გრუნერის აისი (Anthocharis gruneri) — პეპელა თეთრულასებრთა ოჯახისა, იშვიათი სახეობა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ენდემი. ამიერკავკასიაში გვხვდება მისი ქვესახეობა. გრუნერის აისის გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარია საქართველო. გვხვდება სამხრეთ მთიანეთის (ახალციხე-ახალქალაქი, თბილისის მიდამოები) და კავკასიონის (თუშეთი) ქსეროფიტულ დაჯგუფებებში მცირე პოპულაციების სახით. პეპელა ძირითადად გვხვდება ივნის-ივლისში (ზოგჯერ ადრეც), მთაში კი — უფრო გვიან. გრუნერის აისის მატლი იკვებება ღორღორას (Sysimbrium) გვარის წარმომადგენლებით. დიაპაუზას გადის ჭუპრის ფაზაში. საქართველოში დაცულია საგურამოს, ბორჯომისა და ახმეტის ნაკრძალებში.