დრაპარნალდია

მარცხნივ: Draparnaldia glomerata, მარჯვნივ: D. fluitans

დრაპარნალდია (Draparnaldia) — მწვანე წყალმცენარეების (Chlorophyta) გვარი.

ბუჩქისებრ დატოტვილი წყალმცენარეა. აქვს მთავარი ღერძი, რომელზეც განლაგებულია გვერდითი ტოტები. სუბსტრატს ემაგრება ბაზალური უჯრედით ან დატოტვილი რიზოიდებით (ფესვისმაგვარი წარმონაქმნებით). მთავარი ღერძი შედგება ერთრიგად განლაგებული მსხვილი ცილინდრული ან ოდნავ კასრისმაგვარი უჯრედებისაგან.

გვერდითი ტოტების უჯრედები მსგავსია, მაგრამ განსხვავებულია ზომებით. მათი ბოლო უჯრედები წაწვეტებულია ან მთავრდება მრავალუჯრედიანი გრძელი ბეწვისმაგვარი წარმონაქმნით. ცხოვრობენ უპირატესად ცივ გამდინარე, იშვიათად მდგარ წყლებში, სახლდებიან ქვებზე, ხის საგნებზე, წყლის ყვავილოვან მცენარეებზე, მოლუსკების ნიჟარებზე და ა. შ. საქართველოში გვხვდება დრაპარნალდიის 4 სახეობა.