Peeters Publishers — საერთაშორისო აკადემიური საგამომცემლო კომპანია, რომელიც 1857 წელს დაარსდა ლუვენში. Peeters ყოველწლიურად გამოსცემს 200-მდე ახალ სათაურს და 75 ჟურნალს. მთავარი სფეროებია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ძირითადი აქცენტებია ბიბლიის სწავლებები, რელიგიური სწავლებები, პატრისტიკა, კლასიკური და ორიენტალური სწავლებები, ეგვიპტოლოგია, ფსიქოლოგია, ეთიკა, მედიევისტიკა და ხელოვნება.[1][2][3]
ლუვენის ასოციაცია ბეჭვდასთან ისეთივე ძველია, როგორც თავად ბეჭდვის ხელოვნება. 1474 წელს იოჰან ველდენერმა პირველად დაბეჭდა წიგნი ლუვენში. XV საუკუნეში, ლუვენში ექვსი აქტიური მბეჭდავი ცხოვრობდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო იოჰან ვესტფალიელი და დირკ მარტენსი. XVI საუკუნეში ძირითადად ანტვერპელი მბეჭდავები გამოსცემდნენ ნაშრომებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. ყველაზე ცნობილი იყო ხრისტოფორ პლანტენი, რომელმაც პუბლიკაციების რაოდენობითა და მისი მაღალი ხარისხით გადაასწრო ყველა სტამბას.[4] ავსტრიული ბატონობის ქვეში, 1759 წელს დაარსდა საგამომცემო სახლი „ლუვენის აკადემია“, რომელმაც საფრანგეთის რევოლუციამდე იარსება.[4]
1882 წელს, ირანოლოგისტმა და სინოლოგისტმა, შარლ დე ჰარლეზმა დააარსა „Imprimerie Orientaliste“, რათა დაებეჭდა ჟურნალი „Le Muséon“. მისი გარდაცვალების შემდეგ ჟურნალის გამოცემა გააგრძელეს კარგად ცნობილმა ორიენტალისტებმა ფილიპ კოლინეტმა და ლუის დე ლა ვალე პუსენმა.[5]
1857 წლიდან პიტერსის ოჯახმა საკუთარი საგამომცემლო სახლი და წიგნების მაღაზია გახსნა ლუვენის ცენტრში. კომპანია მალევე გაიზარდა და XX საუკუნის დასაწყისში 100-ზე მეტი დასაქმებული ჰყავდა. 1914 წელს ლუვენის ხანძარმა იმსხვერპლა კომპანია, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოჯახი ძირითადად წიგნების მაღაზიაზე გადაერთო. 1960 წელს ემანუელ პიტერსმა შეიძინა „Imprimerie Orientaliste“ და ოჯახს დაუბრუნა საგამომცემლო ბიზნესი ლუვენში.[6]
დღევანდელ დღემდე Peeters-ის საგამომცემლო ისევ ოჯახის საკუთრებაშია და მათი საქმიანობა ძლიერ ინტერნაციონალიზებულია.[3][2][1]