ანისულის ხე

ანისულის ხე, სამკურნალო სასაფრასი (ლათ. Sassafras officinale) — მერქნიანი მცენარე დაფნისებრთა ოჯახისა. 12-15, იშვიათად 24-27 მ სიმაღლის ხე, ზოგჯერ ბუჩქი. მორიგეობით განლაგებული ფოთლები წაგრძელებული ან უკუკვერცხისებრი აქვს, ყვავილი — მოყვითალო-მწვანე, ნაყოფი — კენკრა.

მისი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. ფოთოლმცვივანია. ხის გამძლე და სურნელოვანი მერქნისაგან ამზადებენ ავეჯს, ნავებს, რკინიგზის შპალებს, ბოძებს, კასრებსა და სხვა. მერქნისაგან მიიღება შარდსადენი საშუალებაც, ხოლო ფესვები შეიცავს 9%-მდე ეთეროვან ზეთსა და 58%-მდე მთრიმლავ ნივთიერებას, რომლებსაც მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ.

ანისულის ხე დეკორატიული მცენარეა, გაშენებულია სოხუმის ბაღებში, თუმცა ზამთარგამძლეობის გამო შესაძლებელია მისი კულტივირება საქართველოს სხვა რაიონებშიც. ზოგჯერ მარადმწვანე ბადიანსაც ანისულის ხეს უწოდებენ.