ტატრა T6A5 — ჩეხური წარმოების, ცალმხრივი მართვის მქონე, ერთსექციური, ოთხღერძიანი, მოტორებიანი, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი. იგი განკუთვნილია რთული (ციცაბო) რელიეფის მქონე ქალაქებისათვის, როგორიცაა: ბრატისლავა, კოშიცე, ბრნო, პრაღა და ოსტრავა. მსუბუქი სარელსო შემადგენლობების მწარმოებელმა კომპანია ČKD Tatra–მ შვიდი წლის განმავლობაში (1991–1998 წწ) 296 ასეთი ვაგონი გამოუშვა (აგრეთვე ერთი T6A5–ის ძარა).
ტატრა T6A5 ეფუძნება ვიწროძარიან ტატრა T6A2–სა და ფართოძარიან ტატრა T6B5–ს, რომლებიც 1980–იან წლებში შეიქმნა. ტატრა T6A2 განკუთვნილია ვიწროგაბარიტიანი (მეტწილად გერმანიის), ხოლო ტატრა T6B5,_ფართოგაბარიტიანი ტრამვაის სისტემებისთვის, კერძოდ სსრკ–ს ქალაქებისთვის. ტატრა T6A5 არის საშუალო ვარიანტი მათ შორის და მისი ძარას სიგანე 2,5 მ–ია. იგი განკუთვნილია ადგილობრივი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტრამვაის სისტემებისთვის. მათი ექსპლუატაცია ბრატისლავაში 1991 წელს დაიწყო, 1992 წელს_კოშიცეში, 1994 წელს ტატრა T6A5–ები ექსპლუატაციაში ჩაუშვეს ოსტრავაში, 1995 წლიდან პრაღაში და 1996 წელს,_ბრნოში. 2006 წლის იანვარში ბრატისლავამ ორი ვაგონი იყიდა, რომლებიც 1997 წელს აიგო და პრაღაში ცდებისთვის გამოიყენებოდა. ČKD Tatra–ს გაკოტრების პერიოდში, 2002 წელს მისი ქონება სიმენსის სარელსო შემადგენლობების კომპანიამ (Siemens rail vehicles company) შეისყიდა და აღნიშნული ვაგონები ადგილობრივ ვაგონსარემონტო საწარმოს,_პარს ნოვას (Pars Nova) მიჰყიდა. 2002 წლის 11 მაისს ვაგონები პარს ნოვას გადაეცა. 2006 წლის 10 იანვარს ეს ვაგონები ბრატისლავაში ჩაიტანეს, თუმცა მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო დოკუმენტების თავმოყრას ერთი წელი დასჭირდა. 2006 წლის 13 დეკემბერს, როცა ვაგონების აგებიდან თითქმის 10 წელი იყო გასული, ვაგონები პირველად გავიდნენ მარშრუტზე. ისინი ერთ ბმულადაა შეწყვილებული და პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. ბრატისლავაში ჩატანის შემდეგ ისინი დაინომრა და მათი ნომრებია: #7957 და #7958.
ტატრა T6A5 თავისი მკაცრი, კუთხოვანი დიზაინით მეტად ჰგავს ტატრა T6A2–ს, ტატრა T6B5–ს და ტატრა KT8D5–ს. ვაგონებს აქვთ დიდი ფანჯრები და 3 კარი. I და II სერიის ვაგონებს აქვთ მოსაკეცი, ორფრთიანი კარები, ხოლო III სერიისას,_ფარფლისებრი. ტატრა T6A5–ის კონცეფცია და ზოგიერთი ელემენტი ამერიკული PCC–ს მსგავსია. ამ ვაგონს აგრეთვე ბევრი რამ აქვს საერთო ტატრას სხვა მოდელებთან. მისი ურიკები (საკიდარი, ე.წ. „ტელეჟკები“) ტატრა T7B5–ის, ხოლო წევის მოწყობილობა ტატრა T5C5–ის მსგავსია, თუმცა ის სხვა ვაგონებთან შედარებით უფრო ჩუმია. მისი ძარა ორ, ორღერძიან ურიკას ეყრდნობა. ყოველ ღერძზე მიერთებულია თითო გამწევი ძრავა, რომელთა ელ.მომარაგება ძაბვის გარდაქმნელის მეშვეობით ხორციელდება. საჰაერო ელ.სადენიდან დენის ართმევა ხდება სახურავზე დამაგრებული დენმიმღებით (პანტოგრაფით ან/და ნახევარპანტოგრაფით). ტატრა T6A5–ის წევის მოწყობილობა შედარებით ადრეული ვაგონების, ტატრა KT8D5–ის და ტატრა T6A2–ის ანალოგიურია და იგი წარმოადგენს ტირისტორულ ელექტროამძრავს, მუდმივი დენის იმპულსური რეგულატორით (იხ. სტ. „ტირისტორული ელექტროამძრავი“). ელექტროაღჭურვილობა მუშაობს მხოლოდ მუდმივ დენზე. ცვლადი დენის წევის მოწყობილობა ზოგიერთ ვაგონზე საერთოდ არ დამონტაჟებულა.
