ბოლო დიდი დროის ომი | |||
---|---|---|---|
ომის ბოლო დღეებში | |||
მდებარეობა |
დროის მორევი გალიფრეი | ||
შედეგი | დროის მბრძანებელებისა და დალეკების თითქმის სრული განადგურება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
დროის ომი, უფრო კონკრეტულად კი ბოლო დიდი დროის ომი — კონფლიქტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ბრიტანული სატელევიზიო პროგრამის, Doctor Who-ს, ფიქციურ სამყაროში. კონფლიქტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დროის მბრძანებლები და დალეკები, საბოლოოდ კი ორივე რასა თითქმის სრულად განადგურდა დოქტორის ქმედებების გამო.[1]
დროის ომი ხორციელდება 1996 წელს გადაღებული ფილმისა და 2005 წლის განახლებულ სერიებს შორის პერიოდში. დროის ომი ხშირადაა ნახსენები პირველივე სეზონიდან, თუმცა ვიზუალურად მხოლოდ სპეციალურ სერიაში „დოქტორის დღე“ გამოჩნდა. ომის მოვლენები და ვითარება ბოლომდე არასდროს ახსნილა. ზოგ ეპიზოდში არსებობს მინიშნებები მოკლე კომენტარების სახით, თუმცა დაწვრილებით მხოლოდ 2007 წლის სერიების ფინალშია განხილული. ორნაწილიან სპეციალურ სერიაში „დროის დასასრული“ დამატებითი ინფორმაცია იქნა მოწოდებული და გაირკვა დროის მბრძანებლების ლიდერთა ბოროტი გეგმები. ისინი აპირებდნენ დროის მორევის განადგურებას, შედეგად კი მარტო თვითონ დარჩებოდნენ ცნობიერის სახით — სხეულისგან, დროისა და მიზეზშედეგობრიობისგან თავისუფლები. ბოლო ბრძოლა და დროის ომის კულმინაცია ნაჩვენები იქნა სპეციალურ სერიაში „დოქტორის დღე", რომელშიც საბოლოოდ გამოვლინდა დროის მბრძანებლების ბედი.[2][3][4]
ბოლო დიდ დროის ომში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დროის მბრძანებლები და სკაროელი დალეკები.[5] კონკრეტული მოვლენა, რამაც ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყო, უცნობი რჩება, თუმცა აღმასრულებელი პროდიუსერის რასელ დეივისის თქმით, საქმე ეხება დოქტორის დალეკებთან დაპირისპირებას. „დალეკების წარმოშობაში“ (1975) დროის მბრძანებლებმა, რომლებმაც წინასწარ განჭვრიტეს დალეკების მიერ სამყაროს დაპყრობის შესაძლებლობა, მეოთხე დოქტორი გაგზავნეს წარსულში, რათა ხელი შეეშალა დალეკების წარმოშობისთვის და მათი განვითარება ისე მომხდარიყო, რომ ნაკლებად აგრესიულები ყოფილიყვნენ, ან აღმოეჩინა მათი ისეთი სისუსტე, რომლის წინაშეც დაუცველები იქნებოდნენ.[6][7]
ამ წარუმატებელი მისიის გამო სამაგიეროს გადახდის მიზნით დალეკები ცდილობენ, დროის მბრძანებლების უმაღლეს საბჭოში შეაღწიონ მეხუთე დოქტორის კლონის შექმნით 21-ე სეზონის სერიალში დალეკების აღდგომა (1984), რასაც დალეკების ერთ-ერთი იმპერატორის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების ღია ბრძანება მოჰყვება სერიალში „დალეკების მოგონება“ (1988).[8]
