ევპატრიდები

ევპატრიდები (ბერძ. εὐπατρίδαι — შვილნი კეთილშობილი მამისა) — გვაროვნული არისტოკრატია ძველ საბერძნეთში (ატიკა). შეიქმნა გვაროვნული წყობილების დაშლის პროცესში. გადმოცემით, ათენის ლეგენდარულმა მეფემ თესევსმა ატიკის თავისუფალი მოსახლეობა სამ წოდებად დაჰყო; მათგან ყველაზე პრივილეგირებულნი იყვნენ ევპატრიდები.[1] ცნობილია, რომ ათენში წარჩინებულთა 60-მდე საგვარეულო არსებობდა. ევპატრიდები იყვნენ როგორც მიკენის დროის საკუთრივ ანტიკური დიდგვაროვნების შთამომავლები (კერიკები, ეტეობუტადები, ევმოლპიდები, ბუზიგები), ისე წარმომადგენლები აქაველი წარჩინებულებისა, რომლებიც პელოპონესიდან დორიელებმა გამოდევნეს (მედონტიდები ან კოდრიდები, პისისტრატიდები, ფილაიდები, სალამინიები, სავარაუდოდ, ალკმეონიდები). არქაულ ეპოქაში ევპატრიდები ფლობდნენ სიმადიდრეს (უპირველეს ყოვლისა — დიდ მიწებს), წამყვანი მდგომარეობა ეკავათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის სფეროში, სამართალწარმოებასა და რელიგიურ ცხოვრებაში.[2] მათი ძირითადი ნაწილი (მსხვილი მიწათმფლობელები) ძალაუფლებას ინარჩუნებდა ძვ წ. VI საუკუნემდე. ათენის შემდგომმა სოციალურ-ეკონომიკურმა განვითარებამ ვაჭარ-ხელოსანთა ფენების საზოგადოებრივი მნიშენელობა გაზარდა, რამაც ევპატრიდების გავლენა დასცა და ამასთანავე ხელი შეუწყო მის დაშლას — ნაწილი თანდათანობით შეერწყა დემოსის ზედა ფენას. სოლონის რეფორმების შემდეგ (კერძოდ, ქონებრივი ცენზის შემოღება) ევპატრიდების ბატონობა შეირყა, კლისთენეს რეფორმებიც მათ წინააღმდეგ იყო მიმართული.[1] პისისტრატეს ტირანიამაც უარყოფითად იმოქმედა მათზე.[2] ძვ. წ. VI საუკუნეში არისტოკრატიული სპარტის დახმარებით ევპატრიდები ამაოდ ცდილობდნენ ძალაუფლება დაებრუნებინათ.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ევპატრიდები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 35.
  2. 2.0 2.1 Стрелков А. В. Евпатриды // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 514.