Firth of Fifth — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა 1973 წლის ალბომიდან Selling England by the Pound. სიმღერის სახელწოდება არის მდინარე ფორთის (შოტლანდია) პაროდირება, რომელსაც ასევე უწოდებენ Firth of Forth
სიმღერა იწყება კლასიკური სტილის ფორტეპიანოს პარტიით (ტონი ბენქსი), შემდეგ კი ტემპი იცვლება და ჟღერს პიტერ გებრიელის ვოკალი, რომელსაც უერთდება დასარტყმელი საკრავები და აკორდების პროგრესია (ორგანი). შუალედში ჟღერს სოლო ფლეიტაზე, რომელსაც მოჰყვება სინთეზატორზე შესრულებული სოლო - იგი, თავის მხრივ, იმეორებს ფორტეპიანოს შესავლის მელოდიას. სტივ ჰეკეტი უკრავს ფლეიტის მელოდიის ინტერპრეტაციას, იყენებს რა მისთვის დამახასიათებელ ტონს. შემდეგ სიმღერაში კვლავ ჟღერს ტექსტი, ბოლოს კი - ისევ ბენქსის პარტია ფორტეპიანოზე.
სიმღერის ხანგრძლივობაა 9 წუთზე მეტი და იგი კარგად წარმოადგენს ჯგუფის იმ პერიოდს, როდესაც იგი ჯერ კიდევ პროგრესულ როკს უკრავდა. ეს აგრეთვე არის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია ძველი სიმღერებიდან, რომელიც შეტანილია კრებულში Platinum Collection (2004).
მიუხედავად იმისა, რომ Firth of Fifth დასახელებულია, როგორც მთლიანი ჯგუფის ნამუშევარი, ტონი ბენქსი ამტკიცებდა, რომ იგი მისი იდეებიდან წარმოიშვა. ბენქსსა და მაიკ რაზერფორდს ეკუთვნის სიმღერის ტექსტი. ბენქსის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტექსტი, რაც დაუწერია.
1975 წლის შემდეგ ფორტეპიანოს შესავალი ამოღებული იქნა საკონცერტო გამოსვლებიდან - სცენაზე ტონი იყენებდა RMI-ს ელექტრონულ ფორტეპიანოს, რომლის ჟღერადობაც სიმღერის შესავალს არ უხდებოდა.
ინსტრუმენტული სახით სიმღერა სრულდებოდა 1992 წლის ტურნეში We Can't Dance და 1998 წლის ტურნეში Calling All Stations, ასევე 2007 წლის ტურნეში Turn It On Again. ინსტრუმენტული ვერსია ასევე უერთდებოდა სიმღერას „I Know What I Like (In Your Wardrobe)“. სიმღერის მცირე ნაწილი შევიდა ტურნეში The Last Domino? Tour.
სიმღერა ასევე შეტანილია სტივ ჰეკეტის სოლო-ალბომში Watcher of the Skies: Genesis Revisited, სადაც ჟღერს ჯენესისის სიმღერების ჰეკეტისეული ინტერპრეტაციები (1997).