ანდრეი ვოლოკიტინი

ანდრეი ვოლოკიტინი

ანდრეი ვოლოკიტინი, საჭადრაკო ოლიმპიადა 2016 წელი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1986 (1986-06-18) (38 წლის)
დაბადების ადგილი ლვივი,უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2001)
ფიდე რეიტინგი 2687 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2725 (მარტი 2013)
ჯილდოები და პრემიები ღირსების III ხარისხის ორდენი

ანდრეი ვოლოკიტინი (უკრ. Андрій Олександрович Волокітін, ინგლ. Andrei Volokitin) დ. 28 ივნისი, 1986, ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2001), უკრაინის სამგზის ჩემპიონი (2005, 2015, 2021). უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

ანდრეი ვოლოკიტინი 1986 წელს ლვივში დაიბადა. ჭადრაკში მომზადება 9 წლისამ მოსწავლე-ახალგაზრდულ სპორტულ სკოლა „დებიუტში“ დაიწყო, მწვრთნელ ვლადიმირ გრაბინსკისთან. 10 წლისა სპორტის ოსტატის კანდიდატი გახდა, ხოლო 14 წლისამ საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. უკრაინაში სამ სხვადასხვა კატეგორიაში გახდა ვაჟთა ჩემპიონი 1997, 1998 და 2001 წლებში.
1998 წელს ოროპესა-დელ-მარიში მსოფლიოს 12 წლამდელთა ჩემპიონატზე ტეიმურ რაჯაბოვთან ერთად 9,5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი არგუნეს [1]. ბრინჯაოს მედალი აიღო მომდევნო წელს კვლავ ოროპესა-დელ-მარიში მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე. ამჯერად ანდრეიმ 14 წლამდლებში იყოჩაღა. იგი ორ სხვა მოჭადრაკის მსგავსად 8,5 ქულით გავიდა პირველზე, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მესამეზე დაუშვეს.[2] 1999 და 2000 წლებში არტეკში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 16 წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამოვიდა. 1999 წელს სარეზერვო დაფაზე მოთამაშემ გუნდური ოქრო მოიგო, ხოლო 2000-ში პირველ დაფაზე მოთამაშე, ვერცხლს დასჯერდა[3].
2001 წელს 15 წლისამ დიდოსტატის წოდება მიიღო და ნაკრებშიც მიიწვიეს. იგი სარეზერვო დაფაზე, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა და 2-2 მოგება-წაგება გაიფორმა. 2004-ში ფიდეს რეიტინგის საუკეთესო ასეულში შეაბიჯა. იმავე წლის სექტემბერში ხარკივში უკრაინის ჩემპიონატზე იასპარეზა, 6 პარტია მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ოქროს მედალი აიღო. ოქტომბერში ნაკრების შემადგენლობაში კალვიაში საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამოვიდა და მესამე დაფაზე მოთამაშემ გუნდური ოქრო მოიგო. 18 წლისას უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიანიჭეს. 2005 წელს ლოზანაში Young Masters-ის ტურნირი მოიგო და შესრულების რეიტინგში 2984 პუნქტი აიღო[4].
2007 წელს ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე იასპარეზა, 128 მონაწილეს შორის 26-ე იყო და მეორე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. პირველ მატჩში ლე ჰუანგ ლემი დაამარცხა 1,5:0,5, თუმც მეორეში ჩჟოუ ციანჩაოსთან დაძაბულ ბრძოლაში გამოვარდა 3:4. ამის გარდა კიდევ სამ მსოფლიოს თასზე იაპარეზა, თუმც ყველგან პირველივე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა (2005, 2013, 2015). 2012 წლის იანვარში სან-სებასტიანში Donostia Chess Festival's მოიგო, ფინალში დიდოსტატი ვიქტორ ლაზნიჩკა დაამარცხა. ტურნირი განსხვავებული რეგლამენტით ჩატარდა. მოჭადრაკეები ერთამენთს ერთდროულად ორ პარტიას ეთამაშებოდნენ, თეთრი და შავი ფიგურებით. მსგავსი ფორმატით კი შეჯიბრი პირველად გაიმართა და „ბასკური ჭადრაკი“ უწოდეს[5][6]. 2015 წელს ლვივში უკრაინის ჩემპიონი მეორედ გახდა. მან 4 მოიგო, 1 წააგო, 6 ყაიმით დაასრულა და ორ მოჭადრაკეს ერთად (მარტინ კრავცივი და ზახარ ეფიმენკო) პირველზე გავიდა, თუმც შემდეგ ტაი-ბრეიკში აჯობა[7].
2016 წელს ბლედში საერთაშორისო ტურნირზე „ვიდმარის მემორიალზე“ გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა. მან 9 პარტიიდან 5 მოიგო და 4 ყაიმით დაასრულა. სექტემბერში ნაკრების შემადგენლობაში ბაქოში ოლიმპიადაზე იასპარეზა და სარეზერვო დაფაზე მოთამაშემ საოცარი შედეგი აჩვენა. 9 პარტიაში 8 მოიგო, ერთი კი ყაიმით დაასრულა და შესრულების რეიტინგში 2992 პუნქტი აიღო, რაც საერთოდ შეჯიბრზე საუკეთესო იყო და ინდივიდუალური ოქროს მედალიც მისცეს, ნაკრები კი მეორეზე გავიდა. 2021 წელს ხარკივში მესამედ გახდა უკრაინის ჩემპიონი. 11 პარტიიდან 3 მოიგო, 6 კი ყაიმით დაასრულა.

