აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია (აზერ. Azərbaycan Respublikasının Prezidentinin Administrasiyası) — უწყება, რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაზე. 1995 წლიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელია რამიზ მეჰდიევი[1]. ადმინისტრაციის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ბაქოში[2].
ადმინისტრაციის მოვალეობაა განახორციელოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება. თავის მხრივ, პრეზიდენტი ქმნის ადმინისტრაციას და ნიშნავს ხელმძღვანელს. ადმინისტრაციის მოვალეობაში შედის კანონპროექტების მომზადება, რომელიც წარდგენილი იქნება მილი მეჯლისში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებების, მიმართვებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება. ადმინისტრაცია ასევე აკვირდება და ამოწმებს პრეზიდენტის კანონების, ბრძანებების შესრულებასა და შესაბამის ანგარიშებს წარუდგენს მას. გარდა ამისა ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს პრეზიდენტის ურთიერთქმედება პოლიტიკური პარტიებიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებთან, აგრეთვე სამთავრობო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს თანამდებობის პირებთან, ადგილობრივ და უცხოურ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ადმინისტრაციაში მოქმედებს წერილების სექტორი, რომელიც აანალიზებს ყველა შემავალ წერილსა და მიმართვას. შემდგომ აგზავნის ადმინისტრაციის ან საჯარო ხელისუფლების შესაბამის სამსახურებში. წერილებისა და მიმართვების ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შედის სხვადასხვა ანგარიშებში და გადაეცემა პრეზიდენტს. პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის მატერიალურ, ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს პრეზიდენტის საქმეთა დეპარტამენტი.
საპრეზიდენტო ადმინისტრაცია მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ისტიგლალიეთის ქუჩაზე. შენობას, რომელშიც ადმინისტრაცია მდებარეობს, ეწოდება საპრეზიდენტო სასახლე. ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს ადმინისტრაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა დეპარტამენტი.