ომის დაწყებას წინ უსწრებდა ორი სპეციფიკური მოვლენა: პრეზიდენტი რომანა შეეცადა, „მასტერის დაბრუნების აქტით“ გაეფორმებინა მშვიდობის ხელშეკრულება (რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს მასტერის სხვაგვარად აუხსნელ სასამართლო პროცესს სკაროზე 1996 წლის ფილმის დასაწყისში). მას მოჰყვა „ეტრას ინციდენტი“ („აპოკალიფსის ელემენტი“), რამაც ზოგის თქმით, „მოვლენების ესკალაციას შეუწყო ხელი“. დროის მბრძანებლების მიერ გამოყენებული იარაღი მოიცავდა საბრძოლო გემებს, შავი ხვრელის გადამზიდებს და საბრძოლო მექანიზმებს, სახელად ენ-ფორმებს (დეივისის ნოველა „დაზიანებული საქონელი“), ხოლო დალეკები ფლობდნენ „გოთის სიკვდილის მჭედლის ყველა შესაძლებლობას“ (კომიქსების ისტორია „შავი მემკვიდრეობა“ ალან მურისა და დევიდ ლოიდის ავტორობით, 1980 წ), ასევე მორევში გაუშვეს მასიური ფლოტი, რომელსაც იმპერატორი ხელმძღვანელობდა („დალეკების დრო“).[8]
ომის „ხანგრძლივობა“ და მასშტაბები უცნობია. სხვადასხვა ვარაუდებით, ის გრძელდებოდა რამდენიმე წლიდან 30 000 წლამდე, მაგრამ ომის პერიოდში დრო გამრუდებული და დამახინჯებული იყო, ამიტომ ხანგრძლივობის განსაზღვრა რთულია. ჯეკ ჰარნესი ეპიზოდში „გზების გაყოფა“ ამბობს - და ამას ადასტურებს დოქტორიც - რომ დალეკებმა „გაანადგურეს დრო და სივრცე“, რათა დროის მბრძანებლებთან ეომათ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ომი ნორმალურ დრო-სივრცეში არ ხორციელდებოდა.[9] თუმცა ერთ მომენტში პერსონაჟი კასი ამბობს, რომ დალეკებსა და დროის მბრძანებლებს ჯერ კიდევ არ გაუნადგურებიათ კოსმოსი და სამყაროს ნაწილი ჯერჯერობით უვნებელია.[10][11]
დოქტორის თქმით, ის წინა ხაზებზე იბრძოდა და არკადიას დაცემას მოესწრო.[12] არკადია გალიფრეის მეორე ქალაქი იყო, რომელიც 400 „ცის სანგრით" ჰქონდათ გამაგრებული. ამის გამო მიუდგომლად ითვლებოდა, სანამ დამპყრობელი დალეკების ესკადრონმა სანგრები არ გაანადგურა.[13] 2013 წლის მინიეპიზოდში „დოქტორის ღამე“ ნაჩვენებია, რომ თავდაპირველად დოქტორმა (მერვე დოქტორი) უარი თქვა ომში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და სამყაროს განადგურება ემუქრებოდა. სანაცვლოდ სურდა, დახმარებოდა მათ, ვისაც შველა სჭირდებოდა, მაგრამ ომისგან თავი აერიდებინა. ამის გამო მას მოუხდა პლანეტა კარნისკენ მიმავალ დაზიანებულ კოსმოსურ ხომალდში მყოფი ქალის გადარჩენა, რომელმაც დახმარებაზე უარი თქვა, რადგან დალეკებსა და დროის მბრძანებლებს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა ორივე მხრიდან უდიდესი მავნელობის გამო. დოქტორი ხომალდის ჩამოვარდნისას იღუპება, მაგრამ კარნის დობის წევრები აცოცხლებენ და არწმუნებენ, რომ სამყაროს გადასარჩენად უნდა იბრძოლოს. შემდეგ აძლევენ ელექსირს, რომელიც გამოიწვევს რეგენერაციას და დოქტორი მიიღებს ისეთ ფორმას, რომელიც ამ მისიისთვის საუკეთესოა. დოქტორი თანხმება და აღნიშნავს, რომ თუკი მთელ სამყაროს ომი მოიცავს, მისი საჭიროებაც აღარ იქნება, და დობის წევრებს სთხოვს, მეომრად აქციონ. ის ელექსირს სვამს და ხდება ომის დოქტორი, რომლის პირველი ფრაზაც არის „დოქტორი აღარ არსებობს“.
