ელენე ვირსალაძე

ელენე (ლოლოტა) ბაგრატის ასული ვირსალაძე (დ. 29 ივნისი, 1911, თბილისი, — გ. 11 მარტი, 1977, იქვე) — ქართველი ფოლკლორისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1971), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965).

დაიბადა ბაგრატ ვირსალაძისა და ელენე მუსხელიშვილის ოჯახში. მისი და იყო ხელოვნებათმცოდნე თინათინ ვირსალაძე, ძმა — თეატრის მხატვარი სოლიკო ვირსალაძე.

ელენე ვირსალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1930), შემდეგ — ლენინგრადის ლიტერატურის, ენისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1935). 1936 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1937-1942 წლებში რეპრესირებული იყო; იმყოფებოდა გადასახლებაში კარელიასა და შუა აზიაში. რეპრესიებს ემსხვერპლა ასევე ელენეს მამა ბაგრატი და სიძე (დის ქმარი) მეთოდე ხოშტარია (ორივე დახვრიტეს). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განაგრძო მუშაობა ლიტერატურის ინსტიტუტში, პარალელურად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1976 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე.

იკვლევდა ქართული ფოლკლორის აქტუალურ საკითხებს: მითოლოგიის პრობლემებს, ეპიკურ ტრადიციათა თავისებურებებს ზეპირსიტყვიერებაში, ხალხურ ლირიკას, ფოლკლორში თანამედროვე თემატიკის ასახვის ფორმებს, ლიტერატურით-ფოლკლორულ ურთიერთობებს და სხვ. აქტიურად მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. მის მიერ შეკრებილი მასალის დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია სხვადასხვა ნაშრომში, მ. შ. „რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები” (ტ. I, 1949; II–1958), „ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება” (1958), „ქართული სამონადირო ეპოსი” (1964), „ქართული ხალხური თქმულებები და ლეგენდები” (რუსულ ენაზე, 1973) და სხვ. მონაწილეობდა „ქართული ხალხური პოეტური შემოქმედების” (ტ. 1–3, 1960–73) და „ქართული ხალხური პოეზიის” თორმეტტომეულის (1972–84) შედგენაში, რისთვისაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1988, სხვებთან ერთად). მისი სამეცნიერო ნაშრომები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ელენე ვირსალაძის ქმარი იყო ფილოსოფოსი შალვა ხიდაშელი, ქალიშვილი — ისტორიკოსი მანანა ხიდაშელი.