ფედერიკო ობელი (Federico Aubele, დ. 1974) — არგენტინელი მუსიკოსი, გიტარისტი, ელექტრონიკისა და ტრადიციული ლათინურ-ესპანური მუსიკის მიქსების კომპოზიტორი.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მეგობარმა ფედერიკო შესთავაზა, დუეტი შეექმნათ და The Beatles-ის მსგავსი მუსიკა შეესრულებინათ. მეგობარს მუსიკაზე გული მალევე აუცრუვდა, თუმცა ფედერიკოს უკვე მუსიკის სენი ჰქონდა შეყრილი. მას შემდეგ იგი მრავალ ჟანრში ცდილობს ცდებს, სანამ ავანგარდისტულ არგენტინულ ტანგოს კომპოზიტორსა და ბანდონეონისტ ასტორ პიაცოლას აღმოაჩენდა. "პიაცოლა პირველი არგენტინელი მუსიკოსი იყო, რომელთანაც სულიერი კავშირი ვიგრძენი, მანამდე მხოლოდ უცხოურ შემსრულებლებს ვუსმენდი. პიაცოლა არგენტინაა, უფრო სწორედ, ბუენოს-აირესი. ეს იგივეა, როგორც სინატრა და ნიუ-იორკი, პიაცოლა და ბუენოს-აირესი, ეს ქალაქის ბრწყინვალე საუნდტრეკია."
გიტარაზე შესრულების, სხვადასხვა პოპ-ჯგუფებისთვის კომპოზიციების შექმნისა და ბუენოს-აირესის სხვადასხვა კლუბებსა და ლანჟებში დიჯეობის შემდეგ, ობელი სოლო პროექტზე იწყებს მუშაობას. მრავალი საკუთარი ჩანაწერიდან სემპლირებული რითმებისა და ხმების შეზავებით ის უამრავ კომპოზიციას ქმნის, თუმცა თითქმის ყველა მათგანში ლეიტმოტივი გიტარის ხმოვანებაა. ის ამბობდა "თავდაპირველად სხვა არაფერი მქონდა გარდა გიტარისა. ამიტომაც ვიღებდი ყველაფერს ჩემი ჩანაწერებიდან, ტრანსფორმაციას, მანიპულირებას ვახდენდი და შემდეგ გიტარას ვამატებდი. გიტარა არის, და ყოველთვის იყო, ჩემი მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ჩემთვის წარმოუდგენელია კომპოზიციის მის გარეშე შექმნა. მომწონს ორგანული ხმოვანება, და ამიტომაც თავად ვუკრავ და ვწერ ყველაფერს - ბასებიდან, შეიკებიდან და გასაღებიდან დაწყებული, სინთეზატორის ხმების ჩათვლით. დღემდე არა მაქვს MIDI ინტერფეისი, ვერ წარმომიდგენია რაში უნდა გამოვიყენო."
ვოკალის დამატებით, თავდაპირველად როგორც სემპლების, შემდეგ კი ცოცხალი შესრულებით, ობელი ორიგინალურ მასალას ქმნის საკუთარი არსებული ინსტრუმენტალური კომპოზიციების საფუძველზე.
შემდეგ ობელი ინიციატივას იჩენს და ბედი სწყალობს: მას ხელში უვარდება თივერი კორპორეიშენის (Thievery Corporation) სინგლი 'Focus On Sight', რომლის გარეკანზე მითითებული იყო საიტი, სადაც შეიძლებოდა საკუთარი დემოების გაგზავნა. მისმა პირველმა დემოებმა მყისვე მიიქცია თივერი კორპორეიშენის ერიკ ჰილტონისა და ესლ მუსიკის სტუდიის ხელმძღვანელის ყურადღება. რამდენიმე დამატებითი დემოს გაგზავნის შემდეგ ობელი ესლ-სა და თივერი კორპორეიშენთან კონტრაქტს აფორმებს საკუთარი სადებიუტო ალბომის გამოსაშვებად. შედეგად მიღებული ალბომი Grand Hotel Buenos Aires ლათინური გიტარისა და ესპანური ლირიკის ელექტრონული კოლაჟის შესანიშნავი ნიმუშია. კრიტიკოსებმა ობელს არგენტინის მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი შეარქვეს.