დავროსი, დალეკების შემქმნელი, ასევე იბრძოდა ომში. დალეკები მის წინააღმდეგ განეწყვნენ მე-12 სეზონის სერიალში „დალეკების წარმოშობა“, მაგრამ სიტუაცია იცვლება „დალეკების ბედისწერაში“, სადაც დავროსი ისევ მათი ლიდერი ხდება. ომის პირველ წელს დავროსის გემი ერთი შეხედვით ნადგურდება ელისიუმის კარიბჭესთან მას შემდეგ, რაც კოშმარული ბავშვის ყბებში ვარდება. დოქტორისგან საიდუმლოდ, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა, დავროსს იხსნის დალეკ კაანი, რომელიც გაექცა „დალეკების ევოლუციის“ (2007) მოვლენებს.[14]
ომის შედეგად მილიონობით მეომარი იღუპებოდა უამრავჯერ, რადგან ორივე მხარე იყენებდა დროში მოგზაურობას, რათა შეეცვალათ იმ ბრძოლების მიმართულება, რომლებიც ორივე მხარეს უდიდეს მსხვერპლს იწვევდა.[15] ამ მეთოდის გადაჭარბებით გამოყენების გამო მთელი კონფლიქტი გახდა „დროში ჩაკეტილი“ და მასში შეღწევას ვერცერთი დროში მოგზაური ვერ შეძლებდა.[16] დოქტორი ომის ბოლო დღეებს „ჯოჯოხეთს“ უწოდებს და ახსენებს „სკაროს დეგრადაციას, კოშმარულ ბავშვს, ამასობების არშემდგარ მეფესა და არმყოფებს“.[15]
ომის მსვლელობასთან ერთად დროის მბრძანებლები სულ უფრო მეტად აგრესიულები და უპრინციპოები გახდნენ. მათ მოძებნეს უძველესი გალიფრეელების მიერ დამზადებული განკითხვის დღის იარაღი, სახელად ომეგას არსენალი.[17] ასევე გააცოცხლეს „მასტერი“, რენეგატი დროის მბრძანებელი და დოქტორის მოწინააღმდეგე, რადგან ჩათვალეს, რომ „დროის ომისთვის სრულყოფილი მეომარი“ იქნებოდა. მინიშნებულია, რომ გაცოცხლებისას მასტერს მიენიჭა რეგენერაციების სრული წყება. თუმცა მას შემდეგ, რაც იმპერატორმა დალეკმა ჯვარისებრზე კონტროლი მოიპოვა, მასტერმა გაქცევა გადაწყვიტა, გამოიყენა ქამელეონის არე, რათა საკუთარი თავი ადამიანად შეენიღბა და სამყაროს დასასრულამდე ცოტა ხნით ადრეულ პერიოდში გამგზავრებულიყო. გენეტიკურად ადამიანმა თავი დააღწია დროის მბრძანებლების განადგურების პროცესს, ასევე მის პოვნას ვერ ახერხებდა დოქტორი, რომელმაც მისი აღდგომის შესახებაც არ იცოდა. მასტერმა არაფერი იცოდა ომის ბოლო ფაზასა და შედეგზე, სანამ სამალავიდან არ გამოვიდა, როცა მრავალი წლის შემდეგ მას დოქტორმა მიაგნო.[18]
ომის საწყის ეტაპზე დროის მბრძანებლებში ლიდერობის საკითხი ბუნდოვანი იყო. მით უმეტეს, რომ თავიდან მოიცილეს დოქტორის ყოფილი კომპანიონი, რომანა - დროის მბრძანებლების პრეზიდენტი შემდგომი ნოველების, აუდიოდრამებისა და კომიქსების სერიების მიხედვით. საბოლოოდ, რასილონი, დროის მბრძანებლების საზოგადოებისა და მათი დროში მოგზაურობის ტექნოლოგიის დამაარსებელი, რომელმაც უკვდავების საიდუმლო აღმოაჩინა, ბრუნდება, რათა პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს. რასილონი გამორიცხავს დალეკების მიერ მისი ცივილიზაციის განადგურების ვარიანტს და ემზადება აპოკალიფსური სცენარისთვის, ე.