პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არჩილ არველაძე | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1973 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
იბერია თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1993 | დინამო თბ. | 57 | (35) |
1993–1997 | ტრაბზონსფორი | 46 | (17) |
1997–2000 | ნაკ ბრედა | 90 | (32) |
2000–2003 | კიოლნი | 29 | (7) |
2003–2004 | დინამო თბ. | 0 | (0) |
2004–2005 | ლოკომოტივი | 0 | (0) |
სულ | 221 | (91) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1994–2001 | საქართველო | 32 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არჩილ (აჩი) არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტრაპიზონის „ტრაბზონსფორის“, ბრედას „ნაკ ბრედას“, კიოლნის „კიოლნის“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელი (1996) „ტრაბზონსფორის“ შემადგენლობაში.
არჩილ არველაძე საფეხბურთო კარიერას 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ იწყებს, რომელიც იმ დროს „იბერიის“ სახელით ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატზე. დედაქალაქურ კლუბში იგი 1991–1993 წლებში თამაშობს, რა დროსაც ეროვნული ჩემპიონატის 57 მატჩში 35 გოლი გააქვს. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. აქ იგი თურქეთის სუპერლიგის 46 შეხვედრას ატარებს და 17-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[1] „ტრაბზონსფორიდან“ 1997 წელს ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ბრედაში“ გადადის, რომლის მაისურით ეროვნული პირველობის 90 მატჩში იღებს მონაწილეობას და 32 გოლის გატანას ახერხებს. 2000 წელს ბუნდესლიგის მონაწილე „კიოლნის“ რიგებში აგრძელებს კარიერას, სადაც 29-ჯერ გამოდის მოედანზე და 7 გოლი გააქვს. საფეხბურთო კარიერას ტრავმის გამო 32 წლის ასაკში 2005 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ასრულებს.[2]
1994–2001 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 32 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[4][5][6]
1994 წლის 23 თებერვალს ისრაელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ არველაძე პირველად გამოდის მინდორზე ეროვნული ნაკრების მაისურით.[7] 2001 წლის 6 ივნისს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში იგი ბოლოჯერ იცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.[8]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
1994 | 4 | 0 |
1995 | 3 | 0 | |
1997 | 7 | 3 | |
1998 | 3 | 1 | |
1999 | 3 | 0 | |
2000 | 8 | 1 | |
2001 | 4 | 1 | |
ჯამში | 32 | 6 |
არჩილის ძმებიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. მისი უფროსი ძმაც რევაზ არველაძე „კიოლნში“ თამაშობდა, ხოლო არჩილის ტყუპი ძმა შოთა არველაძე 1997–2001 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, სადაც მან 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა.[9]