სოფელი | |
---|---|
ბორითი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბორითი |
კოორდინატები | 42°06′46″ ჩ. გ. 43°16′12″ ა. გ. / 42.11278° ჩ. გ. 43.27000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 557[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბორითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ამაშუკეთი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი).
მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ხარაგაულიდან 28 კილომეტრი. სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა,[2] ბიბლიოთეკა.[3]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 557 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 784 | 376 | 408 |
2014[1] | 557 | 278 | 279 |
სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება: იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია, ხშირფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი — ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრონველის სახელიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება „ბორ-ით-ი“. სახეწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია ულამაზეს გორაზე და ფრთაგაშლილ ფრინველს მოგვაგონებს.
სოფელ ბორითში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფლის სასაფლაოზე დგას ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია (IX-X სს). იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის ზარი 40 კგ-ს იწონიდა, მისი ხმა უბისის მონასტრამდე აღწევდა. XX საუკუნის 40-იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდეგ კი სოფლის საავადმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დაბრუბებულ იქნა ტაძარში და გამოიყენეს მისი აღდგენისათვის.
ბორითში მდებარეობს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალი (42°06′28″ ჩ. გ. 43°15′42″ ა. გ. / 42.10778° ჩ. გ. 43.26167° ა. გ.). დღეს მის თავზე ჩქაროსნული ესტაკადა გადის.