სოფელი | |
---|---|
დვაბზუ | |
![]() შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | დვაბზუ |
კოორდინატები | 41°56′11″ ჩ. გ. 42°03′27″ ა. გ. / 41.93639° ჩ. გ. 42.05750° ა. გ. |
ფართობი | 6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1171[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 195,2 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 %, რუსები 0,5 %, სომხები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დვაბზუ — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დვაზბუ, გაღმა დვაბზუ).
მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 130 მ-ზე, ოზურგეთიდან 5 კმ-ში. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საექიმო ამბულატორია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, თხილისა და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები, მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა მემორიალი.
ნიკო მარის მოსაზრებით სახელწოდება დვაბზუ ნაწარმოებია ისევე, როგორც ტუაფსე (დო აბზე). ორივე შემთხვევაში „დო“ და „ტუ“ ადგილის აღმნიშვნელი მეგრული თავსართებია. სხვა ვერსიით დვაბზუ, ტუაფსე და აჭარაში დაფიქსირებული ტოპონიმი დუაბზე მომდინარეობს სვანური ენიდან და შედგება ორი ნაწილისგან დუა (საკუთარი სახელი) და ფსე (წყალი).[2]
XVIII საუკუნიდან დვაბზუ წარმოადგენდა გურიის სამთავროში მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, სადაც დიდი ბაზრობები, პარასკეობები იმართებოდა. ბაზრობის ადგილს ხალხი დღესაც უწოდებს ნაქალაქარს. 1830-იან წლებში დვაბზუში ცხოვრობდნენ ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები: თუმანიშვილი, მელიქიშვილი, ბაგდოშვილი, ზალინაშვილი და სხვ., სულ 8 კომლი.[3] 1838 წელს ხელისუფლებამ ბაზარი დახურა და ოზურგეთში გადაიტანა.
![]() |
„გურიაში, დაბა დვაბზუს, არის ბაზარი და სწარმოებს ყოველკვირეულად ვაჭრობა, რომელზედაც მოდიან იმერლები, გურულები, ქობულეთელი თურქები და სხვა მოსაზღვრე ხალხნი“
|
1879 წელს სოფელში გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა. 1897 წელს იდგა მისი ორკლასიანად გადაკეთების საკითხი, მაგრამ სოფლის კრებამ უარი თქვა გადასახადების გამო.[4] 1890-იან წლებში სოფელში დავით მამულაიშვილის მიერ შეწირულ მიწაზე გაიხსნა გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“ აბრეშუმის ძაფსახვევი სახელოსნო და სკოლა.[5] 1902 წლისთვის დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა ხუთი სოფელი, მოსახლეობის რაოდენობა იყო 3527.
1905 წლის მარტში სოფელში შევიდა გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სამხედრო კორპუსი, გაჩხრიკა და გაძარცვა მოსახლეობა.[6] 1905 წელს დვაბზუ გადაწვა ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს რაზმმა ნასაკირალის ბრძოლაში დამარცხებისა და ოზურგეთისკენ უკანდახევის დროს. კაზაკებმა გადაწვეს სოფლის კანცელარია, სკოლა, დუქნები, სახლები და „შუამავალის“ სახელოსნო.[7]
1908 წელს დვაბზუს საზოგადოების ხუთი სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 3917 ადამიანს.[8] 1910 წელს სოფელში იყო ერთი სახელმწიფო ორკლასიანი და ერთი სამრევლო სკოლა. მოსახლეობა მისდევდა მემცენარეობას. გავრცელებული კულტურები იყო სიმინდი და ღომი, შედარებით ნაკლებად — მევენახეობა, მებაღეობა და მებოსტნეობა.
საბჭოთა პერიოდში „ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე აშენდა საკონსერვო ქარხანა. 1957-1959 წლებში აშენდა რვაწლიანი სკოლის შენობა.[9] 1976 წლამდე მოქმედებდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1980 წლიდან დვაბზუში ამოქმედდა ოზურგეთის ტროლეიბუსის დეპო, ფუნქციონირებდა ტროლეიბუსის ხაზის N1 მარშრუტის ბოლო გაჩერება, რომელიც 2006 წლამდე მოქმედებდა.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1561 | ||
2014 | ![]() |
572 | 599 |
სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე დგას V-VI საუკუნეების ეკლესია. დვაბზუს ეკლესია მოხსენიებულია XVI საუკუნის საბუთში. იმავე ეზოში დგას 1874 წელს აშენებული ეკლესია. ეკლესია აშენებულია V-VI საუკუნეების ნაეკლესიარის ადგილზე. ნაგებია ნატეხი ლოდებითა და უხეში რიყის ქვით. ეკლესიას ჩამონგრეული აქვს კამარა და კონქის მცირე ნაწილი, თუმცა იკითხება შეკიდული თაღებისა და გვერდითა მინაშენების კვალი. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონია, სამივე სხვადასხვა დონეზე. შემორჩენილია აღმოსავლეთის სარკმელი, დასავლეთის სარკმელი კი ამოქოლილია. ეკლესიასთან დგას ორი სამსართულიანი კოშკი. როგორც ჩანს, ერთი სამრეკლოს ფუნქციას ასრულებდა, ხოლო მეორე, აივნიანი - საბრძოლო კოშკის ფუნქციას.
სოფელში ასევე დგას ე.წ. უსახელო ბაზილიკა. ესაა IV–V საუკუნის ნაეკლესიარი გალავნით. ტაძარი იყო ღვთისმშობლის სახელობის. აქ აღმოჩენილი ბოლნური ჯვარი ამჟამად ინახება დვაბზუს წმ. გიორგის ტაძარში.[10]
|