დეკა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Rhododendron caucasicum | ||||||||||
|
დეკა (ლათ. Rhododendron caucasicum) — რელიქტური მცენარე მანანასებრთა ოჯახის როდოდენდრონის გვარისა.
მარადმწვანე დაბალი (1—1,5 მ) ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი — ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო, მეტად ლამაზ ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს.
ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600—3000 მ-მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში — პონტოს მთებში. ჩვენს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის ასევე ხშირ რაყას — დეკიანს.
ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (14—17%). ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. ცნობილია შქერისა და დეკას ბუნებრივი ჰიბრიდები, რომლებიც დამახასიათებელია კოლხეთის სუბალპური სარტყლისათვის. არსებობს როდოდენდრონის გვარის ჩრდილოამერიკული სახეობებისა და დეკას რამდენიმე ბაღური ჰიბრიდი, რომელიც ამერიკის ბაღებშია მოშენებული.