დელამანიდი

პრეპარატის ქიმიური ფორმულა

დელამანიდიტუბერკულოზის მულტი- და ექსტენსიურად რეზისტენტული ფორმების სამკურნალო, ექსპერიმენტული პრეპარატი. მოქმედებს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის კედელზე.[1][2] ევროკავშირში პრეპარატის სავაჭრო დასახელება არის დელტიბა.

2014 წლის აპრილში „ევროპის წამლის სააგენტომ“ დელამანიდი (კვლევის პერიოდის დასახელება - OPC-67683) ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა. რითაც, ეს პრეპარატი გახდა რიგით მეორე (ბედაქილინის შემდეგ) ახალი კლასის წამლებს შორის ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში (წინა კლასის ბოლო პრეპარატი, რიფამპიცინი 1966 წელს შეიქმნა). დელამანიდი ასევე დამტკიცდა იაპონიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, 2014 წლის ივლისში. Otsuka Pharmaceutical-მა (ოცუკა ფარმაცევტიკალი) პრეპარატს სავაჭრო დასახელებად შეურჩია დელტიბა (Deltyba), რომელიც დღეს უკვე ევროკავშირის მიერ არის დამტკიცებული და მას საერთაშორისო ბაზარზეც ამ სახელით იცნობენ. დელტიბა შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი მედიკამენტების სტანდარტული სიაში, როგორც ჯანდაცვის სისტემაში საჭირო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი. დელამანიდი არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დაუდასტურდათ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი და არ გააჩნიათ ეფექტური სამკურნალო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის კვლევა ბოლომდე არ დასრულებულა, ევროპის წამლის საზოგადოების მიერ მოწოდებული მონაცემები აჩვენებს, რომ დელამანიდის სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს, თუმცა გრძელვადიანი ეფექტურობის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.[3]

მოქმედების მექანიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელამანიდი ნიტროიმიდაზოლის კლასის პრეპარატია. ამ ჯგუფის პრეპარატები მოქმედებენ TB ბაქტერიის მიკოლურაციდურ შრეზე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი გაურკვეველია, დადგენილია, რომ დელამანიდი ბლოკავს მეთოქსი-მიკოლურ და კეტო-მიკოლურ მჟავებს, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის უჯრედის კედლის ორ აუცილებელ კომპონენტს, რაც იწვევს ბაქტერიების დაღუპვას. დელამანიდს შეუძლია ბაქტერიის მოკვლა აზოტის ოქსიდით მოწამვლის გზითაც. ოქსიდს პრეპარატი მეტაბოლიზმის დროს გამოყოფს.

დელამანიდის ეფექტურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის წამლის სააგენტომ დელამანიდის კვლევის მეორე ფაზაში წამლისადმი რეზისტენტული (როგორც MDR-TB, ასევე XDR-TB) 481 დაავადებული ჩართო. კვლევა ორი თვე გაგრძელდა. საკვლევი ჯგუფი სამ ნაწილად დაიყო:

  • პირველ ჯგუფი: დელამანიდი 100 mg ორჯერ დღეში + სხვა შესაძლებელი მედიკამენტები, ოპტიმიზირებული რეჟიმის ფონზე.
  • მეორე ჯგუფი: დელამანიდი 200 mg ორჯერ დღეში + სხვა შესაძლებელი მედიკამენტები, ოპტიმიზირებული რეჟიმის ფონზე.
  • მესამე ჯგუფი: პლაცებო + სხვა შესაძლებელი მედიკამენტები, ოპტიმიზირებული რეჟიმის ფონზე.

ორი თვის შემდეგ, კვლევით დადგინდა:

  • დელამანიდმა, ორი თვის განმავლობაში, ოპტიმიზირებული რეჟიმის ფონზე, 16%-ით გაზარდა საერთო ჯგუფში ნახველის კონვერსია
  • დელამანიდმა, ორი თვის განმავლობაში, ოპტიმიზირებული რეჟიმის ფონზე, შეამცირა ნახველის კონვერსიის დრო (ნახველი გახდა ბაქტერია-უარყოფითი სწრაფად).
  • დელამანიდი არ აღმოჩნდა უფრო ეფექტური მეორე საკვლევ ჯგუფში ვიდრე პირველში. ანუ დადგინდა, რომ 200 mg და 100 mg დოზები ერთნაირ შედეგებს იძლევა.

ამის შემდეგ, პაციენტებს ჰქონდა საშუალება ჩართულიყვნენ მომდევნო კვლევაში, რომელიც უკვე 6 თვე გაგრძელდა. საკვლევი ჯგუფები ორ ჯგუფად დაიყო (100 mg-იანები და 200 mg-იანები) და მკურნალობაც ანალოგიურად ჩატარდა, როგორც წინა ეტაპზე. ამჯერადაც შედეგები თითქმის იგივე იყო: ამ კვლევამაც დელამანიდის ეფექტურობა დაადასტურა.

