ერუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე მტკვრის ზემო წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში).
მოიცავდა ტერიტორიას ერუშეთის ქედსა და მტკვარს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა.
ვახუშტი ბატონიშვილს ერუშეთი აღწერილი აქვს როგორც რეგიონი მდებარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ხოლო მის მოსაზღვრე რაიონებად მოჰყავს: სამცხე, შავშეთი და არტაანი. საგულისხმოა ის რომ ვარძია და მიმდებარე ძეგლები ვახუშტის აღწერილი აქვს სამცხეში, თუმცა როდესაც სამცხის საზღვრებზე საუბრობს, იქ ერუშეთსა და სამცხეს შორის საზღვრად ერუშეთის მთები მოჰყავს. ანალოგიურად ვარძია ვახუშტის რუკებზე გაფერადებულია იმავე ფრად როგორიც სამცხეა, თუმცა ვარძია ცნობილია როგორც ჯავახეთის ძეგლი.
XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობაც იმეორებს ვახუშტისეულ ერუშეთის განმარტებას. აღნიშნული საბუთის საფუძველზე ერუშნელის საეპისკოპოსო იწყებოდა ტოლოშიდან, ადგილი სადაც სრულდება სამცხე.
„Ⴡ. ერუშნელის სამწყსო ტალაშოს ზეითი, სულა არტანა კოლის სამზღურამდინ.“
| |
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)
|
ძველი ქართული ტრადიის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.). შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XX საუკუნის დასაწყისში ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა ე. თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.
სამცხე | ||||
შავშეთი | ჯავახეთი | |||
ერუშეთი | ||||
არტაანი |