დასახლებული პუნქტი | |
---|---|
დასავლეთი ინდოეთი ჰინ. पश्चिम भारत | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 19°00′00″ ჩ. გ. 74°09′00″ ა. გ. / 19.00000° ჩ. გ. 74.15000° ა. გ. |
ფართობი | 508032 კმ² |
დასავლეთი ინდოეთი (ინგლ. Western India) — ნაკლებად დაზუსტებული რეგიონი ინდოეთში. მოიცავს ინდოეთის რესპუბლიკის დასავლეთ შტატებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დასავლეთ ზონირულ საბჭოს ადმინისტრაციულ დანაყოფში აერთიანებს შტატებს: გოას, გუჯარათსა და მაჰარაშტრას; და მოკავშირე ტერიტორიას: დადრა და ნაგარ-ჰაველი და დამანი და დიუ.[1] მეორე მხრივ, კულტურის სამინისტრო და ზოგიერთი ისტორიკოსი დასავლეთ ინდოეთს მიაკუთვნებს რაჯასტანის შტატსაც.[2][3] ინდოეთის გეოლოგიური კვლევის მიხედვით, დასავლეთ ინდოეთს მიეკუთვნება მაჰარაშტრა, მაგრამ არ მიეკუთვნება რაჯასტანი,[4] ხოლო უმცირესობების უფლებათა სამინისტროს განსაზღვრებით, დასავლეთ ინდოეთი მოიცავს კარნატაკას, მაგრამ არ მოიცავს რაჯასტანს.[5]
ხშირად დასავლეთ ინდოეთს მიაკუთვნებენ მადჰია-პრადეშის შტატს,[6][7][8] ხოლო ზოგჯერ ამ კატეგორიაში გაჰყავთ ჰარიანა, დასავლეთი უტარ-პრადეში, და სამხრეთი პენჯაბის შტატი.[9] დასავლეთი ინდოეთი შეიძლება აღნიშნავდეს ინდოეთის დასავლეთ ნახევარს, შესაბამისად, ყველა შტატს, რომელიც დელისა და ჩენაის დასავლეთით მდებარეობს, მათ შორის: პენჯაბს, კერალასა და მიმდებარე შტატებს. რეგიონი მაღალინდუსტრიალიზეულია და დიდი რაოდენობით ურბანული მოსახლეობა ჰყავს.[10] დასავლეთ ინდოეთს ჩრდილოეთიდან თარის უდაბნო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ― ვინდჰიის ქედი, ხოლო დასავლეთიდან არაბეთის ზღვა. დასავლეთ ინდოეთი თარის უდაბნოს დიდ ნაწილს ჩრდილოეთ ინდოეთთან და პაკისტანთან იყოფს, ხოლო დეკანის ზეგანს სამხრეთ და ცენტრალურ ინდოეთთან.
სიუანცზანის თანახმად, ანტიკურ ხანაში დასავლეთი ინდოეთი სამ დიდ სახელმწიფოდ იყოფოდა: სინდჰად (მოიცავდა ინდის მთელ ხეობას პენჯაბიდან არაბეთის ზღვამდე, დელტისა და კაჩის კუნძულის ჩათვლით), გურჯარად (მოიცავდა დასავლეთ რასპუტანსა და თარის უდაბნოს) და ბალაბჰად (მოიცავდა გუჯარათის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე სანაპიროს მცირე ნაწილს).[11] ინდოეთის გაყოფამდე დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიები, სინდჰი და ბელუჯისტანი, ამ რეგიონის შემადგენლობაში შედიოდა. ხელოვნების ისტორიაში დასავლეთი ინდოეთი მხოლოდ გუჯარათსა და რაჯასტანს მიემართება.[12] დასავლეთ ინდოეთს მთლიანი შიდა პროდუქტის მეორე უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ინდოეთის რეგიონებს შორის.
დასავლეთი ინდოეთი ჩრდილოეთით საურაშტრისა და კაჩის ნახევრად არიდულ რეგიონს მოიცავს. კამბაისა და სამხრეთ გუჯარათის სამხრეთით მდებარე რეგიონი ტენიანია. სამხრეთ გუჯარათის, მაჰარაშტრისა და გოას სანაპიროს გასწვრივ დასავლეთი გატები მდებარეობს. დანარჩენ რეგიონს ვიდარბჰისა და მარათჰვადის გეოგრაფიული რეგიონები იკავებს. ვეგეტაცია კონკანის სანაპიროზე ტროპიკული წვიმის ტყეებიდან ჩრდილოეთ გუჯარათში ეკლიანი ბუჩქებისკენ იცვლება. რეგიონის მთავარი მდინარეებია: მაჰი, ნარმადა, ტაპი, გოდავარი, ზუარი, მანდოვი, კრიშნა, გჰაგარი, ჩამბალი და მათი მრავალი შენაკადი.
დასავლეთ ინდოეთის კლიმატი იცვლება ტროპიკული წვიმების, მშრალ და ნახევრად არიდულ კლიმატურ ზონებს შორის. სანაპირო რეგიონებში მცირე სეზონური ცვლილებებია და ტემპერატურა 20 °C-დან 38 °C-მდე მერყეობს. მუმბაისა და ჩრდილოეთ კონკანის რეგიონში უფრო ცივი ზამთარია და მინიმალური ტემპერატურა 12 °C-ის ფარგლებშია. მაჰარაშტრის შიდა ნაწილში ცხელი ზაფხულია. მაქსიმალური ტემპერატურა საშუალოდ 40 °C-ს უტოლდება. ზამთარი რბილია და მინიმალური ტემპერატურა საშუალოდ 10 °C-ის ტოლია. დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ პუნში ზაფხულის ტემპერატურა 35-40 °C-ია, ხოლო ზამთრის ტემპერატურა 7-12 °C-ის ფარგლებშია. გუჯარათშიც თბილი კლიმატია, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით.
დასავლეთ ინდოეთის მთავარი ენებია: მარათული, გუჯარათული და კონკანის ენა.[13]
მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები შეადგენენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტიანია. დასავლეთ ინდოეთში მცირე რაოდენობით ადგილობრივი ებაელებიც ცხოვრობენ, რომელთაც „ისრაელის ვაჟები“ ჰქვიათ და მარათულ ენაზე საუბრობენ. გუჯარათში დასახლებული პარსები ძირითადად მუმბაისა და სურათში არიან განსახლებული. დასავლეთ ინდოეთში ჯაინიზმისა და ბუდიზმის ბევრი მიმდევარი ცხოვრობს. ქრისტიანების უმრავლესობა გოაში ცხოვრობს.
დასავლეთ ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 73 მილიონი ადამიანი, მარათულ ენაზე საუბრობს. დაახლოებით 46 მილიონი ადამიანი გუჯარათულ ენაზე საუბრობს, ხოლო 2.5 მილიონი ადამიანი ― კონკანზე. სამივე მათგანი ინდოარიულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.[13] ინდოეთის სხვა ნაწილების მსგავსად, დასავლეთ ინდოეთიც მულტილინგვიზმის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ურბანულ ტერიტორიებზე დამატებით ინგლისურ ენასა და ჰინდიზე საუბრობენ.[14]