წ. „უკანასკნელი სანქციისთვის“. ეს გენოციდური სქემა მოიცავდა თვით დროის განადგურებას, შესაბამისად დალეკებისა და სამყაროში არსებული ყველანაირი სიცოცხლის ფორმის მოსპობას. დროის მბრძანებლები გადავიდოდნენ არამატერიარულ ფორმაში კოლექტიური ცნობიერების სახით და სხვა ფორმით სიცოცხლე აღარ იარსებებდა. სხვა დროის მბრძანებლებმა, რომლებსაც ომის შედეგები აშინებდათ, ეს გეგმა თითქმის ერთსულოვნად მიიღეს - მხოლოდ ორმა მათგანმა თქვა უარი. ხმის მიცემამდე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, სახელად პარტიზანმა, წამოაყენა აზრი, რომ დროებით გვერდზე გადაედოთ უკანასკნელი სანქცია, რადგან გალიფრეის განადგურება შეიძლება უკეთესი ვარიანტი ყოფილიყო. თუმცა ამის გაგონებისას რასილონი მას ნაწილებად შლის.[15] [19]
უმაღლესი საბჭო ომის პერიოდში ისევ ხელმძღვანელობდა დროის მბრძანებლების საზოგადოებას, თუმცა შეიქმნა ომის საბჭოც, რომელსაც დაევალა ომისა და გალიფრეის თავდაცვის საშუალებების ანალიზი. ომის საბჭოს მეთაურობდა უცნობი დროის მბრძანებელი გენერალი. ომის ბოლო დღეებში ომის საბჭო უმაღლესმა საბჭომ გააუქმა.[17]
დროის ომის ბოლო დღეს დალეკების ფლოტმა, რომელსაც გალიფრეისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, განახორციელა მათი თქმით უდიდესი შეტევა პლანეტაზე. ათმა მილიონმა დალეკურმა საბრძოლო ხომალდმა გალიფრეის აქტიური დაბომბვა დაიწყო და ზედაპირზე მრავალი დალეკი გადასხა. დალეკებმა აიღეს ქალაქი არკადია, შემდეგ კი დედაქალაქს შეუტიეს, თუმცა მისი ცის სანგრები ვერ გაარღვიეს.[17] რასილონის „უკანასკნელი სანქციის“ შესახებ გაგებისას ომის დოქტორი იპარავს უძველეს გალიფრეულ იარაღს, ცნობილს, როგორც მომენტს, იგივე გალაქტიკის მკვლელს, და გადაწყვეტს გალიფრეი „ქვებად და მტვრად“ აქციოს დალეკების ფლოტის განადგურებასთან ერთად.[9][15][20] ამ დროს მთელი ომის პერიოდი უკვე „დროში ჩაკეტილად“ იყო ქცეული, შესაბამისად დროში მოგზაურები ვერც შიგნით შევიდოდნენ და ვერც იქიდან გამოვიდოდნენ.[14][15]
იმის შიშით, რომ დოქტორი მომენტს გამოიყენებდა, რასილონი და საბჭოს სხვა წევრები ჩაკეტილი დროიდან თავის დაღწევას შეეცადნენ. ამისთვის მათ მასტერის გონებაში, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რეტროაქტიურად ჩანერგეს ოთხტონიანი მელოდია (დროის მბრძანებლის გულისცემის რიტმი), რამაც ის სიგიჟემდე მიიყვანა. როგორც კი სიგნალი საკმარისად გაძლიერდა, გამოიყენეს „თეთრწერტილიანი ვარსკვლავი“, ალმასი, რომელიც მხოლოდ გალიფრეიზე მოიპოვებოდა,[15] რათა ომის ბოლო დღესა და დედამიწის 2009 წელს შორის კავშირი დაემყარებინათ და შესაბამისად, მასტერის დახმარებით გალიფრეი ჩაკეტილი დროიდან დაეხსნათ. საბოლოოდ გეგმა ჩავარდა, რადგან დოქტორმა ალმასის კავშირი გაანადგურა, მასტერმა კი სიცოცხლე გაწირა, რათა რასილონზე შური ეძია და დროის მბრძანებლები უკან დაებრუნებინა.[15] თუმცა დროის მბრძანებლების აღსასრული ამით არ დამდგარა. რადგან „მომენტს“ თავისუფალი ნება გააჩნდა, მან ომის დოქტორს დაანახა ალტერნატიული არჩევანი და გადაწყვეტილება შეაცვლევინა. დოქტორის ყველა ინკარნაცია ერთად შეიკრიბა, რათა გალიფრეი გადაერჩინათ დროში გაყინვითა და სამყაროსგან იზოლირებით. გალიფრეის მოულოდნელი გაუჩინარების შედეგად მის გარშემო შეკრებილი დალეკების მიერ გახსნილმა ცეცხლმა ისევ დალეკები გაანადგურა, ხოლო დროის მბრძანებლები გადარჩნენ, თუმცა უღონოები და მივიწყებულები იყვნენ.
