Powell-Peralta — ამერიკული სკეიტბორდის კომპანია, დაარსებული 1978 წელს ჯორჯ პაუელისა და სტეისი პერალტას მიერ. კომპანიას ჰყავდა გუნდი სახელად Bones Brigade, რომელიც აერთიანებდა თავისი დროის საუკეთესო სკეიტბორდერებს.
ჯორჯ პაუელი სწავლობდა ინჟინერიას სტენფორდის უნივერსიტეტში. სკეიტბორდის დამზადება დაიწყო სახლის პირობებში 1957 წელს. 1973 წელს თავისივე დამზადებული ძველი სკეიტბორდი მისცა შვილს, რომელმაც დაიწუწუნა, რომ ის გლუვად არ სრიალებდა. პაუელი ხელახლა დაინტერესდა სკეიტბორდინგით, როცა მიხვდა რომ პოლიურეთანის ბორბლები სკეიტბორდით სრიალს უკეთესს ხდიდა. ამის გამო მან იყიდა პოლიურეთანი და გააგრძელა სკეიტბორდის დაფებისა და ბორბლების დამზადება. ასევე გამოიყენა ახალი მასალაც: მეტალოპლასტმასი და ალუმინი. მისი დაფების ერთ-ერთი შემმოწმებელი იყო სკეიტბორდერი სტეისი პერალტა.
პაუელმა შეწყვიტა თავისი სამსახური ავიაციაში და ლოს-ანჯელესიდან სანტა-ბარბარაში გადავიდა, რომ დაეწყო სკეიტბორდის წარმოება. 1976 წელს თავისი დამზადებული დაფა, რომლის კონსტრუქციასაც ქუიქსილვერი დაარქვა, მიჰყიდა ტომ სიმსს. ამას მოჰყვა ქუიქთეილი. ასევე ამზადებდა ბორბლებსაც, რომლებსაც Bones (ქართ. ძვლები) დაერქვა, ადამიანის ძვლის მსგავსი შეფერილობის გამო.
1978 წელს ჯორჯ პაუელმა სტეისი პერალტასთან ერთად დააარსა კომპანია Powell-Peralta. პერალტას დიდი სახელი ჰქონდა სკეიტბორდინგში, ამიტომ გუნდის მენეჯერობა და რეკლამირება საკუთარ თავზე აიღო. 1979 წელს შეკრიბეს გუნდი, სახელად Bones Brigade(მსგავსების მიუხედავად, კავშირში არაა ბორბლების სახელთან), რომელიც აერთიანებდა ბევრს იმდროინდელი საუკეთესო სკეიტერებიდან. Powell-Peralta-ს პროდუქტის დიზაინი შექმნილი იყო ჩონჩხების მოტივზე, რამაც ეს კომპანია გამოარჩია დანარჩენებისგან და დაეხმარა გამხდარიყო, შესაძლოა, საუკეთესო 1980-იან წლებში. ისინი უშვებდნენ დაფებს, რომლებზეც გამოსახული იყო გუნდის წევრების სიმბოლოები: მაიკ მაკგილის — თავის ქალაზე შემოხვეული გველი, კევინ ჰარისის — თავში ისარგაყრილი კანადელი სამეფო პოლიციელის ჩონჩხი, პერ უელინდერის — ვიკინგის ჩონჩხი და ა.შ.
სია აღსანიშნავი სკეიტბორდერების, რომლებიც ყოფილან Powell-Peralta-ს გუნდში:
1980-იანი წლების დასასრულს, სკეიტერების შექმნილმა ახალმა სკეიტბორდის კომპანიება გაიზიარეს Powell-Peralta-ს კლიენტურა. ბევრმა წევრმა დატოვა Bones Brigade და სხვა კომპანიას შეუერთდა. 1991 წლის ბოლოს სტეისი პერალტამაც მიატოვა Powell-Peralta და კომპანია გადაფორმდა Powell Corporation სახელით. Powell Corporation თავის მხრივ აერთიანებდა სამ სკეიტბორდის კომპანიას ერთი გუნდით — Bones Brigade. ეს კომპანიები იყო: Powell Skateboards, Bones Wheels და Bones Bearings
ასევე, 2000 წელს, უშვებდნენ ტრიუკების სასწავლო ვიდეოებს, სადაც Bones Brigade-ის წევრები მაყურებელს ასწავლიდნენ სხვადასხვა სკეიტბორდის ტრიუკის თეორიას. ამ ვიდეოების კრებულს Basic Training ჰქვია და არ არის შესული Bones Brigade-ის ფილმოგრაფიაში.
კომპანიამ, Powell Classic-ის სახელით, თავიდან მიაღწია წარმატებას 1980-იანი წლების დაფების მოდელების თავიდან გამოშვებით. 2010 წლის ბოლოს ჯორჯ პაუელი და სტეისი პერალტა ისევ გაერთიანდნენ, Powell Classic და Powell Skateboards შეაერთეს და გუნდის პროფესიონალი წევრების დაფების მოდელების გაყიდვა ისევ Powell-Peralta-ს სახელით განაგრძეს. Powell-Peralta ახლაც უშვებს დაფების ძველ და ახალ მოდელებს. ასევე კომპანიებიც: Bones Wheels და Bones Bearings ისევ აგრძელებენ არსებობას.
2011 წლის მარტში გამოცხადდა, რომ Powell-Peralta-ს ლეგენდარული ლოგოსა და დაფების გრაფიკის დიზაინერი, ვერნონ კორტლენდ ჯონსონი, დაუბრუნდა Powell-Peralta-ს.