეფასება, რომელიც მას დასავლეთში გერმანიის რეინტეგრაციის აგრესიულ ხელის შეშლად და პროპაგანდისტულ ხრიკად აფასებდა, რომლის შედეგად გერმანია შეიძლება საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვედრილიყო.[1][2]
დღემდე ბოლომდე დაუდგენელია, თუ რამდენად რეალისტური იყო ნოტებში ჩამოყალიბებული შემოთავაზება; თუმცა, საბჭოთა არქივების გრიფი „საიდუმლო“ მოხსნილი დოკუმენტები ადასტურებს საბჭოთა კავშირის განზრახვას, აღმოსავლეთ გერმანიის საბჭოთა სამხედრო ბლოკში გაწევრიანების შესახებ; ამავდროულად, გერმანიის გახლეჩა უნდა დაბრალებოდა დასავლეთს, და არა - საბჭოთა კავშირს.[3]