ბრამეა

ბრამეა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brahmaea

ბრამეა (ლათ. Brahmaea) — პეპლების გვარი ბრამეასებრნთა ოჯახისა. ცნობილია პალეოგენის ბოლოდან. გვარში რამდენიმე სახეობაა შემორჩენილი, თითოეული მათგანი ენდემურია და იზოლირებული არეალით ხასიათდება. საქართველოში გავრცელებულია პონტური ანუ კოლხური ბრამეა (ლათ. Brahmaea ledereri). დიდი ზომის (ფრთების შლილი 9-10 სმ) ღამის პეპელაა, მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვს და თეთრი ტალღისებური ზოლები დაჰყვება. დენდროფილია. კვების რეჟიმით დაკავშირებულია ჩვენი ფლორის უძველეს წარმომადგენელთან, წყავმაზასთან. ბინადრობს კოლხეთში, სუბტროპიკული ტყის ტენიან და დახურულ ხეობებში. რელიქტია. კოლხეთის განაშენიანების შემდეგ მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

კოლხურ ბრამეასთან გენეტიკურად ახლოს დგას ჰირკანული ბრამეა, რომელიც გავრცელებულია აზერბაიჯანში, თალიშში.