ომის დოქტორის მეცხრე დოქტორად რეგენერაციამ მისი მეხსიერებიდან წაშალა გალიფრეის გადარჩენის სცენა, რათა მომდევნო ინკარნაციები უცვლელი ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ დოქტორი იტანჯება ცრუ მოგონებებით, რასაც ხელს უწყობს მისი ზოგიერთი მტერი, მაგალითად ორმოს მხეცი.[18][21] შემდგომი ინკარნაციები ზიზღსაც კი გრძნობენ ომის დოქტორის მიმართ, სანამ მეათე და მეთერთმეტე დოქტორები სიმართლეს არ გაიგებენ და მას ღირსეულ ინკარნაციად აღიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ომის შედეგად ორივე რასა ნადგურდება, მეცხრე დოქტორი შეიტყობს დალეკების იმპერატორის გადარჩენის შესახებ, რომელსაც როუზ ტაილერი ანადგურებს ცუდი მგლის ფორმაში ყოფნისას მის ფლოტთან ერთად ეპიზოდში „გზების გაყოფა“. განადგურების შემდეგ როუზი დროის ომს დასრულებულად აცხადებს, რასაც ადასტურებს მეათე დოქტორი ჯეკ ჰარნესთან საუბრისას ეპიზოდში „უტოპია“ - როუზის მიერ მისი აღდგომა დროის ომის ბოლო აქტია.[18]
იმ ქმედებების შემდეგ, რასაც დროის მბრძანებლების იზოლირება მოყვა, დოქტორი თვლიდა, რომ თავისი რასის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. ამ მოვლენას დროში მოგზაურობაზეც ჰქონდა გავლენა. 2006 წლის ეპიზოდში „კიბერადამიანების აღზევება“, როცა მეათე დოქტორი, როუზ ტაილერი და მიკი სმიტი გამომწყვდეული არიან ალტერნატიულ რეალობაში, დოქტორი ხსნის, რომ დროის მბრძანებლების არსებობისას პარალელურ სამყაროებს შორის მოგზაურობა ნაკლებად რთული იყო, მაგრამ ახლა სამყაროებს შორის გზები დაკეტილია.[22] დროის მბრძანებლებს ასევე შეეძლოთ ისეთი პარადოქსების თავიდან აცილება ან გამოსწორება, როგორიც იყო როუზის მცდელობა, საკუთარი მამა საგზაო შემთხვევისას სიკვდილისგან ეხსნა. დროის მბრძანებლების გარეშე ასეთმა პარადოქსმა წარმოქმნა საშიში არსებები - რიპერები. მათი მიზანი იყო დროში არსებული „ჭრილობის სტერილიზაცია“, რა დროსაც ნთქავდნენ ყველაფერს, რასაც ხელთ მოიგდებდნენ და მხოლოდ მაშინ შეჩერდნენ, როცა პიტ ტაილერმა თავი მოიკლა.[23]
დროის ჩაკეტვის გამო, გარდა იმისა, რომ პარადოქსის წარმოქმნის საფრთხე არსებობს, დოქტორი ვერ ახერხებს წარსულში დაბრუნებას და დროის მბრძანებლების გადარჩენას. როდესაც სხვა პერსონაჟი საკუთარი ისტორიის შეცვლას ცდილობს, დოქტორი მას აფრთხილებს, რომ მსგავსი ჩარევა „სამყაროს ორ მესამედს გაანადგურებს“,[24] ასევე უარს ამბობს კრილიტეინი სკოლის დირექტორის ფინჩის წინადადებაზე, გამოიყენოს „სკასისის პარადიგმა“, რაც დოქტორს სამყაროს შეცვლისა და ომის შეჩერების საშუალებას მისცემდა.[25] დოქტორი მხოლოდ მეათე ინკარნაციისას იცვლის აზრს და თავისი რასის გადასარჩენად ამოქმედდება ეპიზოდში „დოქტორის დღე“.
