ევერსმანია (Eversmannia) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აერთიანებს ოთხ სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყლებში — რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის სინძიანის პროვინციაში, ავღანეთსა და ირანში.
საქართველოში იზრდება ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა — ნახევრადეკლებიანი ევერსმანია (E. subspinosa). იგი დაბალი, ეკლიანი ბუჩქია, აქვს განზე გადაშლილი ტოტები, კენტფრთართული ფოთლები და მრავალყვავილიანი მტევანი ქმნის ყვავილედს. გვხვდება მხოლოდ შირაქში და ისიც იშვიათად (საქონლის ინტენსიური ძოვების შედეგად ძალიან შემცირებულია). იზრდება თიხაქვიშიან, გაშიშვლებულ ფერდობებზე, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. საქონლის საკვები და დეკორატიული მცენარეა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.