ავტოფიქცია (ბერძ. ავტო - თვითონ; ფიქცია - გამონაგონი), ლიტერატურული მიმდინარეობა, XX საუკუნის შუა ხანებიდან. ტერმინი პირველად 1977 წელს გამოიყენა სერჟ დუბროვსკიმ თავის ერთ-ერთ რომანზე (ვაჟიშვილი) საუბრისას.
ეს არის ლიტერატურული, ძირითადად რომანული ჟანრი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თხრობის ორ ურთიერთგანსხვავებულ ტიპს: ერთი მხრივ საქმე გვაქვს ავტობიოგრაფიის მსგავსად ავტორის, იგივე მთხრობელის ანუ პერსონაჟის პიროვნებაზე დაფუძნებულ თხრობას და ამავე დროს აღიარებს რომ არის ფიქცია, გამონაგონი. ავტორი ყვება საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ უფრო რომანული, შელამაზებული ფორმით, შეცვლილი სახელებით და ზოგ შემთხვევაში მხოლობითი რიცხვის მესამე პირში. სერჟ დუბროვსკი, როგორც ამ ახალი ჟანრის ფუძემდებელი, მიიჩნევს, რომ ავტოფიქცია არის "რეალური ფაქტებისა და მოვლენების ფიქცია." ამ შემთხვევაში ფიქცია ხდება საკუთარი მე-ს ძიების საშუალება.