სოფელი | |
---|---|
დულგერლი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ართვინის პროვინცია |
რაიონი | არჰავი |
კოორდინატები | 41°14′00″ ჩ. გ. 41°29′00″ ა. გ. / 41.23333° ჩ. გ. 41.48333° ა. გ. |
ადრეული სახელები | პოტოჯური |
მოსახლეობა | 106 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2] |
სასაათო სარტყელი | UTC+3 და თურქეთის დრო |
საფოსტო ინდექსი | 08290 |
დულგერლი (თურქ. Dülgerli) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რაიონის ცენტრ არჰავიდან 24 კილომეტრში[3]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 109 ადამიანი ცხოვრობს[4].
სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა პოტოჯური.[5]
დღევანდელი დულგერლისა და სოღუჯაკის სახელით ცნობილი დასახლებების საერთო ძველი სახელია პოტოჯური.[6] ლაზურად პოტოჯური (მეგრულად: პოტოჯური) დაწერილი ეს ტოპონიმი, 1835 წლის არჰავის მოსახლეობის რეესტრში, 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში მოხსენიებულია როგორც პოტოჯური (پوطوجور). 1876 და 1928 წლებში პოტოჯური წარმოადგენდა ორ ცალკეულ სოფელს: პოტოჯური-ი სუფლა (پوطوجور سفلا) და პოტოჯური-ი ულია (پوطوجور علیا). 1959 წელს პოტოჯური-ი სუფლას (ქვედა პოტოჯური) სახელი შეიცვალა დულგერლიდ, ხოლო პოტოჯური-ი ულია (ზედა პოტოჯური) გახდა სოღუჯაკი.[5][7][8]
რეგიონი, სადაც პოტოჯური მდებარეობს, ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა ეს რეგიონი დაიპყრეს 1461 წელს, მას შემდეგ რაც იქიდან ტრაპიზონის იმპერია განდევნეს. დღეს პოტოჯურის ადგილმდებარეობა, არჰავის ტერიტორია, ოსმალეთის პერიოდში ლაზისტანად წოდებულ რეგიონში შედიოდა. არჰავის რეგიონი, ადრეულ ოსმალურ ჩანაწერებში, მოხსენიებულია როგორც ტრაპიზონის სანჯაყის არჰავის კაზა. არჰავის კაზა, 1486 წლის აღწერის დროს, შედგებოდა არჰავი-ლაზის ნაჰიესგან, ხოლო მე-16 საუკუნეში - არჰავი-ლაზის, გონიოს, ვილაიეთ-ი ისკელესა და ვილაიეთ-ი ბაღობითის ნაჰიეებისგან..[9]
ლაზურად „წალენ პოტოჯური“ (მეგრულად: წალენ პოტოჯური) სახელით ცნობილი პოტოჯური-ი სუფლა (ქვედა პოტოჯური) და პოტოჯური-ი ულია (ზედა პოტოჯური), 1876 წლის ტრაპიზონის ვილაეთის წელიწდეულში ერთად არიან დაფიქსირებული. ამ წელიწდეულის მიხედვით პოტოჯური ეკუთვნოდა ტრაპიზონის ვილაეთის ლაზისტანის სანჯაყის ხოფის კაზას არჰავის ნაჰიეს. მისი მოსახლეობა შედგებოდა 177 ოჯახში მცხოვრები 464 ადამიანისგან. ერთ ოჯახზე საშუალოდ დაახლოებით 2,6 ადამიანის მოსვლა მიუთითებს, რომ მხოლოდ მამაკაცების რაოდენობა იყო დადგენილი. ამ შემთხვევაში საჭიროა მამაკაცების რაოდენობის ტოლი ქალების რაოდენობის დამატება. შედეგად ირკვევა, რომ სოფლის მოსახლეობა შედგებოდა დაახლოებით 928 ადამიანისგან. 1935 წელს სოფელში დადგენილი მოსახლეობა (ორივე სოფლის ჯამი 1,016 ადამიანი) ამ ვარაუდს ამყარებს. სოფელში, რომლის მოსახლეობაც სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, დადგენილი იყო შემდეგი პირუტყვის რაოდენობა: 326 თხა/ცხვარი, 508 ძროხა და 4 ხარი.[10][11][12]
დულგერლი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, „პოტოჯური-ი სუფლას“ სახელით ეკუთვნოდა რიზეს ვილაიეთის ხოფის კაზას არჰავის ნაჰიეს.[8] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში „პოტუჯურსუფლად“ დაფიქსირებული დასახლება იყო ჩორუჰის ვილაიეთის (რომელიც რიზესა და არტვინის ვილაიეთების ნაცვლად შეიქმნა) ხოფის კაზას არჰავის ნაჰიეს სოფლებიდან ერთ-ერთი. ამ აღწერის მიხედვით სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 560 ადამიანისგან.[12] ვინაიდან პოტოჯური „უცხოური წარმოშობისაა“, ქვედა პოტოჯურის (პოტოჯური-ი სუფლა) სახელი, 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა დულგერლი.[13] თუმცა, სოფლის ძველი სახელი ახალ სახელთან ერთად კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამოიყენებოდა ოფიციალურ ჩანაწერებში „დულგერლი (ქვედა-პოტოჯური)“ ფორმით.[14]
|