ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
![]() მუზეუმის ძირითადი შენობა | |
50°44′12″ ჩ. გ. 7°06′05″ ა. გ. / 50.736889° ჩ. გ. 7.101389° ა. გ. | |
დაარსდა | 1893 წ. |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ბონი |
კლასიფიკაცია | სახლ-მუზეუმი |
დირექტორი | მალტ ბოკერი |
ოფიციალური საიტი | beethoven.de/home |
![]() |
ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი (გერ. Beethoven-Haus) - კომპოზიტორ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი გერმანიაში, ქალაქ ბონში. მუზეუმი დაარსდა 1889 წელს, შეისწავლის ბეთჰოვენის ცხოვრებას და შემოქმედებას. არსებობის 120 წლის განმავლობაში მუზეუმმა მსოფლიოში ბეთჰოვენთან დაკავშირებული უდიდესი კოლექცია შეაგროვა. მასში შედის ათასამდე ხელნაწერი (წერილები, ნოტები).. ორ ათასამდე ხელოვნების ნიმუში (პორტრეტი, ქანდაკება, ფოტოგრაფია) და ა.შ.
მუზეუმი რამდენიმე შენობას მოიცავს ბონგასეს ქუჩაზე. უშუალოდ მუზეუმი მდებარეობს შენობაში, სადაც ბეთჰოვენი დაიბადა და ცხოვრების პირველი წლები გაატარა. [1] მუზეუმს ახლავს ბაღი, რომელშივ ინახება ბეთჰოვენის ბიუსტების კოლექცია. ირგვლივ მდებარე შენობებში გაბთავსებულია მუზეუმის ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, მუსიკალური დარბაზი და კვლევითი ცენტრი. მუზეუმს აფინანსებს ორგანიზაცია ბეთჰოვენ-ჰაუსი, მიიღება შემოწირვებიც.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა ბონგასეს ქუჩის 20 (ყოფილ 515) ნომერში. ბაროკოს სტილის შენობა 1700 წელს ქვისგან იყო აგებული. იმ პერიოდის საშუალო სოციალური ფენის სახლებიდან დღემდე სხვა ცოტა თუა შემორჩენილი. ეს ადგილი - სასახლის, მერიის, ბაზრისა და მდინარის შუაში - ადრე ქალაქის ცენტრად ითვლებოდა.
ბეთჰოვენის გარდაცვალების შემდეგ, 1827 წელს, სახლში და მის ირგვლივ სხვა ოჯახები ცხოვრობდნენ. შენობის უკანა ეზოში აიგო მცირე ზომის ხის სახლი, თავდაპირველი ხის კარი კარიბჭედ შეიცვალა. ბეთჰოვენის დაბადების ადგილად სახლი ბეთჰოვენის მეგობრებმა ექიმმა ფრანც ვეგელერმა და მასწავლებელმა კარლ კრაიცელმა აღიარეს დაახ. 1840 წელს. ამის შემდეგ სახლის ახალმა მფლობელმა პირველ სართულზე გახსნა რესტორანი სახელწოდებით "Beethoven's Geburtshaus" („ბეთჰოვენის დაბადების ადგილი“). შემდგომში სახლი კიდევ რამდენიმეჯერ გაიყიდა.
1889 წელს ჩამოყალიბდა ბეთჰოვენ-ჰაუსის ასოციაცია, რომლის მიზანი ბეთჰოვენის სახლის შენარჩუნება და დანგრევისგან გადარჩენა იყო. ასოციაციამ სახლი გამოისყიდა და მისი მემორიალად ქცევა დაგეგმა. იმ დროისთვის შენობის ბეთჰოვენის დროინდელი გარეგნობა ნაწილობრივ შემორჩენილი იყო, მაგრამ მუზეუმის მოსაწყობად დამატებითი მცირე ცცლილებების შემოტანა გახდა საჭირო.
მუზეუმი საჯაროდ 1893 წლის 23 მაისს გაიხსნა. მუზეუმის თავდაპირველი კონცეპტი შენობის რეჯონსტრუქცია და მცირედი კოლექციის გამოფენა იყო; შემდგომში კონცეპტი შეიცვალა და მუზეუმი დროის კაპსულის სტილს მიუახლოვდა. [2] კოლექცია შეიცავდა ბეთჰოვენის ცხოვრებასთან და შემოიქმედებასთან დაკავშირებულ ნოტებს, პორტრეტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ა.შ. [3]
სახლის დასაცავად ასოციაციამ იმავე წელს მეზობელი, ნომერი 23 სახლი იყიდა, ხანძრისგან დამცავი კედელი ააგო და ისევ გაყიდა. სახლი ნომერი 18, რომელშიც ბეთჰოვენი მოინათლა და სადაც მისი ნათლია ცხოვრობდა 1907 წელს იყო ნაყიდი მუზეუმის გასაფართოვებლად. შემდგომში იქ არქივი მოთავსდა. მუზეუმის ტერიტორიის საბოლოო ჩამოყალობებისას შენობები ერთმანეთთან დააკავშირეს.
მუზეუმი ოროვე მსოფლიო ომი თითქმის უვნებლად გადაიტანა. მუზეუმის კოლექცია მიწისქვეშ იყო გადამალული. 1944 წელს, ბონის დაბომბვისას, ბომბი მუზეუმის სახურავს მოხვდა. ის განადგურებისგსნ მებაღეებმა გადაარჩინეს. Ortwin [4] 1985 წელს ბეთჰოვენის სახლი და მისი მიმდებარე შენობები ისტორიულ მონუმენტებად გამოცხადდა.
მუზეუმი დაარსებისთანავე მართავდა კლასიკური მუსიკის კონცერტებს და ყოველთვის ახლდა საკონცერტო დარბაზი. დღევანდელი დარბაზი გაიხსნა 1989 წელს, ბეთჰოვენ-ჰაუსის ასოციაციის მეასე წლისთავისთვის. დარბაზს ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის - ჰერმან აბსის სახელი დაარქვეს; მას დარბაზის აშენებაში დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი. დარბაზი ნახევრად ოვალურ ამფითეატრს წარმოადგენს 199 დასაჯდომი ადგილით. არქიტექტორებმა კლაუს მიულერმა და თომას ვან დენ ვალენტინმა დარბაზისთვის 1989 წელს გერმანიის არქიტექტორული ჯილდო და 1991 ინტერიერის დიზაინის ოქროს ჯილდო მიიღეს. [5] შესაძლოა დარბაზის ქირაობა.
მუზეუმის მუსიკალურ დარბაზში წლიურად ორმოცამდე ღონისძიებას ატარებს, მათგან უმეტესობა კლასიკური მუსიკის პოპულარიზირებაზეა ორიენტირებული. [6] ძველებური ატმოსფეროს შესაქმნელად მუსიკა ხშირად ბეთჰოვენის დროინდელ ინსტრუმენტებზე ან მათ ასლებზე იკვრება. ღონისძიებებში როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ.
ტარდება ასევე საბავშვო ღონისძიებები და ინტერაქტიული პროგრამები დაწყებითი კლასებისთვის. მათი მიზანი ბავშვებისთვის კლასიკური მუსიკის და კერძოდ ბეთჰოვენის გაცნობაა. ხშირად ტარდება სასკოლო ექსკურსიებიც.