დაიანა კავერნი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
პირადი ინფორმაცია | ||||||||||
დაიბადა | დაიანა ლეილანი კავერნი 4 მაისი, 1989[1] | |||||||||
განათლება | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[1][2] | |||||||||
საქმიანობა | სამეცნიერო კომუნიკატორი | |||||||||
საიტი | physicsgirl.org | |||||||||
YouTube ინფორმაცია | ||||||||||
ფსევდონიმი | Physics Girl (ფიზიკის გოგონა) | |||||||||
არხი | ||||||||||
არხის საიტი | youtube.com/@physicsgirl | |||||||||
აქტიურობის წლები | 2011-დღემდე | |||||||||
ჟანრი |
| |||||||||
გამომწერი | 2.6 მლნ[3] (იანვარი, 2023) | |||||||||
ჯამური ნახვები | 212.79 მლნ[3] | |||||||||
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 19 იანვარი, 2023 |
დაიანა ლეილანი კავერნი (ინგლ. Dianna Leilani Cowern; დ. 4 მაისი, 1989) — სამეცნიერო კომუნიკატორი და იუთუბერი. თავის არხზე Physics Girl („ფიზიკის გოგონა“) აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენას ხსნის. 2020 წლამდე პარტნიორობდა PBS Digital Studios-თან.[4] დაიანა ხშირად მუშაობს „მტიმ“ (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) პრინციპის მიმდევარ ისეთ სამეცნიერო კომუნიკატორებთან, როგორებიც არიან: დერეკ მიულერი (არხი — „Veritasium“), მაიკლ სტივენსი (არხი — „Vsauce“), საიმონ გირცი და გრანტ სანდერსონი (არხი — „3Blue1Brown“).
კავერნი დაიბადა და გაიზარდა ჰავაიში.[5] მეხუთე კლასში სკოლის ალბომის ყდის მოხატვის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მეცნიერებითა და ხელოვნებით დაინტერესდა.[6] ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას, იგი შთაგონებული იყო ნილ დეგრას ტაისონით და სწორედ ამ დროს მიიქცია მისი ყურადღება სამეცნიერო კომუნიკაციამ.[7] დაიანამ ფიზიკა მასაჩუსეტსის ტექნილოგიის ინსტიტუტში ისწავლა და 2011 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[7][8]
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კავერნი ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის ერთ-ერთი მკვლევარი გახდა.[9] მოგვიანებით მან კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსური მეცნიერების ცენტრის კოორდინატორად დაიწყო მუშაობა.[1] მისი ერთ-ერთი მიზანი გოგონებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.[10] სამეცნიერო ვიდეოების გადაღება General Electric-ში აპლიკაციების დეველოპერად მუშაობისას დაიწყო. 2014 წელს მოიპოვა ალან ალდას სამეცნიერო კომუნიკაციის ცენტრის ჯილდო.[1] მეცნიერების შესახებ არაერთხელ უსაუბრია მედიაში, მათ შორის U.S. News & World Report-ზე.[11]
2017 წლის თებერვალში კავერნი Google-ს გაესაუბრა, თუ როგორ გახდა „იუთუბის ფიზიკის გოგონა“.[12] 2017 წლის დეკემბერში ჰქონდა ინტერვიუ APS News-თან.[13] კავერნი გამოჩნდა HuffPost-ის, Slate-ისა და Scientific American-ის ბლოგებში.[14][15]
2018 წელს, დაიანამ მოიგო Webby Award-ის ჯილდო და შევიდა ფორბზის 30 წლამდე ასაკის 30 განმანათლებლის სიაში.[16][17]
2020 წლის 25 სექტემბერს დაიანამ იუთუბზე თავის ვიდეოში „Why is it impossible to make a red bubble... or IS it?!“ განაცხადა, რომ PBS Studios-თან ხუთწლიანი პარტნიორობა დაასრულა.[18]