ანჯელინო დულჩერი, დულჩერტი (ლათ. Angelino Dulcert) — XIV საუკუნის იტალიელი კარტოგრაფი, მოღვაწეობდა კუნძულ მალიორკაზე.
დულჩერის ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. შესაძლოა ის იყო გენუელი, სხვა ვერსიით კი — კატალონიელი. ხშირად მას აიგივებენ ანჯელინუს დე დულჩეტოსთან, 1325 წლით დათარიღებული პორტოლანის (რუკებით ილუსტრირებული საზღვაოსნო ცნობარის) ავტორთან.
ანჯელინო დულჩერის ცნობილი ლათინურენოვანი პორტოლანი 1339 წლით თარიღდება და, გარდა იმდროინდელი სავაჭრო მარშრუტების აღწერისა, უხვ მასალას შეიცავს მსოფლიოს ქვეყნების დროშების შესახებ. დულჩერის პორტოლანზე გამოსახული ფაქტობრივად ყველა დროშა აღნიშნავს რომელიმე ქვეყანას, მხარეს ან ქალაქს. დროშების მეშვეობით ზუსტად არის შემოსაზღვრული ცალკეული ქვეყნების ტერიტორიები და კონკრეტული ქვეყნების თუ ქალაქების მიერ დაპყრობილი ან თავისი გავლენის ქვეშ მოქცეული მიწები. პორტოლანი დაცულია პარიზში, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციაში.
საქართველოს სახელმწიფოსთან დატანილია ორი ხუთჯვრიანი დროშა. სებასტოპოლისთან ანუ სოხუმთან აღმართულია ერთი ხუთჯვრიანი დროშა, რომლის მეორე ნახევარზე ემატება თეთრ და მოლურჯოზოლებიანი ალამი. მეფე გიორგი V ბრწყინვალეს ამ დროისათვის დასავლეთ საქართველო უკვე შემოერთებული ჰქონდა, მაგრამ არ არის გამორიცხული დროშის ეს მეორე ნაწილი ერთიანი საქართველოს შიგნით სამეფოს დასავლეთ ნაწილის გარკვეულ ავტონომიურობაზე მიუთითებდეს.
მეორე ხუთჯვრიანი დროშა აღმართულია ქალაქ თბილისის აღმნიშვნელი მოზრდილი ციხესიმაგრის გამოსახულებაზე. დროშების მეშვეობით მოხაზულია საქართველოს სამეფოს საზღვრები. ამ ხუთჯვრიან დროშებს ჩრდილოეთიდან ემიჯნებიან ოქროს ურდოს წითელი სიმბოლიკის მქონე დროშები. სამხრეთ-დასავლეთიდან ხუთჯვრიან წითელ დროშებს საზღვრავს ტრაპიზონის ორთავიანი არწივი, ხოლო სამხრეთიდან — ილხანთა დროშები.
ვერტიკალურად დატანილი ლიხის ან კავკასიონის მთის დასავლეთით, მარცხნივ, ქვემოთ, გაკეთებულია წარწერა: Georgiania (საქართველო). ეს წარწერა გულისხმობს საქართველოს მთელ ტერიტორიას. მესამე წითელი ხუთჯვრიანი დროშა მცირე აზიაში, ქალაქ სევასტიის (ახლანდ. სივასი) თავზეა და ერთგვარად სოლივით არის შეჭრილი ტრაპიზონის იმპერიის და ილხანთა სახელმწიფოს საზღვრებს შორის, შემდეგ კი ემიჯნება თურქეთს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს დროშები მონღოლთა და ქართველთა, ჩობან ნოინის და გიორგი ბრწყინვალის მიერ მცირე აზიაზე მოწყობილი ერთობლივი ლაშქრობის გამოძახილი უნდა იყოს.