არტაანის ოკრუგი (რუს. Ардаганский округ) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ყარსის ოლქის შემადგენლობაში, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების ტერიტორიაზე. არსებობდა 1883-1921 წლებში.
მოიცავდა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (მესხეთის) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. მის შემადგენლობაში შედიოდა: კოლა, არტაანი, ჩილდირი და სამცხის სამხრეთი ნაწილი ფოცხოვი.
არტაანის ოკრუგს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრებოდა ყარსის ოკრუგი, რომლისგანაც აღბაბის მთიანეთით და ყარსის ქედით გამოიყოფოდა, სამხრეთ-დასავლეთით ყანლუს მთაგრეხილით ემიჯნებოდა ოლთისის ოკრუგს. დასავლეთით ართვინისა და ბათუმის ოკრუგები ესაზღვრებოდა და მათი გამყოფი სასაზღვრო ხაზი არსიანის ქედს გასდევდა. ჩრდილოეთით თბილისის გუბერნიის ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებით იმიჯნებოდა მდინარეებით ფოცხოვით, ჯაყით, ქარზამეთით, მტკვრითა და თილილის, შამბაბელისა და არტაანის მთებით.
არტაანის ოკრუგი ყარსის ოლქის სამხრეთ ნაწილისაგან მტკვრისა და არაქსის აუზების წყალგამყოფი ყარსის ქედით იყო გამოყოფილი და მტკვრისა და ფოცხოვის ხეობების ზემო წელს მოიცავდა. ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით თბილისის გუბერნიასთან იყო დაკავშირებული.
შეიქმნა 1883 წლის 12 ივნისს, მას შემდეგ, რაც ეს მხარე დათმო რუსეთ-ოსმალეთის ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა. იგი იყოფოდა არტაანის, კოლის, ჩილდირისა და ფოცხოვის უბნებად. 1900 წელს მასში შემავალი საპოლიციო უბნები სასოფლო საზოგადოებებად დაყვეს.
1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა თურქეთს ყარსისა და ბათუმის ოლქები დაუთმო. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ არტაანის ოკრუგი მოხვდა პროთურქული ყარსის რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1919 წელს ოკუპირებული ჰქონდა ბრიტანეთის ჯარს. 1920 წლის ივლისში არტაანის ოკრუგი ბათუმის ოლქთან ერთად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თურქეთმა იმავე წლის 23 თებერვალს არტაანის მხარის ოკუპაცია მოახდინა. 1921 წლის რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებით არტაანის ოკრუგი თურქეთმა შეიერთა.
რუსეთის იმპერიას შეერთების გამო ოკრუგიდან ემიგრაციაში წავიდა 22743 მუსლიმი ქართველი. ოკრუგში, განსაკუთრებით კოლის, არტაანისა და ჩილდირის უბნებში, მოსახლეობის მნიშვნელოვან უმრავლესობას თურქები, თურქმენები, ყარაფაფახები და ქურთები შეადგენდნენ, სხვა ერების წარმომადგენლები - სომხები, ბერძნები და რუსები უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ. 1883 წლის აღწერით აქ 9 სული ქრისტიანი და 6 მაჰმადიანი ქართველი (აჭარელი) ყოფილა. სულ დასახლებული იყო 282 პუნქტი, მოსახლეობის რაოდენობა 40 624.[1] არტაანის ოკრუგის ყველაზე ქართული რეგიონი ფოცხოვის უბანი იყო. 1917 წლისთვის ოკრუგის 56 ათასი მცხოვრებიდან ქართველი იყო 15 ათასი.