ბაიზე ან ჰაკუტაკუ — ფანტასტიკური არსება ჩინურ და იაპონურ მითოლოგიურ პანთეონში. მისი სახელი სიტყვასიტყვით "თეთრ ჭაობს" ნიშნავს.
ჩინური ლეგენდის თანახმად, როდესაც ყვითელი იმპერატორი თავის მიწებზე სამოგზაუროდ გაეშურა, ქვეყნის აღმოსავლეთში, ზღვასთან ახლოს, მთაზე ავიდა, სადაც ბაიზეს შეხვდა. გარეგნულად ბაიზე რქებიან ლომს ჰგავდა, ადამიანივით საუბრობდა და დიდი გონიერებით გამოირჩეოდა. ბრძენმა ცხოველმა ჰუან-ძის სამყაროში არსებული 11 520 განსხვავებული ზებუნებრივი არსების (იოკაის) შესახებ მოუყვა, რომლებიც მთებში, ტყეებში, მდინარეებში, ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობდნენ. არავის, ღვთაებრივი მბრძანებლის ჩათვლით, არ გააჩნდა ასეთი ინფორმაცია ურჩხულების, სულების, დემონებისა და სხვა ზებუნებრივი არსებების შესახებ, როგორც ბაიზეს. იმპერატორმა ქვეშევრდომებს უბრძანა ბაიზეს ყოველი სიტყვა ჩაეწერათ და შეიქმნა წიგნი სახელად Bái Zé Tú (白泽图/白澤圖), რომელშიც დეტალურად აღიწერა იმპერიაში ბინადარი ყველა ზებუნებრივი არსება.
იაპონიაში, ჩინურ ბაიზეს მსგავს არსებებს, კუტაბეს ან ჰაკუტაკუს უწოდებენ. ლეგენდების თანახმად მისი შეხვედრა მხოლოდ ისეთ ადგილებშია შესაძლებელი, სადაც ბრძენი და კეთილშობილი ხელმწიფე მბრძანებლობს. კუტაბეს რამდენიმე წლით ადრე შეუძლია საშინელი გვალვებისა და მომაკვდინებელი ჭირის წინასწარმეტყველება. ჰაკუტაკუ, ეს არის, ბრძენი ქიმერა, რომელიც თეთრ ხარს წააგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით ცხრა თვალი (სამი თავზე და სამ-სამი განიერ გვერდებზე) და 6 რქა აქვს, ხანდახან კი 8 თვალა ლომის გარეგნობით წარუდგება ადამიანებს. თვალების რაოდენობა სხვადასხვა ინტერპრეტაციიდან გამომდინარე განსხვავებულია. გვხვდება შემთხვევა, როდესაც ჰაკუტაკუ ერთთვალა ცხოველადაა წარმოდგენილი, თვალი შუბლის ცენტრშია განთავსებული. ტრადიციულად კუტაბეს ხის ძირას მჯდომიარეს გამოსახავენ. ჰაკუტაკუ ძლიერ გონიერია, ესმის და თავისუფლად საუბრობს ადამიანების ენაზე. მისთვის ამ სამყაროში ყველაფერია ცნობილი. იმის გამო, რომ ჰაკუტაკუმ ყველაფერი იცოდა იოკაებისა და მონსტრების შესახებ, მისი გამოსახულებები ედოს ეპოქის იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მის გამოსახულებებს ბნელი ძალების, ავი სულებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან დასაცავად ყიდიდნენ. ითვლებოდა, რადგან ბრძენმა ჰაკუტაკუმ ყველასი და ყველაფრის შესახებ იცოდა, ბოროტი იოკაები მისგან შორს იჭერდნენ თავს.
ლეგენდების თანახმად, კუტაბე, ტოიამას პრეფექტურაში, ტატეს მთაზე ბინადრობს. ამ არსებამ, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ადამიანები იმ მომაკვდინებელი ჭირის შესახებ გააფრთხილა, რომელსაც იაპონიის მიწები უნდა მოეცვა. კუტაბემ გლეხებს მაგიური თილისმების დამზადება ასწავლა. თილისმებმა მომაკვდინებელი ჭირისგან ყველა გადაარჩინა. მას შემდეგ ჰაკუტაკუს სხვა დანარჩენთან ერთად თაყვანს სცემდნენ როგორც მედიცინის სიმბოლოსაც.
იაპონურ მანგასა და ანიმეში „ცივსისხლიანი ჰოძუკი“ ჰაკუტაკუ წარმოდგენილია კარიკატურულ-კომედიურ როლში ალკოჰოლისა და ქალების მოყვარულ ყმაწვილად. 2012 წელს მანგა ნომინირებული იყო მანგა ტაისოს პრემიაზე[1]. შესაბამის მედიაში მანგაც და ანიმეც დიდი დროის განმავლობაში იკავებდა ადგილს ყოველკვირეული ბესტსელერების ათეულში. 2012 წელს იგი ერთ-ერთი იყო იმ 15 მანგას შორის, რომლებიც ნომინირებულნი იყვნენ Manga Taishō-ს მეხუთე პრემიაზე. 2014 წელს კი მანგამ მეხუთე ადგილი დაიკავა Media Factory-ის "წლის წიგნის" ნომინაციაზე[2][3][4].