მეხუთე სეზონის განმავლობაში მეთერთმეტე დოქტორი მუდმივად აწყდება ბზარებს „სამყაროს კანში“. ის აღმოაჩენს, რომ რაც ამ ბზარებში ვარდება, ისტორიიდან იშლება და წარმოქმნის მიზეზი სიჩუმის მიერ 2010 წლის 26 ივნისს ტარდისის აფეთქებაა. „დიდი აფეთქების“ მოვლენებისას დოქტორი ახერხებს, ბზარები დახუროს და მეორე დიდი აფეთქება გამოიწვიოს, რათა სამყარო აღადგინოს. ეპიზოდში „დოქტორის დრო“ დოქტორი პლანეტა ტრენზალორზე პოულობს ბოლო ბზარს, რომლის მეშვეობითაც დროის მბრძანებლები გზავნიან „სიმართლის ველს“, რაც ყველას სიმართლის თქმას აიძულებს ყველა საკითხზე, მათ შორის უმთავრეს კითხვაზე: „დოქტორი ვინ?“. ამის მიზეზი ის იყო, რომ ველთან მიახლოებისას დოქტორი თავის ნამდვილ სახელს იტყოდა და დროის მბრძანებლებს დაუმტკიცებდა, რომ ეს სამყარო ნამდვილად ისაა, რომელშიც ცხოვრობდნენ. ომის ყოფილი მონაწილეების ფლოტები იკრიბებიან ტრენზალორის ორბიტაზე, რათა დოქტორს ხელი შეუშალონ ან დროის მბრძანებლების დაბრუნების შემთხვევაში ბრძოლა განაგრძონ. პაპის მეინფრეიმის ეკლესია იცვლის სახელს და ირქმევს „სიჩუმეს“, რომლის ერთ-ერთი განშტოებაც (მადამ კოვარიანის მეთაურობით) პასუხისმგებელი აღმოჩნდება ტარდისის აფეთქებასა (რაც პარადოქსულად წარსულში ბზარებს ქმნის) და დოქტორის მკვლელობის მცდელობაში საილენსიოს ტბასთან (იუტა) 2011 წელს („შეუძლებელი კოსმონავტი“, „რივერ სონგის ქორწილი“).
საბოლოოდ დროის მბრძანებლები გადასახლებაში რჩებიან და დარჩენილ ბზარსაც ხურავენ, თუმცა მანამდე ყურად იღებენ კლარას თხოვნას დოქტორის გადარჩენაზე, რომელიც 400 წელი იცავდა ტრენზალორს და საკმაოდ მოხუცდა და დაიღალა, ჩუქნიან მას რეგენერაციების ახალ ციკლს, რაც დოქტორს საშუალებას აძლევს, პლანეტების გარშემო მყოფი დალეკების ფლოტები გაანადგუროს.
დოქტორის მცდელობის მიუხედავად, ომის დროს ყველა დალეკი არ განადგურებულა. მეცხრე დოქტორი დედამიწაზე არსებულ მუზეუმში 2012 წელს წააწყდება მარტოსულ, წყობიდან გამოსულ დალეკს, რომელიც სავარაუდოდ 50 წლის განმავლობაში იმყოფებოდა აქ. მას შემდეგ, რაც მას როუზ ტაილერი შეეხება და ამ გზით ადამიანურ ემოციებს შეიძენს, თავის მოკვლას გადაწყვეტს.[5] მოგვიანებით დოქტორი აღმოაჩენს, რომ იმპერატორი დალეკიც ცოცხალია და აპირებს დალეკების ახალი რასა შექმნას ორგანული მატერიით, რომელსაც დახოცილი ადამიანების დნმ-ის სრული მოდიფიკაციით მიიღებს. 2005 წლის სეზონში დალეკების იმპერატორისა და მისი ფლოტის განადგურებისას 200100 წელში, როცა ისინი დედამიწას ესხმიან თავს, როუზ ტაილერი აცხადებს, რომ „დროის ომი დასრულდა“.[26]
ელიტარული სკაროს კულტი ასევე გადარჩა განზომილებებს შორის არსებულ უსასრულო სიცარიელეში გადასვლით, თან წაიღეს გენეზისის კიდობანი - დროის მბრძანებლების სატუსაღო ხომალდი, რომელიც მილიონობით დალეკს იტევდა. დალეკების ახალი არმია კიდობნიდან დედამიწაზე 2006 წელს გადმოდის მას შემდეგ, რაც კიდობანს ეხება დროში მოგზაური მიკი სმიტი. მეათე დოქტორი ახერხებს მათ უკან, სიცარიელეში დაბრუნებას, თუმცა კულტის წევრები „სასწრაფო დროებით გასასვლელს“ იყენებენ და ხვდებიან 1930 წლის ნიუ-იორკში, სადაც ცდილობენ, ადამიანები