ალფრედ ლენონი | |
---|---|
ალფრედ ლენონი 1966 წელს | |
დაბადების თარიღი |
14 დეკემბერი, 1912 ლივერპული, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
1 აპრილი, 1976 (63 წლის) ბრაიტონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
განათლება | Liverpool Blue Coat School |
საქმიანობა | სტიუარდი, მომღერალი |
მეუღლე(ები) |
ჯულია სტენლი (1938–1958),[1] პოლინ ჯონსი ინგლ. Pauline Jones (1968–1976) |
შვილ(ებ)ი | ჯონ ლენონი |
მშობლები |
მამა: ჯონ „ჯეკ“ ლენონი ინგლ. John (Jack) Lennon დედა: მერი მაგუაიერი ინგლ. Mary (Polly) Maguire |
ალფრედ ლენონი (ინგლ. Alfred Lennon; დ. 14 დეკემბერი, 1912, ლივერპული, ინგლისი — გ. 1 აპრილი, 1976, ბრაიტონი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსის ჯონ ლენონის მამა.[2]
მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, ის და მისი და ედიტი დიდხანს იმყოფებოდნენ ბავშვთა სახლში. ალფი მეტად მახვილგონიერი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ის მღეროდა და უკრავდა ბანჯოზე, მაგრამ პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ალფს ეძახდნენ, შემდგომში მან გამოსცა ჩანაწერი ფრედი ლენონის სახელით, რომლითაც ის გაზეთებშიც მოიხსენიებოდა.
ალფი და ჯულია სტენლი დაქორწინდნენ 1938 წელს. ჯონ ლენონი იყო მათი ერთადერთი ვაჟი, მაგრამ ალფი მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა შორს, ზღვაში და ოჯახისადმი სრულფასოვან ყურადღებას ვერ იჩენდა. ის ფულს უგზავნიდა ცოლ-შვილს, მაგრამ ბოლოს ესეც შეწყდა და ჯულიას პატარა ჯონის აღზრდა მხარზე დააწვა. უიმედობაში მყოფმა ჯულიამ სხვა მამაკაცზე იქორწინა. 1946 წელს შინ დაბრუნებულ ალფს ეს სიახლე დახვდა. ამ დროისთვის ჯონ ლენონი დეიდა მიმის სახლში, მენდიპსში ცხოვრობდა. ალფმა ჯონი ბლექპულში წაიყვანა და გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად ახალ ზელანდიაში წასვლა, სადაც მას ახალი სამუშაო გამოუჩნდა. ამ დროს მათ თავს დაადგა ჯულია და მშობლებმა ორჯერ ჰკითხეს 5 წლის ჯონს, ვისთან ყოფნა ერჩივნა. ჯონმა ორჯერვე მამა აირჩია, მაგრამ ჯულია რომ გაბრუნდა, ჯონი მას ტირილით გამოედევნა. ეს იყო მამა-შვილის ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთი. ამის შემდეგ ალფს თავისი შვილი ”The Beatles-ის” აღზევების ხანამდე არ უნახავს.
ალფი გარდაიცვალა ბრაიტონში, სადაც ის საცხოვრებლად გაემგზავრა მას შემდეგ, რაც იქორწინა 19 წლის პაულინა ჯონსზე.