ბუტირიბოლეტუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Butyriboletus D.Arora & J.L.Frank (2014) | |||||||||||||
|
ბუტირიბოლეტუსი (ლათ. Butyriboletus) — სოკოების გვარი ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომელიც 30-მდე სახეობას აერთიანებს. გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას.[1][2][3] გვარი პირველად განსაზღვრეს ამერიკელმა მიკოლოგებმა დევიდ არორამ და ჯონათან ლ. ფრენკმა 2014 წელს. გვარის ტიპური წარმომადგენელია Butyriboletus appendiculatus.
ქუდი — დიდი ან საშუალო ზომის, მომრგვალო, ამოზნექილი, გლუვი, წითელი ან ყავისფერი. ფეხი — ყვითელი ან მოწითალო ელფერით, ზედა ნაწილი ხშირად დაფარულია ბადისებრი გამოსახულებით. დაზიანებისას ხშირად ლურჯდება. ქუდის რბილობი მკრთალ-ყვითელია, გაჭრისას არათანაბრად ლურჯდება. ფეხის რბილობი ხშირად წითელ-ღვინისფრად არის შეფერილი. ჰიმენოფორი — ფორებიანი, ყვითელი. ფორები დაზიანებისას ხშირად ლურჯდება. სპორები — თითისტარისებრი, სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი.[2]
იზრდება ნიადაგზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას წარმოქმნის სხვადასხვა სახეობის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან.
უმეტესობა საჭმელად ვარგისია, განსაკუთრებით დაფასებულია: Butyriboletus fechtneri, Butyriboletus subappendiculatus, Butyriboletus appendiculatus, Butyriboletus regius და Butyriboletus roseoflavus.