ტატრა T6A5 შესაძლოა მოძრაობდეს ეულად ან 2–3 ვაგონისგან შემდგარ ბმულად. თითო ან ორ–ორად გადაბმული ვაგონები მარშრუტებზე ხშირად გამოიყენება, ხოლო 3 ვაგონისგან შემდგარ შემადგენლობებს იშვიათად,_მეტწილად კვლევებისთვის იყენებენ. ტრამვაის ვაგონები ბმულებად შერთულია ელექტრო ქუროებით (იხ. სტ. „ქურო“). ორვაგონიანი ბმულის მოძრაობისთვის აუცილებელი არაა ორივე პანტოგრაფის გამოყენება, საკმარისია მხოლოდ ერთი პანტოგრაფის აწევა. სასურველი მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ–ია. ამ ვაგონს ბევრად უფრო სწრაფადაც შეუძლია სიარული (ტატრა T6A5–ის სიჩქარის რეკორდი 110 კმ/სთ–ია და ის 1993 წელს, კოშიცეში დამყარდა), მაგრამ გაჩერებებისა და გზაჯვარედინების სიმრავლე და ქუჩაში მოძრავი სხვა ტრანსპორტი მას 65 კმ/სთ–ზე ჩქარა მოძრაობის საშუალებას არ აძლევს. ტატრა T6A5 ცალმხრივი მართვის ვაგონია, თუმცა მას უკან აქვს მცირე მართვის პანელი, განსაკუთრებულ შემთხვევებში უკუსვლისათვის.
1. სერია პირველი სერიის ტატრა T6A5–ები 1991–1994 წლებში აიგო და ბრატისლავაში, კოშიცესა და ოსტრავაში ჩაიტანეს. ეს ვაგონები შეღებილი იყო კლასიკურ წითელ–კრემისფერ ფერებში. ინტერიერი მოპირკეთებულია პლასტიკატით, ხოლო სკამებზე გადაკრულია დერმატინი. 2. სერია შემდგომი სერიის ვაგონები აგებულია 1993–1998 წლებში. მათი ბორბლების გვერდის გარსაცმი უფრო დახვეწილია და ასევე შეცვლილია სკამების წყობა. ამ სერიის ვაგონები ექსპლუატაციაშია ბრატისლავასა და ოსტრავაში. 3. სერია ტატრა T6A5–ის უახლესი ვერსია 1995–1997 წწ. იწარმოებოდა. მისმა დიზაინმა მრავალი ცვლილება განიცადა. ვაგონს აქვს კონდიცირების სისტემა და სამფეროვანი ექსტერიერი. შეცვლილია ინტერიერის დიზაინი,_სკამებს გადაკრული აქვს გობელენი, ხოლო მოსაკეცი კარების ნაცვლად ვაგონს უფრო თანამედროვე,_ორფრთიანი, ფარფლისებრი კარები აქვს. განახლებულია წევის მოწყობილობები და პანტოგრაფის ნაცვლად ვაგონს ნახევარპანტოგრაფი აქვს. ეს მესამე თაობის ვაგონები ექსპლუატაციაშია ბრატისლავაში, პრაღასა და ბრნოში.
სულ აგებულია 296 ვაგონი და ერთი ძარა ტატრა T6A5.3–ისთვის (ტატრა T6A5–ად მოდერნიზებული ტატრა T3 პრაღაში). ჩეხეთი ბრნო_20 ვაგონი მიიღო 1996–1997 წწ., ნუმერაცია #1201–1220 ოსტრავა_38 ვაგონი მიიღო 1994–1998 წწ., ნუმერაცია #1101–1138 პრაღა_150 ვაგონი მიიღო 1995–1997 წწ., ნუმერაცია #8601–8750; აგრეთვე ერთი ტატრა T6A5.3,_1998 წ. (#8600) სლოვაკეთი ბრატისლავა_58 ვაგონი მიიღო 1991–1997 წწ., აგრეთვე 2 ვაგონი,_2006 წ., ნუმერაცია #7901–7958 კოშიცე_30 ვაგონი მიიღო 1992–1993 წწ., ნუმერაცია #600–629
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბრნო | ბრნოს ტრამვაი | T6A5 | 1996 | 20 kusů | 1201–1220 | |
ოსტრავა | ოსტრავას ტრამვაი | T6A5 | 1994–1998 | 38 kusů | 1101–1138 | |
პრაღა | პრაღის ტრამვაი | T6A5 | 1995–1997 | 150 ვაგონი | 8601–8750 | |
♦ | მხოლოდ ძარა | 1998 | 1 ვაგონი | 8600 | გადაკეთებული T6A5.3 ვაგონი |
ქალაქი | მბული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბრატისლავა | ბრატისლავის ტრამვაი | T6A5 | 1991–2006 | 58 ვაგონი | 7901–7958 | |
კოშიცე | კოშიცეს ტრამვაი | T6A5 | 1992–1993 | 30 ვაგონი | 600–629 |