დალეკების ახალი რასის შესაქმნელად გამოიყენონ. სკაროს კულტის სამი წევრი იღუპება, მეოთხე - დალეკ კაანი - სხვა სასწრაფო დროებითი გასასვლელის მეშვეობით აღწევს თავს,[27] დროის ომში ბრუნდება და საკუთარი ფსიქიკის ფასად იხსნის დალეკების შემქმნელს, დავროსს. დავროსი საკუთარი სხეულის უჯრედებს იყენებს დალეკების იმპერიის შესაქმნელად და კაანს თანაშემწედ იტოვებს მისი წინასწარმეტყველური ნიჭის გამო. დალეკები ცდილობენ ყველა რეალობის განადგურებას „რეალობის ბომბით“, რომელიც ენერგიას იღებს 27 მოპარული სამყაროდან, რათა მხოლოდ თვითონ გადარჩნენ. თუმცა კაანი ახდენს დავროსზე მანიპულირებას, რათა დაეხმაროს დოქტორსა და დონა ნოუბლს მას შემდეგ, რაც დალეკების მიერ დროისადმი მიყენებულ ზიანს იხილავს. დალეკებს ანადგურებს მეათე დოქტორის კლონი, ხოლო დავროსი და კაანი რჩებიან დალეკების ხომალდზე, რომელიც ასევე ნადგურდება.[14]
ერთი ხომალდი, რომელზეც სამი დალეკი იმყოფებოდა, შემთხვევით გაექცა ამ მოვლენას დროში გადაადგილებით, გზაში კი მიაგნეს „წინაპარი მოწყობილობის“ კვალს, რომელიც წმინდა დალეკურ დნმ-ს შეიცავდა. თუმცა რადგან დალეკები დავროსის დნმ-ისგან შეიქმნენ, „წინაპარმა“ ისინი ნამდვილ დალეკებად არ აღიქვა. მოწყობილობის ასამუშავებლად დალეკებმა მოახერხეს მეთერთმეტე დოქტორის მოტყუება და მეორე მსოფლიო ომის დროს მისი გააქტიურება. წინაპარმა მოწყობილობამ შექმნა დალეკების ახალი „პარადიგმა“, რომელმაც გაანადგურა დალეკების წინა თაობა, დროში გაიქცა და ახალი რასა შექმნა.[28] დროის მბრძანებლებისა და სხვა რასების გადარჩენის შესახებ გაგებისას „დოქტორის დროის“ მოვლენებისას დალეკებმა რამდენიმე საუკუნოვანი ალყა შემოარტყეს პლანეტა ტრენზალორს, რათა ან დროის ომი გაეგრძელებინათ, ან მოეკლათ დოქტორი, ვიდრე ის დროის მბრძანებლებს სამყაროში დააბრუნებდა. დასასრულს დალეკების ფლოტი ნადგურდება მეთერთმეტე დოქტორის მიერ რეგენერაციის პირველი ფაზისას.
დროის ომის შემდეგ დოქტორი დარწმუნებულია, რომ დროის მბრძანებლებიდან მხოლოდ ის გადარჩა და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არსებობას იგრძნობდა.[5] ბოს სახის ბოლო სიტყვები იყო „შენ მარტო არ ხარ“.[29] ამ იდუმალი განცხადების შინაარსი აშკარა ხდება მაშინ, როცა დოქტორი ხვდება პროფესორ იანას, რომელიც მასტერი აღმოჩნდება. ქამელეონის არის დახმარებით მასტერი ადამიანის ფორმაში იმალებოდა სამყაროს აღსასრულის წინა პერიოდში, სადაც დროის მბრძანებლებისა და დალეკების განადგურებამდე გამოიქცა. ადამიანად ქცევის გამო დოქტორი მის აღმოჩენას ვერ ახერხებდა, ასევე ისიც არ იცოდა, რომ მისი მოწინააღმდეგე მკვდრეთით აღადგინეს. პროფესორი იანა იბრუნებს მეხსიერებასა და დროის მბრძანებლის ბუნებას, დოქტორის ტარდისით 21-ე საუკუნის დასაწყისში ბრუნდება და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ხდება ჰაროლდ საქსონის სახელით. ის ტარდისს გარდაქმნის პარადოქსის მანქანად, რაც საშუალებას მისცემს, ტოკლაფანებად ქცეული მომავლის ადამიანების არმია დედამიწაზე შემოიყვანოს. ერთი წლის შემდეგ პარადოქსის მანქანა ნადგურდება, მასტერს კი თავისი ცოლი კლავს.