ტექტონიკური დისლოკაცია

პლიკატური დისლოკაციის მაგალითი. სურათზე მოცემულია ანტიკლინური ნაოჭი. ჩრდილოეთი ამერიკა, ნიუ-ჯერსი, 2005 წლის 8 აგვისტო
ტექტონიკური წყვეტა

ტექტონიკური დისლოკაციაქანების განლაგების პირველადი ფორმების დარღვევა დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობებისა და დეფორმაციის, მაგმური აქტივობის, მეტამორფიზმისა და ეგზოგენური პროცესების (მყინვარული, მეწყრული, კარსტული, მდინარის ეროზიული და სხვათა) ზემოქმედებით. შეინიშნება როგორც დედამიწის დანალექ გარსში, ისე დედამიწის ქერქის უფრო ღრმა ფენებში. განასხვავებენ ნაოჭა ანუ პლიკატურ და წყვეტით ანუ დიზუნქტიურ დისლოკაციებს.[1]

პირველი გამოიხატება სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის ფენების გაღუნვაში, მეორეს თან ახლავს გეოლოგიური სხეულის მთლიანობის წყვეტა. პლიკატური დისლოკაციის დროს შრეების მთლიანობა, უწყვეტობა შენარჩუნებულია, თუმცა შრეები დეფორმირებულია. ამგვარად, ნაოჭები მიიღება არა შრეთა გაწყვეტით, არამედ გაღუნვით.[2] დიზუნქტიური დისლოკაცია იყოფა გადაუნაცვლებელი გეოლოგიური სხეულების წყვეტებად და გადანაცვლებულ წყვეტებად. შეინიშნება გადანაცვლებული წყვეტების კომბინაცია, მაგალითად, ჰორსტები და გრაბენები. მრავალი ტექტონიკური დისლოკაცია წარმოადგენს ნაოჭა და დიზუნქტიური დისლოკაციების კომბინაციას, მაგ,. გრაბენ-სინკლინი და ჰორსტ-ანტიკლინი.[1]

ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, იური კოსიგინი[3] გამოჰყოფს ინიექციურ ტექტონიკურ დისლოკაციას — მაგმურს (სხვადასხვა ფორმის, ზომისა და შედგენილობის ინტრუზიები) და ამაგმურს (მარილიანი და თიხოვანი დიაპირები). არსებობს სხვადასხვა ზომის ტექტონიკური დისლოკაციები: წყვეტითი — სიგრძით რამდენიმე მმ-დან (მიკრონაპრალები) რამდენიმე ასეულ და ათას კმ-მდეც კი (მსხვილი ნაწევი); ნაოჭა — სიგანით რამდენიმე მმ-დან (მიკროანტიკლინი და მიკროსინკლინი) რამდენიმე ასეულ კმ-მდე (მეგაანტიკლინორიუმი და მეგასინკლინორიუმი). როცა ლაპარაკობენ ტექტონიკური დისლოკაციის როლზე მთების წარმოქმნაში, მხედველობაში აქვთ ის გადაადგილებები, რომელთაც განიცდის დედამიწის ქერქის ამგებელი ქანები, მანტიის ზედა ნაწილში, ასთენოსფეროში მიმდინარე სითბური და დინამიკური პროცესების შედეგად.[4] ტექტონიკური დისლოკაციების წარმოქმნა მიმდინარეობს დედამიწის მთელი გეოლოგიური ისტორიის განმავლობაში.[5]

პლიკატური და დიზუნქტიური სტრუქტურები საქართველოს თანამედროვე რელიეფში ორგვარ გამოხატულებას პოულობენ. შედარებით ახალგაზრდა გეოლოგიური ფორმაციების გავრცელების არეებში (განსაკუთრებით ნეოგენურ, იშვიათად პალეოგენურსა და ზედაცარცულ წყებებში) განვითარებულია ცოტად თუ ბევრად გარდაქმნილი რელიეფის პირველადი სტრუქტურული ფორმები. ასეთი რელიეფი დამახასიათებელია წალკაში, ივრის ზეგანზე, ცენტრალურ სამეგრელოს პლატოს კიდეებზე. უფრო ძველი ფორმაციების გავრცელების ზონებში რელიეფის სტრუქტურული ფორმები მხოლოდ მეორადი ტიპებით არის წარმოდგენილი. დიზუნქტიური დისლოკაციების გავლენა რელიეფზე ყველაზე კარგად შეიმჩნევა ისეთ ადგილებში, სადაც მათი სიბრტყეები ჰკვეთენ მდინარეულ ტერასებს, მკვდარ ხეობებს კირქვიან რაიონებში, ლავურ პლატოებს და სხვა მკაფიოდ გამოსახულ ფორმებს.[6]

  1. 1.0 1.1 Тектонические дислокации | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-14. ციტირების თარიღი: 2021-11-15.
  2. გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
  3. Дислокации тектонические | Горная энциклопедия
  4. ბუნების სტიქიური პროცესებისა და მოვლენების სახეები
  5. Бе­ло­усов В. В. Струк­тур­ная гео­ло­гия. 3-е изд. М., 1986.
  6. ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბ., 1964, გვ. 30–31