ანა დონატი | |
---|---|
![]() დონატი 2019 წელს | |
დაბადების თარიღი |
6 აპრილი, 1987 (37 წლის), ბუდაპეშტი, უნგრეთი |
ალმა-მატერი | ლორანდ ეოტვოსის უნივერსიტეტი |
პარტია | „მომენტუმის მოძრაობა“ (2016-დან) |
შვილ(ებ)ი | 1 |
საიტი | https://donathanna.hu |
ანა ჯულია დონატი (დ. 1987 წლის 6 აპრილი) — უნგრელი პოლიტიკოსი. 2019 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში, იგი აირჩიეს „მომენტუმის მოძრაობის“ წარმომადგენლად (ევროპული განახლების ჯგუფის წევრი) ევროპარლამენტში. დონატი იყო პარტიის ლიდერი 2021 წლის 21 ნოემბრიდან 2022 წლის 29 მაისამდე.
ანა დონატი დაიბადა 1987 წლის 6 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლასლო დონატისა და ილდიკო მუნტაგის ოჯახში.[1] იგი სამიდან ყველაზე ახალგაზრდა დედმამიშვილია. მამამისი ლასლო დონატი არის ყოფილი მღვდელი და პარლამენტის ყოფილი წევრი უნგრეთის სოციალისტური პარტიიდან.[2] მამამისის მხრიდან დიდი ბაბუა, ფერენც დონატი არის ებრაული წარმოშობის იურისტი, რომელიც 1956 წლის უნგრული რევოლუციის დროს იყო სოციალისტური მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი მდივანი.[2][3][4][5]
ანა დონატიმ დაწყებითი განათლება მიიღო ვერეს პიტერის უმაღლეს სკოლაში, რომელიც მდებარეობს ბუდაპეშტის ბექასმეგიერის რაიონში.[6] იგი სწავლობდა სოციოლოგიას ბუდაპეშტის ლორანდ ეოტვოსის უნივერსიტეტში, ხოლო მიგრაციას და ეთნიკურ კვლევებს – ამსტერდამის უნივერსიტეტში.[7] სწავლის დასრულების შემდეგ, დონატმა დაასრულა სტაჟირება ევროკომისიაში, სანამ დაბრუნდებოდა უნგრეთში, რათა გამხდარიყო პროექტის მენეჯერი მენედეკში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში.[3][7] 2016 წელს, იგი შეუერთდა „მომენტუმის მოძრაობას“ და 2018 წლის ივნისში ვიცე-პრეზიდენტი გახდა.[8][9] 2018 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დონატი იყო ცენტრისტული პარტიის კანდიდატი.[10] პარტიას არ მოუგია არცერთი ადგილი არჩევნებში.[11]
2018 წლის დეკემბერში, ანა დონატმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი შრომითი კანონის წინააღმდეგ. კანონმა გაზარდა წლიური ზეგანაკვეთური სამუშაო 250-დან 400 საათამდე და საშუალება მისცა ბიზნესკომპანიებს ერთის ნაცვლად სამი წელიწადის განმავლობაში აენაზღაურებინათ ზეგანაკვეთური სამუშაო მშრომელთათვის. ოპონენტებმა ამის გამო კანონს უწოდეს „მონური კანონი“.[12] დონატი დააკავეს საპროტესტო აქციაზე და, მოგვიანებით, გაათავისუფლეს.[13]
ანა დონატი წარდგენილი იყო „მომენტუმის მოძრაობის“ კანდიდატად 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში. იგი იყო რიგით მეორე პარტიულ სიაში და აირჩიეს პარლამენტის ერთ-ერთ წევრად (კატალინ ჩეხთან ერთად) უნგრეთში.[14][15] დონატი წარმოადგენს საკუთარი ოჯახის მესამე თაობას, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ჩართული (მამამისის და დიდი ბაბუის შემდეგ).[16]
ანა დონატი არის ევროპული განახლების პარტიული ჯგუფის წევრი ევროპარლამენტში.[1] იგი მუშაობს სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში. ამ კონტექსტში, იგი, ასევე, არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2022 წელს, იგი შეუერთდა საგამოძიებო კომიტეტს, პეგასუსის და მისი ექვივალენტური სათვალთვალო ჯაშუშური პროგრამების გამოყენების გამოსაძიებლად.[17][18]
საკომიტეტო საქმიანობის გარდა, დონატი არის ალბანეთ–ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის,[1] რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის,[19] და ევროპარლამენტის ჯგუფთაშორისი ლგბტ უფლებების წევრი.[20]
პარლამენტში წევრად არჩევის შემდეგ, 2018 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ანა დონატმა პროკურატურისგან იმუნიტეტი მოიპოვა, თუმცა დონატმა უარი განაცხადა იმუნიტეტით სარგებლობაზე 2019 წლის 29 მაისს.[21]
ანა დონატი აირჩიეს „მომენტუმის მოძრაობის“ ლიდერად 2021 წლის 21 ნოემბერს. მან მოიპოვა ხმების 56.6%, დაამარცხა ანა ოროსი (28.9%) და გაბორ ჰოლაი (14.5%).[22] 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციურმა ალიანსმა „ერთობა უნგრეთისთვის“, რომელთა შორის იყო „მომენტუმის მოძრაობა“, მძიმე მარცხი განიცადა. 2022 წლის 9 მაისს დონატმა განაცხადა, რომ იგი იყო ორსულად და აღარ მიიღებდა მონაწილეობას ახალ პარტიულ არჩევნებში. მისი მემკვიდრე გახდა ფერენც გელენცერი.[23]
2020 დეკემბერში, ანა დონატმა მიიღო ჯილდო The Parliament Magazine-ის ყოველწლიურ MEP Awards-ზე სოციალური მედიის საუკეთესო მოხმარებისთვის.