ამის შემდეგ EMA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ორივე კვლევაში ჩართულ, პაციენტების რაც შეიძლება მაქსიმუმს 2 წლის განმავლობაში დააკვირდა. 2 წლის შემდეგ საკვლევთა იმ ჯგუფს, რომლებიც მიყვნენ მკურნალობას, 75%-ს ნახველში ბაქტერია აღარ ჰქონდა, განსხვავებით იმათგან ვინც 2 თვის (ან უფრო ნაკლები დროის) შემდეგ შეწყვიტა მკურნალობა, რომლებსიც ანალოგიურმა პროცენტი 55 იყო. განსხვავება იყო სასიკვდილო გამოსავლის შემთხვევებშიც: 6 თვიანი და მეტი დროის ნამკურნალევთა 1% დაიღუპა, ხოლო 2 თვიანის და ნაკლების 8.3%. ყველაფრის მიუხედავად, სადღეისოდ სადაოდ რჩება კვლევის დიზაინი და სხვა ანალოგიური საკითხები. ასევე ზუსტად ვერ დადგინდა რამ გამოიწვია კვლევის შედეგების ამხელა განსხვავებები - იყო ეს მხოლოდ დელამანიდის ფაქტორით განპირობებული? ასევე ჯერჯერობით 100% სრულად ვერ გაირკვა დელამანიდის საუკეთესო დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა. დელტიბას კვლევის მესამე ფაზა დასრულდა 2013 წლის მიწურულს, თუმცა პრეპარატის გრძელვადიანი ეფექტურობის და გვერდითი ეფექტების დადგენას წლების (ათეულიც კი) დასჭირდეს.[4]

სადღეისოდ დელტიბა გამოიყენება სხვა სტანდარტულ მედიკამენტებთან ერთად. მედიკამენტი ხელმისაწვდომია, აბების სახით (50 mg). რეკომენდებული დოზა არის ორი აბი, დღეში ორჯერ, საკვებთან ერთად. დელტიბა ეძლევა 6 თვის განმავლობაში სტანდარტულ მედიკამენტებთან ერთად. დელტიბას კურსის დასრულების შემდეგ სტანდარტული მედიკამენტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არსებული ოფიციალური გაიდლაინების მიხედვით. [3]

დელტიბას მიღებით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:

  • გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა (აღენიშნება პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში);
  • სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება;
  • პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები), შფოთვა და ტრემორი.
  • ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი არის QT ინტერვალის გახანგრძლივება (გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება, რამაც შესაძლოა გულის რითმის ისეთი დარღვევები გამოიწვიოს, როგორიცაა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ამის მიუხედავად, დღეს არსებული მონაცემებით, დელტიბას მიღების გამო QT ინტერვალის გახანგრძლივებით გამოწვეული არცერთი კლინიკური გამოვლინება არ დაფიქსირებულა. QT ინტერვალის გახანგრძლივება ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო სხვა პრეპარატებით: ბედაქილინით, კლოფაზიმინით და მოქსიფლოქსაცინით. თუმცა მიღებულია, რომ თუ რეგულარულად ხდება გულის მუშაობის მონიტორინგი, პრეპარატების კომბინაციით (განსაკუთრებით ბედაქილინისა და დელტიბას) პოტენციური სარგებელი გადაწონის რისკებს.[3]

დელამანიდის უარყოფითი მოქმედება მოზარდებში არაა გამოკვლეული, ამიტომ დელტიბა, როგორც წესი მხოლოდ მოზრდილებს ენიშნებათ. თუმცა აქაც მოქმედებს რისკისა და პოტენციური სარგებლის ფაქტორი: დელამანიდი წარმატებით გამოიყენეს 12 წლის პაციენტში.[3] დელტიბა არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში, როგორც ცხოველთა კვლევებმა აჩვენა დელამანიდი ზოგჯერ ნაყოფზე ტოქსიურად მოქმედებს. თუმცა, თუ სხვა მკურნალობა არ არის ეფექტური, ფეხმძიმე ქალმა უნდა გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა პრეპარატი, რადგან პოტენციური სარგებელი შესაძლოა აჭარბებდეს სავარაუდო რისკს. ორსული ქალის აბსოლუტური უფლებაა მიეცეს მკურნალობის საშუალება, ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე კი ექიმებმა უნდა იზრუნონ. უცნობია, გადადის თუარა დელტიბა დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.[3]

  1. Matsumoto, M.; Hashizume, H.; Tomishige, T.; Kawasaki, M.; Tsubouchi, H.; Sasaki, H.; Shimokawa, Y.; Komatsu, M. (2006). „OPC-67683, a Nitro-Dihydro-Imidazooxazole Derivative with Promising Action against Tuberculosis in Vitro and in Mice“. PLoS Medicine. 3 (11): e466. doi:10.1371/journal.pmed.0030466. PMC 1664607. PMID 17132069.
  2. Skripconoka, V.; Danilovits, M.; Pehme, L.; Tomson, T.; Skenders, G.; Kummik, T.; Cirule, A.; Leimane, V.; Kurve, A.; Levina, K.; Geiter, L. J.; Manissero, D.; Wells, C. D. (2012). „Delamanid Improves Outcomes and Reduces Mortality for Multidrug-Resistant Tuberculosis“. European Respiratory Journal. 41 (6): 1393–1400. doi:10.1183/09031936.00125812. PMC 3669462. PMID 23018916.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 European Medicines Agency – Deltyba (delamanid). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-19. ციტირების თარიღი: 2021-12-31.
  4. An Activist’s Guide to Delamanid - By Erica Lessem September 2014 (Deltyba). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22. ციტირების თარიღი: 2016-03-25.