ემა სპული | |
---|---|
ფსიქო - პერსონაჟი | |
პირველი გამოჩენა | ფსიქო II |
ბოლო გამოჩენა | ფსიქო III |
შემქმნელი | ტომ ჰოლანდი |
მსახიობი |
კლოდია ბრაიარი კურტ პოლი (დუბლიორი) |
ინფორმაცია | |
ნამდვილი სახელი | ემილი სპული |
სხვა სახელები | მისის სპული |
სქესი | მდედრობითი |
ოჯახი |
ნორმა ბეიტსი (გარდაცვლილი და) ნორმან ბეიტსი (დისშვილი) ჯონ ბეიტსი (გარდაცვლილი დის ქმარი) |
ემა სპული (ინგლ. Emma Spool; ასევე ცნობილია, როგორც მისის სპული) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც შექმნა რეჟისორმა ტომ ჰოლანდმა 1983 წლის ფილმისთვის „ფსიქო II“. სპული წარმოადგენს ფილმის მთავარ ანტაგონისტს, რომლის როლიც შესრულებულია კლოდია ბრაიარის მიერ. მის პერსონაჟს დიდი ყურადღება ეპყრობა ფილმში „ფსიქო II“ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ცხედრის სახით ჩნდება.
ემა სპული, (გამოგონილ) ქალაქ ფეირველში (კალიფორნია) მდებარე სასადილოს მზარეული, ცდილობს მფლობელის, რალფ სტეტლერის დარწმუნებას იმაში, რომ სამსახურში აიყვანოს ნორმან ბეიტსი (ენტონი პერკინსი), რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ახლახან გამოვიდა. სტეტლერი წინადადებას იღებს და ნორმანი მისის სპულს გაიცნობს. ამ დროს ხდება იდუმალებით მოცული სასტიკი მკვლელობების მთელი სერიები, რომლებიც ჩადენის ხასიათით ძალიან ჰგავს ნორმანის მიერ წლების წინ ჩადენილ მკვლელობებს.
ფილმის ბოლოს, მისის სპული ნორმანს ესტუმრება და გაუმხელს, რომ ის მისი ნამდვილი დედაა. ის ამბობს, რომ ნორმანი ჯერ კიდევ მაშინ შეეძინა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო და კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მას შვილი წაართვეს და თავის დას, ნორმა ბეიტსს გადასცეს, რომელმაც ნორმანი საკუთარი შვილივით გაზარდა. ამის მოყოლის დროს მისის სპულმა არ იცის, რომ ჩაი, რომელსაც სვამს მოწამლულია. როცა საწამლავი ამოქმედდება და მისის სპული ხველებას იწყებს, ნორმანი მას თავში ნიჩაბს ჩაარტყამს და კლავს.
ნორმანი თავის ახალ „დედას“ მეორე სართულზე აიყვანს და მისი ხმით ლაპარაკს იწყებს, რითაც მკვლელ „დედას“ აცოცხლებს.
ერთი თვის შემდეგ, მისის სპულის მკვლელობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და ის გამოცხადებულია დაკარგულად. ამ დროისთვის ნორმანმა განაახლა მკვლელობები და მისის სპულის მუმიფიცირებულ ცხედართან კომუნიკაციას იგივე გზით განაგრძობს. ჟურნალისტი სახელად ტრეისი ვენეიბლი (რობერტა მაქსველი) ფეირველში მკვლელობების გამოსაძიებლად ჩამოდის და ეჭვს მალევე ნორმანზე იღებს.
ხელმოცარული მუსიკოსი სახელად დუან დუკი (ჯეფ ფეიი) მისის სპულის შესახებ სიმართლეს გაიგებს და ნორმანის დაშანტაჟებას ცდილობს, რის გამოც ნორმანი მას კლავს. ტრეისი საბოლოოდ ახდის ფარდას მისის სპულის გაუჩინარებასა და მის ნამდვილ ვინაობას: სპული რეალურად ნორმანის დეიდა იყო, რომელმაც ნორმანის მამა, ჯონი ეჭვიანობის ფონზე მოკლა, რადგან მან იგი ნორმას გამო მიატოვა. სპულმა მათი შვილი, ნორმანი მოიტაცა და საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ ის მისი შვილი იყო. სპული საბოლოოდ დააკავეს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს, ხოლო ნორმანი მისის ბეიტსს დაუბრუნეს.
ტრეისი ნორმანს ეკამათება, რომელიც „დედას“ პიროვნებად გარდაისახა, და სიმართლეს უყვება სპულისა და დედამისის შესახებ. სიმართლის გაგება ნორმანს „დედას“ დაძლევაში ეხმარება და სპულის ცხედარს ანადგურებს.
1990 წლის პრიკველში „ფსიქო IV: დასაწყისი“, ემა სპულის პერსონაჟი ამოვარდნილია. ამ ფილმში ნორმანის მამა ფუტკრებმა მოკლეს, ხოლო ნორმას და არ ჰყავს.
მისის სპულის როლი ასევე შეასრულა კურტ პოლმა, რომელიც „ფსიქო II“-ის მკვლელობების სცენებში კლოდია ბრაიარის დუბლიორი იყო. მან განასახიერა ნორმან ბეიტსი 1987 წლის სატელევიზიო ფილმში „ბეიტსის მოტელი“ და ნორმან ბეიტსის მსგავსი პერსონაჟი - კორონერი 1986-1988 წლების სიტკომში „Sledge Hammer!“.
|