„ბრმა მკვლელი“ (ინგლ. Blind Assassin) — კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის რომანი, რომელიც გამოიცა 2000 წელს, გამომცემლობა McClelland and Stewart-ის მიერ.
„ბრმა მკვლელი“ აერთიანებს ოჯახური საგის, ისტორიული, სასიყვარულო და დეტექტიური რომანების, ასევე, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს.
რომანი 15 თავისაგან შედგება და რთული სტრუქტურით გამოირჩევა. წამყვან სიუჟეტურ ხაზს ქმნის მთავარი მოქმედი პირის — აირის ჩეიზის მიერ პირველ პირში მონათხრობი — მისი თავგადასავალი აწმყოში (90-იან წლებში), რასაც ენაცვლება მის მიერ ჩეიზების ოჯახის წარსულის (1870-1920 წლები) და თავად აირისისა და მისი უმცროსი დის — ლორას თავგადასავლების (1920-დან 40-იანი წლების ჩათვლით) გახსენება. მეორე სიუჟეტურ ხაზს კი წარმოადგენს "ქვე-რომანი" "ბრმა მკვლელი", რომლის ავტორადაც წიგნის დასაწყისში ლორა ჩეიზია დასახელებული. თავის მხრივ, "ქვე-რომანიც" ორმაგი რომანია: აქაც, წამყვანი ხაზია უცნობი ქალისა და მამაკაცის რომანტიკულ-ეროტიკული ურთიერთობა, რა დროსაც მამაკაცი ქალს უამბობს გამოგონილი პლანეტა ზიკრონის დედაქალაქ საკიელ-ნორნში მომხდარი ამბების შესახებ. "ქვე-რომანის" ცალკეული თავები მთავარი სიუჟეტური ხაზის თავებს შორის არის ჩართული. ამრიგად, საბოლოოდ, რომანში ერთდროულად სამი სხვადასხვა სიუჟეტია გაერთიანებული, რომელთა შორის კავშირიც ნელ-ნელა ხდება ნათელი. საბოლოოდ, "მთავარი რომანისა" და "ქვე-რომანის" ხაზები წიგნის დასასრულ თავებში იკვეთება, წერილში, რომელსაც აირისი წერს თავის შვილიშვილს — საბრინას.
ცალკეული მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენები რომანში ხშირად გადმოცემულია საგაზეთო ქრონიკის სახითაც, გამოგონილი გაზეთების — "ტორონტო სტარის", "გლოუბ მეილის", "პორტ ტიკონდერონგას ბიულეტენის", "მეიფეარის" და სხვ. სტატიების მეშვეობით.
რომანის მოქმედება მიმდინარეობს კანადაში — ტორონტოსა და გამოგონილ პატარა ქალაქ პორტ ტიკონდერონგაში. ჩეიზების ოჯახის წევრების თავგადასავალი ვითარდება მეოცე საუკუნის ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე, როგორიცაა პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ესპანეთის 1936-39 წლების სამოქალაქო ომი და დიდი დეპრესია. რომანში ნათლადაა ასახული მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში კანადაში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ძვრები, წინა პლანზეა წამოწეული კანადური საზოგადოების ფორმირების ასპექტებიც.
კრიტიკის რეაქცია რომანზე არაერთგვაროვანი იყო. რეცენზიების ნაწილი რომანს საინტერესოდ მიიჩნევდა და გამოარჩევდა წიგნის რეალისტურობას, ავტორის ორიგინალურ წერის სტილს და შავ იუმორს[1][2][3]. New York Times-ის კრიტიკოსმა დაიწუნა რომანის მხატვრული დონე და იმედგაცრუებად და ცუდად დაწერილად მიიჩნია ის [4]. ამის მიუხედავად, წიგნს არაერთი ჯილდო ერგო: ბუკერის პრემია (2000 წელს), ჰემეტის პრემია (2001 წელს). იგი ასევე იყო წარდგენილი გენერალ-გუბერნატორის, ორანჯის და დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებზეც[5]. ჟურნალმა Time-მ იგი ყველა დროის საუკეთესო 100 ინგლისურენოვანი რომანის სიაში შეიყვანა [6]
ქართულ ენაზე რომანი 2014 წელს ითარგმნა, "ბრმა მკვლელის" სახელწოდებით და გამოიცა გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ. თარგმანი შეასრულა თამარ ჯაფარიძემ. თარგმნა და გამოცემა განხორციელდა კანადის სახელოვნებო საბჭოს (Canada Council for the Arts) ხელშეწყობით.