ესპანელი პრინცესა | |
---|---|
ჟანრი |
ისტორიული დრამა |
ავტორი |
ემა ფროსტი მეთიუ გრაჰამი |
ეფუძნება | ფილიპა გრეგორის ნოველებს: „მეფის წყევლა“ და „სამუდამოდ პრინცესა“ |
რეჟისორი |
ანდრეა დიუსბერი პეტ ტუკი-დიკსონი |
მონაწილეობენ |
საი ბენეტი ალისია ბორაჩერო ენდრიუ ბუჩანი ლაურა კარმიქაელი დანიელ სერკიერა აარონ კობჰემი ელიოტ კოუენი ფილიპ კამბუსი ანტონიო დე ლა ტორე პიტერ ეგანი ალბა გალოჩა ქლოი ჰარისი ჯორჯი ჰენლი შარლოტ ჰოუპი ანგუს იმრიე სტეფანია ლევი-ჯონი გორდონ კენედი ალან მაკკენა ალექსანდრა მოენი რუაირ ოკონორი ნადია პარკსი რიჩარდ პეპერი ჯორდან რენსო ოლი რიქსი რეი სტივენსონი ჰარიეტ უოლტერი |
კომპოზიტორ(ებ)ი |
სამუელ საიმი კრის ეგანი |
ქვეყანა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 2 |
სერია | 16 |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 54-60 წუთი |
ეთერში | 5 მაისი, 2019 — 29 ნოემბერი, 2020 |
ქრონოლოგია | |
წინა |
თეთრი დედოფალი თეთრი პრინცესა |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ესპანელი პრინცესა (ინგლ. The Spanish Princess) — ფილიპა გრეგორის ნოველებზე დაფუძნებული ისტორიული ჟანრის ამერიკულ-ბრიტანული მინისერიალი, რომელიც წარმოადგენს ორი სერიალის: „თეთრი დედოფლის“ (2013) და „თეთრი პრინცესის“ (2017) გაგრძელებას. მასში მოთხრობილია კატალინა არაგონელის ისტორია, თუ როგორ ჩადის იგი ინგლისში და რა გზას გადის, სანამ მეფე ჰენრი VIII-ზე დაქორწინდება.
სერიალი სულ ორი სეზონისაგან შედგება, თითოეულ მათგანში კი რვა ერთსაათიანი სერიაა. პირველი სეზონის გადაღებები 2019 წლის 11 მარტს დასრულდა, მისი პირველი სერია ეკრანებზე 2019 წლის 5 მაისს გამოჩნდა[1] და იგი იმავე წლის 3 ივნისს დასრულდა. მეორე სეზონის გაშვება 2020 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო[2] და დასრულდა იმავე წლის 29 ნოემბერს.
სერიალი „ესპანელი პრინცესა“ წარმოადგენს ასევე ფილიპა გრეგორის ნოველებზე გადაღებული ორი სერიალის: „თეთრი დედოფლის“ და „თეთრი პრინცესის“ გაგრძელებას. სერიალების ეს ტრილოგია ერთობლიობაში მოგვითხრობს XV საუკუნის მეორე ნახევრისა და XVI საუკუნის დასაწყისის ინგლისში მიმდინარე მოვლენებზე. მისი გადაღებები ძირითადად სომერსეტში მიმდინარეობდა[3]. საკუთრივ სერიალში „ესპანელი პრინცესა“ მოთხრობილია კატალინა არაგონელის ისტორია, თუ როგორ ჩადის ინგლისში და რა გზას გადის დედოფლად გახდომამდე. ახალგაზრდა კატალინა ესპანეთიდან ინგლისში ჩადის თავის სეფექალებთან ერთად, 1501 წელს და ქორწინდება უელსის პრინც არტურზე, მეფე ჰენრი VII-ისა და დედოფალ ელისაბედის უფროს ვაჟზე. ქორწინებიდან სულ მალე არტური გარდაიცვალა, რითაც იწყება კატალინას პრობლემები. ვინაიდან მათი ქორწინება კონსუმირებული იყო, მას აღარ შეეძლო ინგლისის მეორე მემკვიდრეზე, ანუ თავის მაზლ ჰენრიზე დაქორწინება და უნდა დაბრუნებულიყო ესპანეთში, სადაც მას მონასტერში გამოკეტვა ელოდა. ამის გამო, კატალინა გადაწყვეტს უარი თქვას სამშობლოში დაბრუნებაზე და ჰენრიზე დაქორწინდეს, რისთვისაც იგი ამტკიცებს, რომ არტურთან სარეცელი არ გაუყვია.
