ანა ოვერნელი | |
---|---|
![]() | |
ბურბონის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 19 აგვისტო, 1371 |
მმართ. დასასრული: | 10 აგვისტო, 1410 |
წინამორბედი: | იზაბელ დე ვალუა |
მემკვიდრე: | მარი ბერელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1358 |
გარდ. თარიღი: | 22 სექტემბერი, 1417 |
მეუღლე: | ლუი II, ბურბონის ჰერცოგი |
შვილები: |
კატრინი ჟან I, ბურბონის ჰერცოგი ლუი იზაბელი |
მამა: | ბეროდ II, ოვერნის დოფინი |
დედა: | ჟანა დე ფორე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ანა ოვერნელი (ფრანგ. Anne de Auvergne; დ. 1358 — გ. 22 სექტემბერი, 1417) — ოვერნის დოფინ ბეროდ II-ისა და ფორეს გრაფინია ჟანა დე ფორეს ასული. ვინაიდან ანა მათი ერთადერთი შვილი იყო, ოვერნიცა და ფორეც მემკვიდრეობით მის ვაჟს, ჟან I ბურბონს ერგო. ბურბონის ჰერცოგინია 1371-1410 წლებში როგორც ლუი II-ის მეუღლე.
ანა დაიბადა 1358 წელს. იგი იყო ოვერნის დოფინ ბეროდ II-ისა და მისი პირველი ცოლის, ჟანა დე ფორეს ასული, რომელიც ფორეს გრაფინია იყო. ანას დედა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც იგი მხოლოდ რვა წლის იყო. ვინაიდან მათ ანას გარდა სხვა შვილი არ ჰყავდათ, ბეროდი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. ანას მამის მხრიდან ჰყავდა ნახევარ-და-ძმები, რომლებიც მას მესამე ცოლთან, მარგარიტა დე სანკერთან ჰყავდა.
როდესაც ანას ათი წელი შეუსრულდა, იგი დანიშნეს მიისავე ბიძაშვილზე, ბურბონის ჰერცოგ ლუი II-ზე. საქორწინო კონტრაქტი 1368 წლის 4 ივლისს დაიდო მონბრიზონში, თავად ქორწინება კი 1371 წლის 19 აგვისტოს შედგა ქალაქ არდეში. ვინაიდან ისინი ბიძაშვილები იყვნენ, მათ ქორწინებაზე პაპის თანხმობა იყო საჭირო, რომელიც მხოლოდ 1370 წლის 15 სექტემბერს მიიღეს.
1372 წლის 15 მაისს ანას ბიძა, ფორეს გრაფი შარლი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ანას, როგორც მის უახლოეს ნათესავს მიენიჭა ფორეს გრაფინიის წოდება. ანამ ფორეს მართვა თავის მეუღლესთან ერთად დაიწყო და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფორე ბურბონებს დარჩათ.
1400 წელს ანას მამა გარდაიცვალა. მართალია მას მესამე ცოლთან ჰაყვდა შვილები, თუმცა ვინაიდან ანა უფროსი შვილი იყო, პრეტენზია გამოთქვა ოვერნის დოფინატზე. ანას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მისი დედინაცვალი მარგარიტა, თუმცა საბოლოოდ ოვერნის დოფინობა მაინც ანამ მიიღო, რომელსაც ბურბონები და ვალუები ეხმარებოდნენ. 1410 წელს ანას მეუღლე, ლუი II გარდაიცვალა. ანამ მხოლოდ შვიდი წელიღა იცოცხლა და 1417 წლის 22 სექტემბერს ისიც გარდაიცვალა. საბოლოოდ ფორეც და ოვერნის ბურბონთა მმართველობაში გადავიდა, ანრი IV-ის გამეფების შემდეგ კი სამეფო დომენს მიუერთდა.