ანდრეი ვოლოკიტინი უკრაინის 84-ე ჩემპიონატზე. მეორე ტური. 2015 წელი
ანდრეი ვოლოკიტინი (შუაში) ინდივიდუალური ოქროს მედლის მფლობელი, 2016 წელი, საჭადრაკო ოლიმპიადა

უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2001-2021 წლებში 12 ტურნირზე იასპარეზა. 5-ჯერ ოლიმპიადაზე, ერთხელ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 6-ჯერ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. ნაკრების შემადგენლობაში სულ 95 პარტია აქვს ნათამაშები, საიდანაც 41 მოიგო, 11 წააგო და 43 დაასრულა ყაიმით. რაც შედეგიანობის 65,8%-ია.
საჭადრაკო ოლიმპიადა:
კალვია 2004. მესამე დაფა. (+6 =5 −1). გუნდური ოქრო
ტურინი 2006. მეორე დაფა. (+2 =3 −2).
დრეზდენი 2008. სარეზერვო. (+2 =5 −0).
სტამბული 2012. მესამე დაფა. (+4 =4 -1). გუნდური ბრინჯაო
ბაქო 2016. სარეზერვო. (+8 =1 -0). გუნდური ვერცხლი, ინდივიდუალური ოქრო
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი:
ბეერ-შევა 2005. მესამე დაფა. (+1 =5 −1).
ევროპის გუნდური ჩემპიონატი:
ლეონი (ესპანეთი) 2001. სარეზერვო. (+2 =0 −2).
კრეტა 2007. მესამე დაფა. (+3 =5 −1).
ნოვი-სადი 2009. მეორე დაფა. (+3 =4 −1). გუნდური ბრინჯაო, ინდივიდუალური ბრინჯაო
ვარშავა 2013. მეორე დაფა. (+3 =4 −1).
ბათუმი. 2019. მესამე დაფა. (+1 =3 −2). გუნდური ვერცხლი, ინდივიდუალური ბრინჯაო
ჩატეჟი. 2021. მეორე დაფა. (+4 =4 −0). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ოქრო.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ჩრდ.მაკედონიური SK Alkaloid-ის შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზა. მესამე დაფაზე 5 პარტია მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვა, კლუბი კი მე-11-ზე გავიდა.
2011 წელს ბაქოს „სოკარის“ შემადგენლობაში გუნდური ვერცხლი აიღო. იგი მეხუთე დაფაზე თამაშობდა, 4 მოიგო, 1 წააგო, 1 კი ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალურში მე-7 ადგილზე გავიდა.
2012-ში Ashdod City Club-ის ღირსება დაიცვა. ანდრეიმ მეორე დაფაზე ითამაშა, 2 მოიგო, 4 კი ყაიმით დაასრულა და პირადი ოქროს მედალიც აიღო. კლუბი კი მეექვსეს დასჯერდა.

სწავლობდა ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნულ უნივერსიტეტში.

ღირსების III ხარისხის ორდენი (2004 წელი)[8]

  • Andrei Volokitin, Vladimir Grabinsky, Perfect Your Chess (Gambit, 2007) ISBN 1-904600-82-4
  • Andrei Volokitin, Vladimir Grabinsky, Allenamento intensivo di livello superiore (Prisma Editori, 2008) ISBN 978-88-7264-112-5
  • «Искусство шахмат. Самоучитель для вундеркиндов» — Андрей Волокитин, Владимир Грабинский — Издательство: Рипол Классик, 2008 г.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. [1]. THE WEEK IN CHESS 209 - 9th November 1998 by Mark Crowther
  2. [2]. THE WEEK IN CHESS 261 8th November 1999 by Mark Crowther
  3. 5th World Youth U16 Chess Olympiad: Artek 1999 OlimpBase
  4. Volokitin wins Young Masters in Lausanne ChessBase
  5. Karlovich, Anastasiya. (2012-01-06) Volokitin wins double-game tournament in Donostia. ChessBase. ციტირების თარიღი: 15 December 2015.
  6. CHESS Magazine: Basque Chess – does it work for you?!. ChessBase (2012-02-29). ციტირების თარიღი: 15 December 2015.
  7. GM Andrei Volokitin is the 2015 Ukraine Chess Champion. Chessdom. ციტირების თარიღი: 15 December 2015.
  8. Указ Президент України від 4 листопада 2004 року № 1373/2004 «Про відзначення державними нагородами України»