სოფელი | |
---|---|
გიუნეშლი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ართვინის პროვინცია |
რაიონი | არჰავი |
კოორდინატები | 41°17′56″ ჩ. გ. 41°20′31″ ა. გ. / 41.29889° ჩ. გ. 41.34194° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჯგიაზონა |
მოსახლეობა | 72 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2] |
სასაათო სარტყელი | UTC+3 და თურქეთის დრო |
საფოსტო ინდექსი | 08200 |
გიუნეშლი (თურქ. Güneşli) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 85 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ არჰავიდან 9 კილომეტრში[3]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 71 ადამიანი ცხოვრობს[4].
სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ჯგიაზონა.[5]
სოფელი გიუნეშლის ძველი სახელი არის გვიაზონა / გვიაზონა. გვიაზონა (ჯგიაზონა) ლაზური ტოპონიმია. გვიაზონა ლაზურად ნიშნავს „გზიან ბაღს“.[6] ცენტრალური უბნის ძველი სახელი თაქამანდენი (თაქამანდენი), ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია როგორც სოფლის ძველი სახელი.[7]
რეგიონი, სადაც გვიაზონა მდებარეობს, ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა ეს რეგიონი დაიპყრეს 1461 წელს, მას შემდეგ რაც იქიდან ტრაპიზონის იმპერია განდევნეს. გვიაზონა მდებარეობდა არჰავიში, რომელიც ოსმალეთის პერიოდში ლაზისტანად წოდებულ რეგიონში შედიოდა. ადრეულ ოსმალურ ჩანაწერებში ის მოხსენიებულია როგორც ტრაპიზონის სანჯაყის არჰავის კაზა. არჰავის კაზა, 1486 წლის აღწერის დროს, შედგებოდა არჰავი-ლაზის ნაჰიესგან, ხოლო მე-16 საუკუნეში - არჰავი-ლაზის, გონიოს, ვილაიეთ-ი ისკელესა და ვილაიეთ-ი ბაღობითის ნაჰიეებისგან.[8]
გვიაზონა ან თაქამანდენი 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ცალკე სოფლად არ არის მოხსენიებული. თუმცა ცნობილია, რომ ის იყო სოფელი კამპარონის უბანი. ამ წელიწდეულში კამპარონა იყო ტრაპიზონის ვილაეთის ლაზისტანის სანჯაყის ხოფის კაზას არჰავის ნაჰიეს დაქვემდებარებული სოფელი და მისი მოსახლეობა შედგებოდა 143 ოჯახში მცხოვრები 342 ადამიანისგან (დიდი ალბათობით მხოლოდ მამაკაცების).[9] გვიაზონას შემცველი კამპარონა 1928 წელს კი მიეკუთვნებოდა რიზეს ვილაიეთის ხოფის კაზას არჰავის ნაჰიეს.[10]
ეს დასახლება, რომელიც თაქამანდენის სახელით სოფელი კამპარონის უბანი იყო, 1956 წელს გიუნეშლის სახელით ცალკე სოფლად გადაკეთდა.[7] მართლაც, 1955 წლის საყოველთაო აღწერაში გიუნეშლის სახელით სოფელი არ გვხვდება, მაშინ როცა 1960 წლის საყოველთაო აღწერაში არჰავის რაიონის ცენტრალურ ბუჯაკში ამ სახელით სოფელია დაფიქსირებული. სოფელი კამპარონის მოსახლეობა, რომელიც 1955 წელს 729 ადამიანისგან შედგებოდა, თაქამანდენის უბნის სოფლად გამოყოფის გამო, 1960 წელს 402 ადამიანამდე შემცირდა. 1960 წელს გიუნეშლის სოფელში კი 143 ადამიანი იყო დაფიქსირებული.[11][12]
|