ამ პერიოდში მისი დედამთილი, დედოფალი ელისაბედი მშობიარობას გადაჰყვა, სიკვდილის წინ კი ქმარს დაუბარა, რომ კატალინაზე დაქორწინებულიყო. ჰენრიც გადაწყვეტს ცოლის თხოვნა შეასრულოს და გადაწყვეტს კატალინაზე ქორწინებას, თუმცა იგი ახერხებს მეფის დარწმუნებას, რომ მასზე კი არა, მის ვაჟზე, პრინც ჰენრიზე დააქორწინოს. მათ კავშირს მრავალი წინააღმდეგობა ხვდება, განსაკუთრებით მეფის დედის, მარგარეტ ბეფორტის მხრიდან, რომელსაც ახალგაზრდა კატალინა მისი „ესპანური ჩვევების“ გამო დიდად არ მოსწონდა. ამასთან, პრობლემები შეიქმნა ესპანეთიდან მისი მზითვის გამოგზავნასთან დაკავშირებითაც, რამეთუ კატალინას და, დედოფალი ხუანა I, რომელიც მასთან არც ისე კარგ ურთიერთობაში იყო, უარს ამბობდა დისთვის მზითვის გაგზავნაზე, მზითვის გარეშე კი კატალინა ვერ გათხოვდებოდა. როგორც გაირკვა, ხუანას სძულდა კატალინა, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა მის ესპანეთში დაბრუნებასა და მონასტერში გაშვებას. ამავე მიზნით ხუანა მოელაპარაკა მარგარეტ ბეფორტს, რომ კატალინას სანაცვლოდ მას თავის ქალიშვილ ელეონორას გაუგზავნიდა ჰენრიზე დასაქორწინებლად და მას მზითვსაც გააყოლებდა.
ამასობაში მეფე ჰენრი VII გარდაიცვალა და ტახტს ჰენრი VIII იკავებს, რამაც სიტუაცია საპირისპიროდ შემოატრიალა. თუმცაღა, ლედი მარგარეტი კატალინას სეფექალ ლინას მისი ქმრის, ოვიედოს ჩამოხრჩობით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ის არ აღიარებდა, რომ კატალინა უბიწო არ იყო. ლინამ არ აღიარა და ოვიედო ჩამოახრჩეს. იმავდროულად, ჰენრიმ უარი თქვა ელეონორაზე და პაპს წერილი გაუგზავნა, რათა კატალინაზე ქორწინების ნებართვა მიეღო. ამასობაში ლედი მარგარეტიც კვდება. კატალინა კი მისი და ჰენრის ქორწინების დღეს მამის, მეფე ფერდინანდ არაგონელისაგან იღებს წერილს, საიდანაც იგებს, რომ ჰენრის მის დასთან, ხუანასთან ეძინა. ბოლო სერიაში ჰენრი ამას აღიარებს, სანაცვლოდ კი კატალინაც აღიარებს, რომ არტურთან მისი ქორწინება კონსუმირებული იყო.
თავდაპირველად სერიალის მეორე სეზონის გამოშვება არ იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორებმა პირველი სეზონის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს მეორეს გადაღებაც. აღსანიშნავია, რომ სეზონის გადაღებები 2020 წლის 11 მარტს დასრულდა[4], COVID-19-ის პანდემიის გამო კარანტინის გამოცხადებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე. მეორე სეზონის მოვლენები 1511 წლიდან იწყება, რა დროსაც კატალინას მამა ინგლისში ჩადის საფრანგეთის წინააღმდეგ ალიანსის შესაქმნელად. მეფე ჰენრი და დედოფალი კატალინა მას გენერალ ჰოვარდს ატანენ ინგლისური ჯარებითურთ, რომლის გამოყენებითაც ფერდინანდი ნავარას იპყრობს. ამ ამბიდან მალევე ჰენრისა და კატალინას ექვსი თვის ვაჟი იღუპება, რის შემდეგაც იგი მამისაგან წერილს იღებს რომ იგი პირველი იყო და მას შეუძლია ინგლისისთვის სხვა ვაჟების გაჩენაც.
ამის შემდეგ ჰენრი საფრანგეთში საბრძოლველად მიდის, ორსული კატალინა კი ინგლისში რჩება და უწევს თავისი მულის, მარგარეტის ქმრის, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ის შემოჭრის მოგერიება. კატალინას ხელმძღვანელობით ინგლისელები შოტლანდიელებს ამარცხებენ და აძევებენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ დედოფალი კატალინა იგებს, რომ მას ჰენრი ბესი ბლონტთან ღალატობს. საბოლოოდ კატალინა ჰენრის პრინცესა მერის უჩენს, ბესი კი ჯანმრთელ ვაჟს, ჰენრი ფიცროის, რამაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია. ამის პარალელურად ინგლისელები ფრანგებთან მარცხდებიან, ლონდონში კი შავი ჭირი ვრცელდება, ამ ყველაფერს კი მოსდევს ამბოხებათა სერიები. ამასთან, იგი იძულებული ხდება თავისი და, პრინცესა მერი ცოლად საფრანგეთის მოხუც მეფეს, ლუი XII-ს მიათხოვოს.
ამ მოვლენების შემდეგ ჰენრის პარანოია ეწყება და იწყებს უახლოესი პირების სიკვდილით დასჯას, კატალინა კი ცდილობს, რომ იგი შეაჩეროს. პარანოიასთან ერთად ჰენრის ჭკუიდან შერყევის ნიშნებიც უვითარდება, რასაც მოჰყვება მეფე-დედოფალს შორის გაუცხოების დაწყება. სწორედ აქ კი ჰენრი იცნობს ახალგაზრდა მერი ბოლეინსა და მის დას, ანას.