Stenocarpella maydis

Stenocarpella maydis

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პირენომიცეტები
რიგი:  Diaporthales
ოჯახი:  Diaporthaceae
გვარი:  Stenocarpella
სახეობა:  Stenocarpella maydis
ლათინური სახელი
Stenocarpella maydis (Berk.) Sutton

Stenocarpella maydis — პათოგენური სოკო, საკარანტინო მავნე ორგანიზმი, რომელიც იწვევს სიმინდის მშრალ სიდამპლეს. მასპინძელი მცენარეებია სიმინდი (Zea mays) და ლერწამი (Arundinaria).[1] უსრული სოკოების ჯგუფშია გაერთიანებული. სოკოს ტელემორფი არ არის ცნობილი.[2]

გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე:

საქართველოში გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.

სიმინდის მშრალი სიდამპლე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაავადების ციკლი (ინგლ.)

დაავადების გავრცელება შესაძლებელია სიმინდის დაავადებული მარცვლებით, მცენარეული ნარჩენებით და ნიადაგში მოთავსებული დაავადების საწყისით. სიმინდის მშრალი სიდამპლე ინფექციის გავრცელება ხდება კონიდიუმებით, რომლებიც წვიმის და ქარის საშუალებით ვრცელდება. კონიდიუმები მოსავლის ნარჩენებზე ძლებს ორი წლის განმავლობაში. დაავადებული თესლი გაღივებას იძლევა, მაგრამ ღივი სუსტია, სოკოს მოქმედებას ვერ უძლებს და ვიდრე ნიადაგის ზედაპირზე გამოვა, იღუპება (50%), არ ამოდის. სუსტად დაავადებული თესლის ნაწილი აღმონაცენს იძლევა. მაგრამ სუსტია, განუვითარებელი და ხშირად ნაადრევად იღუპება.

Stenocarpella maydis დაავადებას განვითარების ყველა ფაზაში იწვევს.

  • პირველი ფაზა — აღმონაცენის დაავადება.
  • მეორე ფაზა — ზრდა-განვითარებული ორგანოების: ღეროების და ტაროების დაავადება, რომელზეც მშრალ სიდამპლეს აჩენს.

დაავადება ვლინდება სიმინდის ყველა მიწისზედა ორგანოზე (ფოთოლი, ღერო, ტარო, ქეჩეჩო, ვაგინა, მარცვალი) და შეიძლება დასნებოვნდეს ფესვებიც. ფოთლის ფირფიტის ფუძესთან წარმოიქმნება წაგრძელებული მოწითალო-მუქი ლაქები. ისინი თანდათანობით ერწყმიან ერთმანეთს და წარმოიქმნება მკვდარი ქსოვილების უბანი, რომლებიც მოგვაგონებს ყინვით დაზიანებას. ღეროს მუხლთშორისებთან ჩნდება მოწითალო ლაქები, რომლებიც ერწყმის ერთმანეთს და მოიცავს მთელ ღეროს. ღეროს შუაგული იშლება. დაზიანების გარეშე რჩება მხოლოდ ჭურჭელბოჭკოვანი კონები. ძლიერი წვიმებისა და ქარის დროს ღერო გადატყდება. მუხლებთან ეპიდერმისით დაფარული შავი წერტილები ჩნდება და ღერო ხორკლიანი ხდება. გამხმარი ჩალა და სიმინდის ნარჩენები პიკნიდიუმებითაა დაფარული.

ტაროში ინფექცია წვეროდან ან ყუნწიდან შედის. სოკოს თეთრი მიცელიუმი თავისუფლად უვლის, როგორც ტაროს ღერძს, ისე მარცვლებს და შემოკრული ფუჩეჩის ნაწილებს. მიცელიუმი ვითარდება მარცვლის რიგებშუა. ადრეულ სტადიაში დაავადებისას ტარო მთლად იშლება და უნაყოფო რჩება. რძის სიმწიფის პერიოდში დაავადებისას მარცვლები სრულდება, მაგრამ ყველა დაზიანებულია. ტაროს მოკრიალო იერი დაკარგული აქვს, მატლიანი ხდება, მარცვალი ჭკნება და ერთიმეორისაგან დაშორებული რჩება. თესლი იცვლის შეფერილობას ყავისფრამდე, განსაკუთრებით თესლის ჩანასახის მხარეს. ტაროს თმა დამპალია, მოზრდილია მარცვლებზე და შემოკრული ფუჩეჩის ნაწილებზე. პიკნიდიუმები ვითარდება ფუჩეჩზე, მარცვლებსა და ტაროს ღეროზე. პიკნიდიუმები არის მარცვლის ბუდესთან და რიგებშუა.

დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელია ტენიანი გარემო, ოპტიმალური ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი (მინიმალური 10-15 გრადუსი), აგრეთვე მოსავლის დაგვიანებული აღება. სიმინდის მშრალი სიდამპლე სიმინდის სერიოზულ დაავადებაა. ამცირებს აღმონაცენის სიხშირეს 5-დან 37%-მდე, ნათესები მეჩხერდება. აქვეითებს მოსავლიანობასა და მარცვლის ხარისხს. იწვევს მსხვილი რქოსანი საქონლისა და ცხვრის მიკოტოქსიკოზს.

  1. Flett, B. C.; McLaren, N. W.; Wehner, F. C. (2001). „Incidence of Stenocarpella maydis Ear Rot of Corn Under Crop Rotation Systems“. Plant Disease. 85 (1): 92–94. doi:10.1094/pdis.2001.85.1.92. ISSN 0191-2917. PMID 30832079.
  2. Munkvold, Gary P.; White, Donald G. (2016) Compendium of corn diseases, Munkvold, Gary P. (Gary Phillip),, White, Donald G.,, University of Illinois at Urbana-Champaign. Department of Crop Sciences., Fourth. St. Paul, Minnesota, U.S.A.. ISBN 9780890544921. OCLC 946794125.