[18] მას აღადგენენ ეპიზოდში „დროის დასასრული“, თუმცა პროცესი არასწორად ხორციელდება და გამომწყვდეული აღმოჩნდება მომაკვდავ სხეულში, რომელიც მთელ სასიცოცხლო ძალას მოიხმარს. მას ხელებიდან ელექტროობის გამოტყორცნა შეუძლია, თუმცა მუდმივად აწუხებს დაუძლეველი შიმშილი, რის გამოც ადამიანების ენერგიით კვებას იწყებს. ამის შემდეგ ახერხებს საკუთარი თავის კოპირებას მთელ კაცობრიობაზე უცხოპლანეტური ტექნოლოგიის დახმარებით,[30] ზრდის მის გონებაში არსებულ რიტმულ ჟღერადობას და საშუალებას აძლევს ომის ბოლო პერიოდში გამომწყვდეულ დროის მბრძანებლებს, ჩაკეტილ დროს გალიფრეისთან ერთად დააღწიონ თავი და დედამიწის ზემოთ მოახდინონ მატერიალიზება. მასტერი ცდილობს, კოპირება დროის მბრძანებლებზეც განახორციელოს, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება და კაცობრიობა ისევ ძველ ფორმას იბრუნებს. დოქტორი ანადგურებს დედამიწასა და გალიფრეის შორის არსებულ კავშირს, მასტერი კი დოქტორს გადაარჩენს, რათა შური იძიოს დროის მბრძანებლებზე, რომლებმაც მას რიტმული ბგერები ჩაუნერგეს თავში. მასტერი გალიფრეისთან ერთად უჩინარდება და მისი ბედი უცნობი რჩება.[15]
შეიცვალა იმ რასებისა და პლანეტების დროის ხაზი, რომლებიც გრძნობდნენ ისტორიის ცვლილებებს, რადგან მისი ნაწილი იყვნენ. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა დიად ანიმუსს, რომელიც დაიღუპა.[8] ნესტინის ცნობიერებამ და ზაიგონებმა მშობლიური პლანეტები დაკარგეს და რესურსების მოსაპოვებლად დედამიწის დაპყრობა სცადეს.[17][31] მუდმივები სავარაუდოდ ამ რეალობიდან გაიქცნენ სასოწარკვეთილების გამო.[8] გელთის რასა კარგავს თავის ფიზიკურ ფორმას და აირად არსებებად იქცევიან, შემდეგ კარდიფში არსებული დროის ბზარის მეშვეობით გადადიან 1869 წელში და ადამიანთა გვამების დაპატრონებას ცდილობენ. გელთის წევრები ომის გავლენას აღწერენ, როგორც „უხილავს დაბლა მდგომი სახეობებისთვის, მაგრამ გამანადგურებელს მაღალი ფორმებისთვის“,[32] როგორიც იყო მაგალითად ჩიმის ტყე (ცნობიერების მქონე ორფეხა ხეების რასა).[8] ასევე ცნობილია, რომ განადგურდა უცნობი რასა, რომლის წევრიც იყო ევა.
დროის ომი იძლევა დამაკმაყოფილებელ ახსნას კლასიკურ და განახლებულ სერიებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. მაგალითად, სცენარისტი პოლ კორნელი თავის ბლოგზე აღნიშნავს, რომ 5 მილიარდ წელიწადში გაფართოებადი მზის მიერ დედამიწის განადგურება, რაც მაყურებელმა იხილა ეპიზოდში „სამყაროს აღსასრული“, არ უპირისპირდება ეპიზოდ „კიდობანს“ (1966), სადაც ეს მოვლენა 10 მილიონი წლის შემდეგ ხდება. საქმე შეიძლება ომის შედეგად გამოწვეულ ისტორიულ ცვლილებებში იყოს.[33] სტივენ მოფატი, პროგრამის სცენარისტი და მოგვიანებით აღმასრულებელი პროდიუსერი, უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ „სატელევიზიო სერიალს, რომელიც იყენებს როგორც პარალელური სამყაროების, ისე დროის ცვლილების იდეებს, თანმიმდევრობის პრობლემა ვერ ექნება - შეუძლებელია დოქტორ ვინში შეცდომა მოხდეს, რადგან უბრალოდ ვიტყვით, რომ დოქტორმა შეცვალა დრო ან დროის ომისგან გამოწვეული ცვლილებების შედეგია."[34][35]
|airdate=
-ში (დახმარება)