სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (შემოკლებით ასოცირების ხელშეკრულება ან AA) — ხელშეკრულება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც მათ შორის თანამშრომლობის სტრუქტურას ქმნის. ხელშეკრულების არეალი მოიცავს პოლიტიკის, ვაჭრობის, სოციალური საკითხების განვითარებას, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძველია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 217-ე თავი (რომის ხელშეკრულების ყოფილი 310-ე და 238-ე თავები). საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაში 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა.[1]
ასოცირების ხელშეკრულება ფართო ჩარჩო ხელშეკრულებებია ევროკავშირსა და მის წევრ ან არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ასოცირების ხელშეკრულების დებულება თავის დროზე შესული იყო რომის ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, როგორც თანამშრომლობის საშუალება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც 1955 წლის მესინის კონფერენციაზე ხელშეკრულების მოლაპარაკებები დატოვა. ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის თანახმად, შეთანხმებისთვის, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც AA, მოქმედებს რამდენიმე კრიტერიუმი:[2]
1. ხელშეკრულების სამართლებრივი ბაზისია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 217-ე თავი;
2. მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განზრახვა;
3. შესაბამისი ორგანოების შექმნა თანამშრომლობისათვის, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულო იქნება ორივე მხარისათვის;
4. ყველაზე ხელსაყრელი ხელშეკრულების (MFN) შეთავაზება;
5. პრივილეგირებული ურთიერთობის უზურნველყოფა ევროკომისიასა და მის პარტნიორს შორის;
6. 1995 წლიდან ხელშეკრულების უმთავრესი ელემენტია მუხლი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის შესახებ;
7. უმრავლეს შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულება პარტნიორებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციით ანაცვლებს კოოპერაციის ხელშეკრულებას.
ასოცირების ხელშეკრულებას მრავალგვარი სახელი აქვს (ასოცირებაზე დაფუძნებული ევრო-ხმელთაშუაზღვიური ხელშეკრულება, ასოცირებაზე დაფუძნებული ევროპული ხელშეკრულება და ა. შ.) და სათაურში აუცილებელი არაა სიტყვა „Association“-ის ჩაწერა. ასოცირების ზოგიერთ ხელშეკრულებაში დევს კონტრაქტორი სახელმწიფოს სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პირობა.
პირველი სახელმწიფოები, რომლებმაც მსგავს ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს, იყვნენ საბერძნეთი[3] (1961) და თურქეთი (1963).[4]
დღეისათვის, ევროკავშირი ამა თუ იმ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულებას ძირითადად დებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ან ადამიანის უფლებათა რეფორმების ვალდებულების სანაცვლოდ. სანაცვლოდ, ქვეყანას შესაძლოა შესთავაზონ ტარიფებისგან თავისუფალი წვდომა ზოგიერთ ევროპულ ბაზარზე და ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება. ბოლო დროს დადებული ხელშეკრულებები ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის.
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ.
ბოლო პერიოდში, მსგავს ხელშეკრულებები მიეკუთვნება ევროკავშირის ორი პოლიტიკას: სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს (SAp) და ევროპის სამეზობლო პოლიტიკას (ENP). დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები (ოფიციალური კანდიდატები — ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი, აპლიკანტი — ალბანეთი და პოტენციური კანდიდატები — ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო[a]) ჩართულია SAp-ში და ევროკავშირმა მათთან ხელი მოაწერა სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებას (SAA). ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოები (ალჟირი, მაროკო, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, სირია, ტუნისი) და ევროპის აღმოსავლეთი სამეზობლო (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) კი ჩართულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში. ხმელთაშუაზღვიურ შვიდ სახელმწიფოს გაფორმებული აქვს „ასოცირებაზე დაფუძნებული ევრო-ხმელთაშუაზღვიური ხელშეკრულება“ (EMAA).[5] ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოსთან. 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
ორივე, SAA და ENP AP ძირითადად დაფუძნებულია ევროკავშირის acquis communautaire-სა და კოოპერატორი სახელმწიფოების კანონმდებლობაზე. ასოცირებისას, ჰარმონიზაციის სიღრმე, რა თქმა უნდა, დაბალია ვიდრე ევროკავშირის სრული წევრობის შემთხვევაში და ევროგაერთიანების ზოგიერთი პოლიტიკა შესაძლოა არც კი მოქმედებდეს (დამოკიდებულია ცალკეულ სახელმწიფოზე).
გარდა ამ ორი პოლიტიკისა, ასოცირების ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ერთად ხელმოწერილია ასევე სხვა სახელმწიფოებთან და სავაჭრო ბლოკებთან, მათ შორის ჩილესთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.
|
|
a. | ^ ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა. გაეროს 193 წევრიდან აღიარებს 106 სახელმწიფო. |